Səhhət/biotəhlükəsizlik

დიმიტრი ლორთქიფანიძე ვაქცინებთან დაკავშირებით კულუმბეგოვის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს

17 February, 2021

13 თებერვალს ალტ-ინფოს ეთერში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ადამიანებს ვაქცინაციისთვის საცდელ ობიექტებად იყენებენ და რომ ვაქცინები საფრთხის შემცველია, რადგან მათი შექმნა დაჩქარებული წესით მოხდა. ლორთქიფანიძეს არგუმენტად მოჰყავს იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადება, რომელმაც, ლორთქიფანიძის მტკიცებით, განაცხადა, რომ კომპანია ფაიზერის ვაქცინის საგამოცდო ვადა 2 წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად ის 2 თვეში შეიქმნა. ლორთქიფანიძეს ეთანხმება გადაცემის წამყვანი თათია გაბრიჭიძეც, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი პოზიცია სხვა ადამიანებისგანაც მოისმინა, რომლებიც გაბრიჭიძის განცხადებით, ამბობენ, რომ უცნობია, თუ რა შედეგს გამოიღებს ვაქცინა გრძელვადიან პერსპექტივაში.

დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცება, თითქოს ბიძინა კულუმბეგოვის თქმით ფაიზერის ვაქცინა 2 წლის ნაცვლად 2 თვეში შეიქმნა და ამიტომ ის საფრთხის შემცველია, სიმართლეს არ შეესაბამება. ლორთქიფანიძე იმუნოლოგს მანიპულაციურად ციტირებს. რეალურად, კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ ფაიზერი კვლევის მონაწილეებს 2 წელი დააკვირდება, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ვაქცინა ნაჩქარევად შექმნის გამო საფრთხეს შეიცავს. იმუნოლოგის განცხადებით უკუჩვენებები როგორც წესი 30 დღეში ვლინდება, ის ასევე ამბობს, რომ რისკები ვაქცინებს და წამლებს თან ახლავს, თუმცა კოვიდ19-ით გამოწვეული რისკები და შედეგები ბევრად მძიმეა.

რეალურად რა თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა?

ბიძინა კულუმბეგოვი 12 იანვარს სტუმრად იმყოფებოდა ალტ-ინფოსთან ეთერში, სადაც პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. კომპანია პფაიზერისა და მოდერნას შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ მათი კლინიკური ეფექტიანობა 95%-ია. მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ მათგან, ვინც ვაქცინა გაიკეთა, არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა და კრიტიკული დაავადება არ განვითარებია. რაც შეეხება წამყვანის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვიცით, თუ რა უკუჩვენებებს მოიტანს ვაქცინა გრძელვადიან პერსპექტივაში, კულუმბეგოვი პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია რისკებისა და სარგებლის შეფასება; პოტენციური რისკი შესაძლებელია ნებისმიერ წამალს ჰქონდეს, თუმცა გვერდითი მოვლენები ძირითადად აცრიდან 30 დღეში გამოვლინდება. კულუმბეგოვი ასევე აღნიშნავს, რომ ფაიზერმა, მოდერნამ და ასტრაზენეკამ კვლევის სამივე ფაზა გაიარეს, ხოლო სერიოზული უკუჩვენებები ამ ვაქცინებს არ ჰქონია. მართალია, ბიძინა კულუმბეგოვი ასევე ახსენებს ფაიზერსა და 2-წლიან დაკვირვებას, თუმცა მის ნათქვამს დიმიტრი ლორთქიფანიძე კონტექსტის გარეშე, დამახინჯებულად წარმოაჩენს. რეალურად, კულუმბეგოვმა განცხადა, რომ კომპანია ფაიზერი კვლევაში მონაწილე ადამიანებს 2 წლის განმავლობაში დააკვირდება, მას არ უთქვამს, რომ ვაქცინის გამოცდის პერიოდი უნდა ყოფილიყო 2-წლიანი და რადგან დროზე ადრე შემუშავდა, ამიტომ ეს სამწუხარო ფაქტია ან რაიმე საფრთხეს შეიცავს.

ერთადერთი რასაც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ვაქცინებთან დაკავშირებით გრძელვადიან პერსპექტივაზე ამბობს არის ის, რომ ვაქცინაცია ერთი თვეა დაიწყო და ყველა შესაძლო ნიუანსი ვერ გვეცოდინება, შესაბამისად რაღაც რისკი რჩება, რადგან 30 000 ადამიანში ვერ გამოვლინდება ის ყველაფერი, რაც შესაძლოა 3 მილიარდ ადამიანში გამოვლინდეს.

გარდა ალტ-ინფოს გადაცემისა, ბიძინა კულუმბეგოვს სხვა მედია საშუალებებთან ვაქცინების შესახებ არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული და აღნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად უსაფრთხო ვაქცინას მიიღებს, რადგან, მისი თქმით, როდესაც ვაქცინა “კოვაქს” პლატფორმაზე განთავხდება, მისი უსაფრთხოება გარანტირებულია.

დიმიტრი ლორთქიფანიძის ვერსია

ბიძინა კულუმბეგოვის რეალური ციტატა

“ვუსმენდი ბატონ ბიძინა კულუმბეგოვს, რომელმაც სიტყვა-სიტყვით თქვა... - მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერის [ვაქცინა] საგამოცდო ვადა უნდა ყოფილიყო 2 წელიო, სამწუხაროდ ჩვენ 2 თვეში მივიღეთო საბოლოო შედეგები, რასაც უნდა შევეგუოთ და გაგებით მოვეკიდოთო. რას ნიშნავს? საგამოცდო, სატესტო ვადა უნდა ყოფილიყო ფაიზერის ვაქცინისთვის 2 წელი და 2 თვეში მისი გამოჩენიდან მოხდა გარკვეული ადაპტაცია-აპრობაცია და გარკვეული ფორსმაჟორიდან გამომდინარე მას უშვებენ წარმოებაში.”

“მე როგორც ექიმმა შემიძლია ვთქვა, კოვიდით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ახლოსაც ვერ მიდის ვაქცინასთან დაკავშირებულ ჯამურ გვერდით მოვლენებთან. ნებისმიერ წამალს შეიძლება რაღაც პოტენციური რისკი ჰქონდეს… ნებისმიერი ვაქცინის გვერდითი მოვლენა, რომელიც წინა წლების განმავლობაში ფასდებოდა და ეს არის ასეთი სტანდარტი, უნდა შეფასდეს ვაქცინაციიდან 30 დღეში. მე მაგალითად, თუ გავიკეთე დიფტერია ტეტანუსის ტრაციდიული 50 წლის წინანდელი აცრა და 3 თვის შემდგომ დამემართა რაღაც სისხლჩაქცევები კანზე, არ შეიძლება ეს ამ ვაქცინასთან იყოს კავშირში, მაგრამ თუ გავიკეთე და 1 თვის შემდეგ დამემართა რაიმე უცნაურობა ან ნევროლოგიური გართულება ან კანის რეაქცია, მაქვს უფლება პოტენციური ასოციაციური კავშირი ვეძებო აცრასა და კლინიკურ გართულებას შორის 1 თვეში… ფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა ყველა იმ 30 000 ადამიანს, რომელიც კვლევაში ჰყავდა და აღრიცხული ჰყავს, კვლევაში თავიდანვე იყო ჩადებული, რომ დაკვირვება ამათი გაგრძელდება 2 წელი. რასაკვირველია ეს იყო, მესამე ფაზა ერთ თვეში დასრულდა, მაგრამ 2 წელი… ამიტომ მესმის, ეს რთული საკითხია, ეს არის არჩევანის საკითხი, მაგრამ ადამიანებმა უნდა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.”


მოამზადა მაიკო რატიანმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.