İdentlik

ჰომოსექსუალთა და ტრანსგენდერთა ქორწინებისა და შვილის ყოლის შესახებ ლომჯარიას სახელით მანიპულაციური განცხადება ვრცელდება

15 Mart, 2021

2021 წლის 8 მარტს ვებ-საიტმა Sportvideos.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით:  „ლომჯარია: ქართველ გეებს და ტრანსგენდერბს უნდა ქონდეთ ქორწინების და ბავშვის ყოლის უფლება რადგან..“.  სტატიაში საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშზე, რომელშიც, პუბლიკაციის მიხედვით, გაკრიტიკებულია კონსტიტუციაში არსებული ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრება და აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობა) უნდა აღიაროს. ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ სამოქალაქო პარტნიორობა წყვილის ურთიერთობის იურიდიულ გაფორმებას ნიშნავს და მას შემდეგ, რაც ჰომოსექსუალთა ოჯახების არსებობას საზოგადოება შეეგუება, მათ შვილის აყვანის უფლებასაც მისცემენ. სტატიის ბოლოს მოცემულია ნინო ლომჯარიას 2019 წლის განცხადება ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელზეც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ შემოქმედების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი. ლომჯარიამ გააკრიტიკა ის ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენების ჩაშლით და შენობების ბლოკირებით იმუქრებოდნენ.

როგორც ანალიტიკური ხელსაწყო Crodwtange გვიჩვენებს, სტატია მსგავსი სათაურით, იდენტური ფოტოთი და ტექსტით 6 მარტს ასევე გამოქვეყნებული ჰქონდა netsport.ge-ს. 

;;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო ლომჯარიას განცხადებით საქართველოში გეებსა და ტრანსგენდერებს ქორწინების და ბავშვის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეთ, მანიპულაციურია. სახალხო დამცველის პრესსამსახური აღნიშნულ ცნობებს უარყოფს, ხოლო სახალხო დამცველის ანგარიშში ლგბტ თემის შესახებ ყურადღება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზეა გამახვილებული, ბავშვის ყოლის უფლების შესახებ ანგარიშში არაფერია ნათქვამი, ხოლო სამოქალაქო ქორწინების ცნება სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნახსენები, რაც კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მოჰყვა. სახალხო დამცველის განმარტებით, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ასევე აძლიერებს ჰომოფობიურ გაწყობებს.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით  სახალხო დამცველის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელმა ანა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ  მსგავსი განცხადება ნინო ლომჯარიას მხრიდან არ გაჟღერებულა.

რა წერია სახალხო დამცველის ანგარიშში?

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშები ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება, რომელშიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და თანასწორობის საკითხებს ცალკე თავი ეთმობა. ნინო ლომჯარიას უკანასკნელ ანგარიშში ყურადღება რამდენიმე ასპექტზეა გამახვილებული:

  1. ლგბტ+ თემის თანასწორუფლებიანობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებება;
  2. 2019 წელს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქცია „ღირსების მარშის“ სახით;
  3. ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული უკანონო მოძრაობის შექმნა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ;
  4. კინო-თეატრ „ამირანში“, ლგბტ+ თემატიკაზე გადაღებული ფილმის,  „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩვენების დროს განვითარებული მოვლენები;

კონსტიტუციაში ჩანაწერს ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ სახალხო დამცველი 2017 წლის ანგარიშში გამოეხმაურა და მსგავსი ჩანაწერი უარყოფითად შეაფასა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას შეუწყობს ხელს. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის პარალელურად მნიშვნელოვანია მაგალითად სამოქალაქო პარტნიორობის შემოღება, რათა კონსტიტუცია წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.

ანგარიშში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლების მიერ შვილის ყოლის უფლება ნახსენები არ არის, ამასთანავე სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ სახალხო დამცველის კომენტარი მანიპულაციურად არის წარმოდგენილი, რადგან განცხადება კონსტიტუციაში ჩანაწერის ცვლილებას მოჰყვა და აღინიშნა, რომ ქორწინების ცნების მსგავსი ფორმულირება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სამართალს არ შეესაბამება. 2016 წელს საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, გამართულიყო რეფერენდუმი შეკითხვით  “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ პრეზიდენტმა რეფერენდუმის გამართვაზე უარი თქვა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი პარლამენტში მაინც შეიტანა.

საყურადღებოა ისიც, რომ ორივე ვებ-საიტის სტატიას თან ერთვის იდენტური ორი ფოტო, სადაც ერთზე სახალხო დამცველია გამოსახული, ხოლო მეორეზე ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ორი მამაკაცი.  აღნიშნული ფოტო ქართველმა ლგბტ აქტივისტმა 2017 წელს გამოქვეყნა, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის უცხოელ პარტნიორზე იქორწინა

;

ნინო ლომჯარიას სახელით ყალბი განცხადებები ადრეც ვრცელებოდა. 2020 წლის ივნისში პოემა ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას ყალბი ციტატა გამოქვეყნდა, ხოლო 2021 წლის 12 მარტს ნინო ლომჯარიას ფოტოსთან ერთად გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოსსნა მოითხოვეს. ვრცლად იხილეთ:


მოამზადა ნათია თვალიაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.