Здравоохранение/биобезопасность

როგორ აქციეს ანტივაქსერებმა ტრამპის მხრადამჭერი იუთუბერი პატრიკ განელსი დოქტორ კნაუსად?

22 April, 2021

19 აპრილს ფეისბუქ-პროფილმა Daji Mamulashvili პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, დერეკ კნაუსის სახელითაა დაწერილი. ტექსტში აღნიშნულია, რომ დოქტორმა კნაუსმა კოვიდ-დადებითი 1500 ტესტის ნიმუში შეამოწმა და კორონავირუსი ვერცერთ მათგანში ვერ აღმოაჩინა, მისი თქმით, ყველა მათგანში A და B ტიპის გრიპის ვირუსი აღმოჩნდა. ტექსტის მიხედვით, ამის შემდეგ შედეგები რამდენიმე ლაბორატორიაში გადამოწმდა და იგივე შედეგი მიიღეს, მოგვიანებით კი დოქტორმა კნაუსმა CDC-ის მიმართა, რათა მისთვის კოვიდის ცოცხალი ნიმუშები მიეწოდებინათ, მათ კი უპასუხეს, რომ ასეთი ნიმუშები არ ჰქონდათ. კნაუსის მტკიცებით, არცერთ ლაბორატორიას კორონავირუსის იზოლირება არ მოუხდენია, ეს ყველაფერი კი ადასტურებს იმას, რომ COVID-19 გამოგონილია და რეალურად ეს ვირუსი გრიპის მორიგი შტამია.

;
ფეისბუქ-პროფილებმა დათო სალუქვაძე, გოჩა ჩუმაშვილი, შორე შანიძე, სუვერენული სახელმწიფო (2) და Mano Beridze იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს. პოსტებში წყაროდ ტელეგრამის ბმულია მითითებული, ფოტოს წარწერაში წყაროდ კი ასევე ტელეგრამის, ოღონდ სხვა არხია მითითებული.

პოსტების უმეტესობას ახლავს ფოტო, რომელზეც მამაკაცია გამოსახული, ფოტოს აქვს ქართული წარწერა - “კოვიდ 19 არის გამოგონილი ვირუსი. დოქტორი დერეკ კნაუსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ვირუსოლოგი. იმუნოლოგი”.

ფეისბუქ-პროფილმა Nona Agdgomelashvili კი ფოტოზე გამოსახული ადამიანის რუსულად გახმოვანებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტექსტში გაჟღერებულ მტკიცებებს იმეორებს.

;
ანტივაქსერების მიერ გავრცელებული ტექსტი, გამოგონილი დოქტორის - დერეკ კნაუსის სახელითაა დაწერილი, კნაუსი და მისი კვლევა სამეცნიერო ბაზებში არ იძებნება. ტექსტი დეზინფორმაციულია, რადგან: 1. COVID-19 გრიპის ახალი შტამი არ არის; 2. COVID-19-ის ვირუსის იზოლირება რამდენიმე ლაბორატორიში მოხდა.

ფოტოებსა და ვიდეოში მამაკაცი კი იუთუბერი პატრიკ განელსია, რომელიც ვიდეოებში ტვიტებს ხმამაღლა კითხულობს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ტექსტიც ასე ამოიკითხა, შემდეგ კი ისე გაავრცელეს, თითქოს ეს ადამიანი დოქტორი კნაუსია.

ქართველი ანიტვაქსერების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ტექსტი დოქტორ დერეკ კნაუსის სახელითაა დაწერილი, ამ სახელის დოქტორი ან მის მიერ კოვიდ-დადებით ტესტებზე ჩატარებული კვლევა სამეცნიერო ბაზებში არ იძებნება. ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Maldita წერს, რომ კალიფორნიაში მცხოვრები დოქტორი დერეკ კნაუსის სახელი სამეცნიერო ნაშრომების ბაზებში, ResearchGate-სა და Google Scholar-ში არ იძებნება. გარდა ამისა, ტექსტში ნახსენები ნიმუშების ანალიზისა და ჩატარებული კვლევის კვალი აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტის ლაბორატორიებშიც არ გვხვდება.

საქართველოში გავრცელებული ტექსტის თითქმის იდენტური ტექსტი არაერთ ქვეყანაში გავრცელდა, თუმცა არა მხოლოდ დოქტორ დერეკ კნაუსის, არამედ ასევე გამოგონილი დოქტორების ჯო რიზოლისა და ენდრიუ ვეის სახელით. გარდა ამისა, ზოგიერთმა წყარომ აღნიშნული ტექსტი დოქტორ რობ ოსვალდს მიაწერა, რომელიც ნამდვილად არსებობს, თუმცა გავრცელებული ტექსტი, რომელიც კორონავირუსის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს, ოსვალდს არ ეკუთვნის. ოსვალდი კორნელის უნივერსიტეტში მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში მუშაობს, მან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე საკუთარი გვერდი  განაახლა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი რეალურია, მან გავრცელებულ დეზინფორმაციასთან კავშირი snopes-თანაც უარყო.

;
როგორც Snopes წერს, დეზინფორმაციული ტექსტი 2020 წლის 6 დეკემბრიდან ვრცელდება და ის სათავეს ვებ-გვერდ Wadeburleson.org-ზე გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებიდან იღებს.  ანონიმურმა ბლოგერმა, სახელად Sojourner აღნიშნული ტექსტი კომენტარებში დაწერა, თუმცა ამ ვერსიაში რომელიმე დოქტორის სახელი ნახსენები არ არის, კომენტარის ავტორმა კიდევ ერთგან აღნიშნა, რომ ის პროფესიონალი არ არის და ტექსტი უბრალოდ გადმოაკოპირა, თუმცა საიდან, არ დაუკონკრეტებია.

ფოტოებსა და ვიდეოში არა დოქტორი კნაუსი, არამედ ტრამპის მხარდამჭერი იუთუბერი პატრიკ განელსია ნაჩვენები

პოსტებს ახლავს ფოტო, რომელზეც მამაკაცია გამოსახული და აწერია, რომ ეს ადამიანი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დერეკ კნაუსია, რომელიც ამბობს, რომ კორონავირუსი გამოგონილია. ერთ-ერთ პოსტში ამავე ადამიანის ვიდეოცაა მოცემული.

;
რეალურად ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა დოქტორი კნაუსი, არამედ იუთუბერი პატრიკ განელსია. პატრიკ განელსის იუთუბ-არხს Reading Epic Threads ჰქვია, არხი 2019 წელს შეიქმნა და განელსი საკუთარ ვიდეოებში უმეტესად ტვიტერის სხვადასხვა მომხმარებლის ტვიტებს კითხულობს და განიხილავს. 

;
განელსის ვიდეოების უმეტესობა ამერიკის პოლიტიკურ პროცესებს შეეხება, იუთუბ-არხზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განელსი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, მას არაერთი ვიდეო აქვს ჩაწერილი “ბაიდენის კორუფციული სკანდალის” შესახებ, ასევე გვხვდება არაერთი ვიდეო, რომელშიც განელსი იმ ტვიტებს კითხულობს, სადაც ტრამპისა და ბაიდენის დებატებში  ტრამპის უპირატესობას ხაზს უსვამენ.

;

;
განელსის იუთუბზე ვხვდებით ვიდეოსაც სათაურით “შეაჩერეთ მოპარვა” (იგულისხმება აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები). ვიდეოში მას ახურავს ქუდი ტრამპის ლოზუნგით “გახადე ამერიკა კვლავ დიდებული” და ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე ვაშინგტონში იმყოფება. ვიდეო 2021 წლის 6 იანვარს არის გამოქვეყნებული, სწორედ ამ დღეს ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები აშშ-ს კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

;
თუ დოქტორ კნაუსის სახელით გავრცელებული ვიდეოსა და პატრიკ განელსის იუთუბ-ვიდეოებს შევადარებთ, მარტივი მისახვედრია, რომ ისინი ერთ, ნაცრისფერ ფონზეა ჩაწერილი, გარდა ამისა, პატრიკ განელსი სათვალეს სხვა ვიდეოებშიც ატარებს.

;
სავარაუდოა, რომ განელსმა ერთ-ერთ ვიდეოში სხვა ტვიტების მსგავსად, დოქტორ კნაუსის სახელით გავრცელებული ტექსტიც საჯაროდ წაიკითხა, 21 აპრილის მდგომარეობით, ვიდეო, რომელშიც ის ამ ტექსტს კითხულობს, მის იუთუბ-არხზე არ იძებნება, თუმცა 14 აპრილს მას გამოაქვეყნებული აქვს ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ მის არხს იუთუბისგან უკვე 2 გაფრთხილება აქვს, მესამე გაფრთხილების შემდეგ კი არხს წაუშლიან. განელსი აღნიშნავს, რომ ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რომელთა გაჟღერებას იუთუბს არ სურდა, სწორედ ამიტომ მას გაფრთხილება მისცეს, შესაძლოა, სწორედ აღნიშნულ ვიდეოზეა საუბარი, რადგან კნაუსის სახელით გავრცელებული ტექსტი დეზინფორმაციულია.

COVID-19 გრიპის ახალი შტამი არ არის

ტექსტში მოყვანილი მტკიცება, თითქოს COVID-19 გამოგონილია და ვირუსი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ცირკულირებს, გრიპის მორიგი შტამია, მცდარია.

კორონავირუსი და გრიპი ორივე რესპირატორული დაავადებაა, თუმცა მათ სხვადასხვა ვირუსი იწვევს. მათი სიმპტომები მსგავსია, თუმცა ვხვდებით განსხვავებებსაც, მაგლითად გრიპი ადამიანის სუნისა და გემოს შეგრძნებაზე გავლენას არ ახდენს, გარდა ამისა კორონავირუსი, შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს და გადამდებიც იყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გრიპის ვირუსებთან შედარებით, ახალი კორონავირუსი უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად ვრცელდება, ასევე COVID-19-ის შემთხვევების გართულება მეტად სავარაუდოა.

AFP Factual-ის სტატიაში მოყვანილია 17 დეკემბერს Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც  2020 წლის მარტი-აპრილში კორონავირუსით დაავადებული, პოსპიტალიზებული პაციენტების მონაცემებსა და 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის თებერვალში სეზონური გრიპის აფეთქების დროს ჰოსპიტალიზებული პაციენტების მონაცემებს ერთმანეთს ადარებს. კვლევის მიხედვით, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი (16.9%) იყო, ვიდრე გრიპით დაავადებულებში (5.8%). ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დრო კი კოვიდ-პაციენტებისთვის ორჯერ დიდხანს გრძელდებოდა. შესაბამისად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ COVID-19 უფრო სერიოზული დაავადებაა, ვიდრე გრიპი. 

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

COVID-19-ის ვირუსი იზოლირებული და იდენტიფიცირებულია

ტექსტის ავტორის მტკიცება, თითქოს ლაბორატორიებს კორონავირუსის იზოლირება არ მოუხდენიათ, დეზინფორმაციაა. ვირუსის იზოლირება, ანუ მისი შესწავლის მიზნით სუფთა ნიმუშის აღება, ჩინეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მოხდა. 2020 წლის 7 იანვარს ჩინეთმა ვირუსის შტამის იზოლირება და ახალი კორონავირუსის იდენტიფიცირება მოახდინა, ხოლო 12 იანვარს გენეტიკური მიმდევრობა ჯანმოს გაუზიარა. აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე იზოლირებული ვირუსის სრული გენომია წარმოდგენილი.

გარდა ამისა, 2020 წლის ივნისში აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს გამოქვეყნებული აქვს სტატია, რომელშიც ვრცლადაა აღწერილი, თუ როგორ მოახდინეს SARS-CoV-2-ის იზოლირება.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტეტორის” მასალა:
მოხდა თუ არა კორონავირუსის იზოლირება და შესაძლოა თუ არა კორონავირუსის არსებობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა?


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


არქივის ბმულები:
Daji Mamulashvili
Nona Agdgomelashvili


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.