Здравоохранение/биобезопасность

რა ვიცით იმ შემთხვევების შესახებ, რომელთაც ვაქცინების გვერდით მოვლენებს მიაწერენ?

22 January, 2021

15 იანვრიდან დღემდე ქართულ ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, სადაც ორ სხვადასხვა ქალს სხეულის ძლიერი კანკალის გამო მოძრაობა და საუბარი უჭირს, რასაც ვაქცინის გვერდით მოვლენებს უკავშირებენ.  20 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” ორივე ვიდეო უცხოელი მომხმარებლისგან გააზიარა. წარწერით “პირველ ვიდეოში Pfizer-ის მ-რნმ ვაქცინით დაზარალებული ქალბატონი, მეორეში Moderna-ს მ-რნმ ვაქცინით დაზარალებული ქალბატონი.”

ფეისბუქ მომხმარებელმა Shalva Bunturi 18 იანვარს საკუთარ პროფილზე Russia Today-ის სიუჟეტი  ატვირთა, სადაც ერთ-ერთი ქალის შვილი დედის ვიდეოს ფონზე მის მდგომარეობასა და ფაიზერის ვაქცინის ამ უკუჩვენებაზე საუბრობს. 

ფეისბუქ მომხმარებელმა Mamuka Kobaladze-მ 15 იანვარს RT-ის სიუჟეტში გამოყენებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქალს კანკალის გამო სიარული უჭირს, კადრებს ახლავს წარწერა “ვაქცინის გაკეთების შემდეგ.”

;

არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ძლიერი კანკალის მდგომარეობა ვაქცინის მიღებამ გამოწივია, მსოფლიოში უკვე 51 მილიონი ადამიანი აიცრა და ასეთი გვერდითი მოვლენა არცერთ ქვეყანაში აღწერილი არ არის. სააბაზანოდან კანკალით გამოსული ქალის შემთხვევაში ვერ ხერხდება იმის დადასტურება, რომ მან ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა. 

შემთხვევა #1: შონ სკელტონი - ქალი ვარდისფერი სამოსით

როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უარყოფითი  შედეგების დადასტურება, ორივე ვიდეო მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა.  აშშ-ს ფაქტების გადამოწმების პორტალმა PolitiFact-მა შემთხვევები დეტალურად გამოიძია

პირველი ვიდეო შონ სკელტონს ეკუთვნის, რომელმაც ის საკუთარ ფეისბუქზე ატვირთა (ამჟამად წაშლილია და სხვა მომხმარებლებთან იძებნება).

;

როგორც სკელტონი ვიდეოში ამბობს, მან კომპანია Moderna-ს ვაქცინა 4 იანვარს (ორშაბათს) გაიკეთა, ხუთშაბათს კი მთელი სხეულით კანკალი დაწყო და მას ვერავინ დაარწმუნებს, რომ ეს მოდერნას ვაქცინამ არ გამოიწვია. სკელტონის მიხედვით, შეკითხვებს პასუხი ვერც ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ და სისხლის ანალიზმა  ვერ გასცა. სკელტონის საქმრომ აღნიშნა, რომ ექიმებმა შონის მდგომარეობა სტრესსა და დაძაბულობას დაუკავშირეს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ცნობით, ამ ტიპის უკუჩვენება (კანკალი, მოძრაობისა და საუბრის გართულება) კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინისთვის დამახასიათებელი არ არის. 

PolitiFact ეცადა შონ სკელოტონთან დაკავშირებასაც, თუმცა სკელტონი შეკითხვებს არ გამოეხმაურა.

შემთხვევა #2: ანჯელინა გიბსონ დისელი - დედა ლუიზიანადან

მეორე ვიდეოში გამოსახული ქალი, რომელიც სააბაზანოდან გამოსვლისას ძლიერად კანკალებს, ანჯელინა გიბსონ დისელია. მისი ვიდეო მისმა შვილმა, ბრანტ ჯინერმა, 13 იანვარს გაავრცელა და აღნიშნა, რომ Pfizer-ის ვაქცინამ დედამისს ეს დამართა. 19 იანვარს კი ვიდეო საკუთარი გვერდიდან წაშალა, თუმცა სხვადასხვა მომხმარებლის მიერ ატვირთული ეს ვიდეო კვლავ იძებნება. 

;

PolitiFact-ი ანჯელინა დისელსა და ბრანტ ჯინერს დაუკავშირდა და პასუხები მხოლოდ ბრანტ ჯინერისგან მიიღო. შვილის თქმით, მისი 45 წლის დედა სამედიცინო კლინიკაში მუშაობს, ვაქცინა 5 იანვარს (სამშაბათს) ნიუ-ორლეანში გაიკეთა, შაბათს კი კანკალის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა, რის შემდეგაც საავადმყოფოს მიაკითხა. PolitiFact-ი ეცადა დაეზუსტებინა, მართლაც გაიკეთა თუ არა დისელმა ვაქცინა, თუმცა 30 წუთიანი სატელეფონო საუბრის განმავლობაში ბრანტ ჯინერმა ყველა კითხვა იმის შესახებ, თუ რომელ კლინიკაში გაიკეთა ანჯელინამ ვაქცინა, უკუჩვენების გამოვლენის შემდეგ სად მივიდა და რომელ ექიმთან მკურნალობდა, უპასუხოდ დატოვა. 

PolitiFact-ი 19 იანვარს დაუკავშირდა იმ კლინიკასაც, სადაც ანჯელინა დისელი მუშაობს, თუმცა კლინიკამ შეკითხვებს არ უპასუხა. ამავე დღეს ბრანტ ჯინერმა ვიდეო წაშალა და განმარტა, რომ დედამისის უფროსები და თანამშრომლები უკმაყოფილონი იყვნენ, ამიტომ ვიდეოს წაშლა და ამ თემაზე სხვებთან საუბრის შეწყვეტა სთხოვეს. 

ლუიზინას ჯანმრთელობის დეპარტამენტის სპიკერმა, კევინ ლიტენმა, განმარტა, რომ დეპარტამენტისთვის ვაქცინის ასეთი უკუჩვენებებით არავის არ მიუმართავს. მისივე თქმით, ლუიზინაში ვაქცინის უკუჩვენების მხოლოდ ერთი ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. პაციენტს კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები და მუდმივი მოთენთილობა (lightheadedness) ახასიათებდა. მან საავადმყოფო უკვე დატოვა. 

CDC-ის სპიკერმა, ჯეისონ მაკდონალდმა, PolitiFact-თან აღნიშნა, ლუიზიანადან ვაქცინის მიღების შემდეგ ძლიერი კანკალის შემთხვევის შესახებ მონაცემები არ შესულა. ჯეისონ მაკდონალდის განმარტებითვე, Covid-19-ის ვაქცინები ეფექტიანია და ბევრ ადამიანში უკუჩვენება არ აქვს, თუმცა ზოგიერთთან გამოვლინდა რაიმე ტიპის დროებითი უკუჩვენება (თავის ტკივილი, ტკივილი აცრის გაკეთების ადგილას, მაღალი ტემპერატურა), ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი ვირუსისგან დაცვას სწავლობს. ამასთანავე Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინების კლინიკურ გამოცდებში აღწერილი გვერდითი მოვლენებიდან არც ერთი არ იყო ძლიერი და ხანგრძლივი კანკალი. 


მოამზადა მარიამ დანგაძემ 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.