Müxtəlif

როგორ გახდა მიშელ ობამას კაბა კონსპირაციების წყარო?

4 May, 2021

20 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Ani Mjavia საჯარო ჯგუფებში ექსკლუზივი, Intellect Club, პოზიტივი და ანეგდოტების რვეული გააზიარა ქლიქბაით გვერდ Gifsat.com-ის ბმული, აღწერით:  “ბარაკ ობამას ცოლი კაცია! - შოკისმომგვრელი ვიდეო, მოსაზრება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა”. Gifsat-ზე იდენტური სათაურის ქვეშ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ახლავს ვიდეო, რომელიც 2015 წელს მიშელ ობამას “ელენის შოუში” სტუმრობის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. Gifsat.com-ის სათაურში  “შოკისმომგვრელად” შეფასებული ვიდეო, რეალურად ეხება ცეკვას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ელენ დეჯენერისთან ერთად შეასრულა.
;
მიშელ ობამას გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული სპეკულაციები “რამდენიმე დღის წინ” არ გავრცელებულა. ქართულ ინტერნეტ სივრცეში იდენტური ინფორმაცია თითქმის იდენტური აღწერით პირველად 2020 წელს გამოჩნდა. ერთი წლის წინ, saintereso.com.ge-ზე და 1sport.ge-ზე განთავსებული სტატიების ბმულებს  ყალბი ანგარიში Nino Asmatishvili და ფეისბუქ გვერდი საინტერესო ინფორმაცია  სხვადასხვა საჯარო ჯგუფებში ავრცელებდნენ. ანგარიშის, Nino Asmatashvili ფეისბუქ მისამართში სხვა გვარი, ბაგატაშვილი ფიქსირდება, პროფილის ფოტო კი Stock photos-ში იძებნება და სტომატოლოგიური კლინიკების და პროდუქტების რეკლამებშია გამოყენებული.

;

;;
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბარაკ ობამას ცოლი კაცია, მტკიცებულებებს მოკლებულია. მიშელ ობამას გენდერთან დაკავშირებული სპეკულაციები კონსპირაციად შეაფასა ფაქტების გადამოწმების არაერთმა პლატფორმამ, მათ შორის PolitiFact-მაც. მათი დასკვნით, მტკიცება, რომ მიშელ ობამა ტრანსგენდერი ქალია, დეზინფორმაციაა.

ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ქართულ ფეისბუკ ჯგუფებში ვრცელდება 2008 წლის 25 აგვისტოს დემოკრატიული პარტიის ყრილობაზეა გადაღებული. ყრილობაზე მიშელ ობამას სიტყვით გამოსვლის ამსახველ ვიდეოში, ისევე, როგორც სხვა ფოტოებში ვერ ვხვდებით ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ მიშელ ობამა კაცია.

ამ ფოტოსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2010 წელს გავრცელდა. ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმა leadstories.com-მაც გადაამოწმა და დაასკვნა, რომ ის მცდარია, რადგან ამ დღეს ამავე კაბაში გადაღებულ არცერთ ვიდეოში და ფოტოში მსგავსი რამ არ ჩანს.

რაც შეეხება ქართულ პოსტებში გავრცელებულ მეორე ფოტოს, ის ბარაკ ობამას 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას არის გადაღებული. ამავე კაბაში მიშელ ობამას სხვა ფოტოებში ჩანს, რომ ამ შემთხვევაში საქმე კაბის ნაოჭთან გვაქვს.

;;
 ფოტო: Pinterest                          ფოტო: The New York Times

;

საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია და ვინ ავრცელებს მას? 

სპეკულაციური მტკიცებები, იმის თაობაზე, რომ მიშელ ობამა ტრანსგენდერი ქალია, მედიაში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა. კონსპირაცია, ერთ-ერთმა პირველმა, ამერიკელმა ულტრა-მემარჯვენე რადიო წამყვანმა და სხვა უამრავი კონსპირაციული თეორიის ავტორმა, ალექს ჯონსმა საკუთარ გადაცემაში გააჟღერა. ბარაკ ობამას სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრისას, ჯონსმა ივარაუდა, რომ “შესაძლოა, მიშელ ობამა კაცია.” რამდენიმე წამში კი თავადვე განმარტა, რომ იხუმრა. თუმცა, ამ ეთერიდან ხუთი თვის შემდეგ, ალექს ჯონსი იმავე გადაცემაში, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ამტკიცებდა, რომ მიშელ ობამა კაცია, მისი სახელი არა მიშელი, არამედ მაიკლია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ტრანსგენდერი პირველი ლედი ჰყავს. ამ მსჯელობაში ჯონსის მთავარი არგუმენტი მიშელ ობამას სხეულის პროპორციები, კერძოდ კი მისი მხრების და მკლავების არასაკმარისად ფემინური აგებულება იყო. 

დეზინფორმაციული მტკიცება ინტერნეტ სივრცეში ხელახლა 2016 წელს გააქტიურდა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა და “გარდიანის” ყალბი ამბების მიმოხილვაშიც მოხვდა.

მიშელ ობამას გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორია 2020 წელს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. დღემდე, ამ მტკიცებების მთავარი არგუმენტი კვლავ მიშელ ობამას ფიზიკური აღნაგობის დეტალებია. სწორედ ამიტომ, უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ენაზე შექმნილ და გამოქვეყნებულ სტატიებს და ვიდეოებს, მეტი დამაჯერებლობისთვის, ფოტოები ახლავს თან. ერთ-ერთი ასეთი ფოტო, რომელსაც მსგავსი შინაარსის სტატიები “მტკიცებულებად” ხშირად იყენებენ, ციფრულადაა დამუშავებული. ფოტო როიტერსის ფაქტების გადამოწმების ჯგუფმა შეისწავლა და დაადგინა, რომ დამუშავებული ვერსია მიზნად ისახავდა მიშელ ობამას გარეგნობა მასკულინურად წარმოეჩინათ. 

;;


მოამზადა სალომე გიუნაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.