Səhhət/biotəhlükəsizlik

სავალდებულოა თუ არა სასულიერო პირებისთვის ვაქცინაციის ცნობის წარდგენა?

13 Aprel, 2021

2021 წლის 7 აპრილს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „საბერძნეთში მღვდლებს ვაქცინის ცნობის გარეშე არ შეუშვებენ ეკლესიაში“. სტატიის თანახმად, საბერძნეთში მიტროპოლიის საკათედრო ტაძრებს მხოლოდ სამი მთავარი დღესასწაულისთვის გახსნიან და მღვდლებსა და მომღერალთა გუნდის წევრებს ეკლესიაში შესასვლელად კორონავირუსზე ვაქცინაციის ან უარყოფითი ექსპრესტესტების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა მოეთხოვებათ. სტატიაში წყარო მითითებული არ არის, ასევე არაა დაკონკრეტებული აღნიშნული რეგულაციების გამოქვეყნების და/ან ძალაში შესვლის თარიღი.

;

სტატიის სათაური, თითქოს საბერძნეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის გარეშე საეკლესიო პირებს ეკლესიაში შესვლა და ღვთისმსახურება ეკრძალებათ, მცდარია. რეალურად მღვდლებისა და მგალობელთა გუნდის წევრებისთვის კოვიდ19-ზე ტესტირება სავალდებულო იყო, თუმცა ეკლესიაში შესასვლელად ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი არ ყოფილა.

“საქართველო და მსოფლიო” სტატიის სათაურში ამტკიცებს, რომ საბერძნეთში მღვდლებს  ვაქცინაციის ცნობის გარეშე ეკლესიაში შესვლის უფლება არ ექნებათ, უშუალოდ სტატიაში კი წერია, რომ ეკლესიაში შესვლა მღვდლებსა და მომღერალთა გუნდების წევრებს შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი. ტესტირების შესახებ ინფორმაცია სიმართლეა, თუმცა სტატიის სათაურს სტატიის სრულად გაცნობის გარეშე მკითხველი შეცდომაში შეყავს.

საბერძნეთში საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება მრევლისთვის უკვე რამდენიმე თვეა შეზღუდულია. საბერძნეთის მთავრობის მიერ 2020 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული ლოქდაუნი, საეკლესიო რიტუალების ჩატარების წესსაც შეეხო. ამ ეტაპისთვის, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში რომლებიც გაზრდილი რისკის ზონას მიეკუთვნება, საეკლესიო მსახურებაზე დასწრება შესაბამისი დისტანციის დაცვით მხოლოდ 9 ადამიანს შეუძლია, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, რომელიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონად ითვლება, საეკლესიო რიტუალები მრევლის გარეშე იმართება.  

19 მარტს საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ჰარდალიასმა გაახმოვანა, 21, 25 და 26 მარტს მორწმუნეებს საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრების საშუალება მიეცათ. 

გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დისტანციის და პირბადის ტარების წესის დაცვით, ერთ ტაძარში შეკრებილ მლოცველთა მაქსიმალური რაოდენობა 20 ადამიანით განისაზღვრა. საეკლესიო პირებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაციის ცნობის წარმოდგენის აუცილებლობა არ გაჟღერებულა არც საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებებში და არც ბერძნულ მედიაში. რაც შეეხება ტესტირებას, ის მღვდლებისა და მგალობელთა გუნდის წევრებისთვის სავალდებულოა და 21, 25 და 26 მარტს წმინდა მიტროპოლიის შესაბამისი ეპარქიების პასუხისმგებლობის ქვეშ ჩატარდა

სასულიერო პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არაფერს ამბობს არც 10 აპრილს საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიღებულ საგანგებო ზომებს ეხება.


მოამზადა სალომე გიუნაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.