Səhhət/biotəhlükəsizlik

რატომ დაკარგა ექთანმა გონება ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შემდეგ?

20 Dekabr, 2020

17 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა Nona Agdgomelashvili-მა Jaz Dorado-ს მიერ ატვირთული ვიდეო გააზიარა. ვიდეოს თანმხლები Jaz Dorado-ს პოსტი ინგლისურენოვანია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექთანმა კორონავირუსის ვაქცინის  გაკეთების შემდეგ გონება დაკარგა. აღდგომელაშვილის პოსტი კი პირველწყაროს ქართულ თარგმანს წარმოადგენს. 

;

ვიდეოში ჩანს ექთანი, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ის და მისი თანამშრომლები მოხარული არიან, რომ მათი ვაქცინაცია უკვე დაიწყო. შემდეგ ის თავზე ხელს იდებს და ამბობს, რომ თავბრუ ეხვევა, ბოლოს კი გონებას კარგავს და მასთან დასახმარებლად ექიმები მიდიან.

მოგვიანებით იგივე ვიდეო გადაცემის “დასაბამიდან სასუფევლამდე” ყოფილმა წამყვანმა დავით გიორგობიანმა საკუთარ ფეისბუკ ანგარიშზე ატვირთა. მან ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “მედდას ამერიკაში გაუკეთეს ვაქცინა ლუციფერაზა და რამდენიმე წამში დაეცა უგონოდ!”

;

1. გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია და კონტექსტის გარეშე გავრცელდა. ვიდეო WRCB TV-ის სიუჟეტის მხოლოდ 1 არასრულ ფრაგმენტს წარმოადგენს. სრულ ვიდეოში კი ექთანი განმარტავს, რომ მას ტკივილზე მომეტებული მგრძნობიარე რეაქცია აქვს და გონება ადრეც ხშირად დაუკარგავს. CDC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ გონების დაკარგვა იშვიათი არაა, ამის მიზეზი კი ძირითადად შფოთვა ან ტკივილია. 2. დეზინფორმაციაა დავით გიორგობიანის მიერ ვიდეოზე თანდართული ტექსტი, თითქოს გონების დაკარგვის მიზეზი ვაქცინა ლუციფერაზას გაკეთება გახდა, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ლუციფერინს არ შეიცავს.

  1. ვიდეო

გავრცელებული ვიდეოს პირველწყარო ამერიკული WRCB TV-ის, იგივე მესამე არხის 17 დეკემბრის სიუჟეტია, რომელიც ტენესის შტატში, მემორიალურ საავადმყოფოში 5 სამედიცინო მუშაკის ფაიზერის ვაქცინით აცრას შეეხება. ერთ-ერთი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, ექთანი ტიფანი დოვერია. ვაქცინაციიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მან თავბრუსხვევა იგრძნო და გონება დაკარგა. მოგვიანებით კი, როცა დოვერი გონს მოვიდა, მან ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ დაკარგა გონება. მან აღნიშნა, რომ მას ნებისმიერ ტკივილზე მომეტებული მგრძნობიერე რეაგირების ისტორია აქვს და ასეთი რეაქცია ადრეც არაერთხელ ქონია. გონზე მოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და მხარში ტკივილმაც გაუარა.

;

როგორც newschannel9 წერს, მემორიალური საავადმყოფოს ექიმებმა აღნიშნეს, რომ ექთნის გონების დაკარგვას COVID-19-ის ფაიზერის ვაქცინის შემადგენლობას არ უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ვებ-გვერდზე ვაქცინაციის შემდეგ გონების დაკარგვასთან დაკავშირებით წერია, რომ ეს მოვლენა იშვიათი არ არის და შეიძლება ბევრი სახის ვაქცინის გაკეთების შემდეგ მოხდეს. რაც შეეხება მიზეზებს, ძირითად შემთხვევაში გონების დაკარგვას შფოთვა ან ტკივილი იწვევს.

  1. ლუციფერაზა

ვიდეო კიდევ ერთი ინტერპრეტაციით გაავრცელა გადაცემის “დასაბამიდან სასუფევლამდე” ყოფილმა წამყვანმა დავით გიორგობიანმა, რომელმაც საკუთარ ფეისბუკ ანგარიშზე ამტკიცებდა, რომ ამერიკაში მედდამ გონება იმის გამო დაკარგა, რომ მას ვაქცინა ლუციფერაზა გაუკეთეს.

როგორც “მითების დეტექტორი” ადრე წერდა, მართალია, ლუციფერინი და ლუციფერაზა უვნებელი ნივთიერებებია, რომლებიც  მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ლუციფერინს არ შეიცავს. ლუციფერინი და ლუციფერაზა კონსპირაციის წყარო სახელწოდების ლუციფერთან გაიგივების გამო გახდა. ლუციფერინის სახელწოდება ლათინური ლუციფერიდან მომდინარეობს, რაც “სინათლის გადამტანს” ნიშნავს, თუმცა ის ასევე სატანის სახელწოდებასაც უკავშირდება, რაც კორონა ვირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანიში კონსპირაციების გავრცელებისთვის გამოიყენეს. 
ვრცლად იხილეთ: ლუციფერინი - ბნელი კონსპირაცია თუ ნათელი ბიოქიმიური რეაქცია?

ვიდეოს გავრცელება საქართველოში

ფეისბუქ-პროფილ Jaz Dorado-ს მიერ ატვირთულ ვიდეოს ატვირთვიდან 15 საათში 13 000 ნახვა და 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს. ვიდეო ქართველმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გააზიარეს.

Nona Agdgomelashvili-ს მიერ გაზიარებულ ვიდეოს 20 დეკემბრის 13:00 საათის მდგომარეობით, 20 გაზიარება აქვს. 

გარდა ამისა, ვიდეო გააზიარეს ფეისბუქ-პროფილებმა გოჩა ჩუმაშვილი, Nina Marji, შორე შანიძე და ლაშა ლოლაძე.

;

;

ფეისბუქ-პროფილმა Sophia Kandelaki-მა ვიდეო ჯგუფში ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა! გააზიარა. მის პოსტს 16 გაზიარება აქვს, მათ შორის პოსტი ტროლმა Lasha Modebadze-მაც გააზიარა.

დავით გიორგობიანის მიერ ატვირთულ იდენტურ ვიდეოს 20 დეკემბრის 13:00 საათის მდგომარეობით, 915 გაზიარება აქვს.

გიორგობიანის პოსტი ორ საჯარო ჯგუფში გაზიარდა, ესენია: კორონა მაფია და საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!.

;


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


იხილეთ ფეისბუქ-პოსტების არქივის ბმულები:
Nona Agdgomelashvili: https://archive.ph/V3iKD 
Nina Marji: https://archive.ph/TkK7r 
დავით გიორგობიანი: https://archive.ph/7LL0q 
შორე შანიძე: https://archive.ph/XU4tG 


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.