Идентичность

დეზინფორმაცია: ევროპასა და ამერიკაში აღსარებას სოციალური მედიის მეშვეობით იბარებენ

7 March, 2017

გაზეთ "ალია”-ს 26 თებერვალი- 5 მარტის ნომერში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკისა და ევროპის ზოგიერთი ეკლესია აღსარებას სოციალური მედიის მეშვეობით იბარებს.

ალია 26.02-5.03: "არ გამიკვირდება თუ მამაოები აღსარებას სოციალური ქსელის მეშვეობით ჩაიბარებენ და ადამიანებს ეკლესიისათვის სოლიდური თანხის შეწირვის სანაცვლოდ, სამოთხეში გარანტირებულ ადგილს შეჰპირდებიან , როგორც ეს ზოგიერთ "ეკლესიაში” ხდება ამერიკასა და ევროპაში.”

"ალიას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კათოლიკური ეკლესიის მიერ ლიცენზირებული აპლიკაცია აღსარების მოსამზადებლადაა განკუთვნილ და არა თავად აღსარებისთვის.

Confession: A roman catholic app კათოლიკე ეკლესიის მიერ ლიცენზირებული მობილური აპლიკაციაა, რომელიც კათოლიკეებს აღსარებისათვის უკეთ მომზადების შესაძლებობლობას სთავაზობს. App Store-ში აპლიკაცია აღწერილია, როგორც ონლაინ გზამკვლევი, რომელიც კათოლიკეებს აღსარებისათვის მომზადებას უადვილებს.

აპლიკაციას თან ერთვის განმარტება, სადაც ეკლესია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აპლიკაციის არსებობა პირდაპირ გავლენას არ ახდენს აღსარების ჩაბარების უშუალო პროცესზე. ცოდვების მოსანანიებლად, მრევლი კვლავ ეკლესიაში უნდა მივიდეს. სასულიერო პირების განმარტებით, აღსარების ჩაბარების ტრადიციული ფორმა ამით არ იცვლება.

შესაბამისად, "ალიას” მიერ გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა.

ანდროიდ აპლიკაციით საქართველოს საპატრიარქოც სარგებლობს, რომელიც ახლახანს შეიქმნა და ის მეტწილად ინფორმაციული ხასიათისაა. საქართველოს საპატრიარქო ვებ და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსაც იყენებს, როგორიცაა Facebook-ი, youtube-ი და Google +ი.

1

მოამზადა ლიზა გორდაძემ