Политика

ვარდოსანიძე და “მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი”  ბაიდენის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებენ

22 January, 2021

19 იანვარს ულტრანაციონალისტური ტელე არხის ალტ TV-ის გადაცემაში “ალტ-ინტერვიუ” დონალდ ტრამპის ქართველმა მხარდამჭერმა ბექა ვარდოსანიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჯო ბაიდენმა 9 წლის ბავშვითვის სქესის შეცვლის უფლების მინიჭების შესახებ განცხადება გააკეთა. იგივე ინფორმაციას “მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის” 2020 წლის 7 დეკემბერის მასალაშიც ვხვდებით.

ალტ-ინფო, ალტ-ინტერვიუ, 19 იანვარი, ბექა ვარდოსანიძე: „რა თქმა უნდა, ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომ 9 წლის ბავშვზე, თურმე უფლება უნდა მივცეთ, რომ სქესი შეიცვალოს.”

მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, 7 დეკემბერი: “აშშ-ში ბაიდენი ემხრობა 8 წლის ბავშვის სქესის შეცვლას.რა ხდება სამყაროში?”

;

ბექა ვარდოსანიძე და “მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი” ჯო ბაიდენის განცხადებას არასწორად ავრცელებენ. თავის განცხადებაში ბაიდენს სქესის შეცვლა არ უხსენებია და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის შემცირებაზე საუბრობდა. 

  • ყალბი ციტატა ადრეულ ასაკში სქესის შეცვლის შესახებ ჯო ბაიდენს 2020 წლის ოქტომბერში მიაწერეს

2020 წლის 15 ოქტომბერს ჯო ბაიდენი ABC NEWS-ის გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. აუდიტორიიდან ერთ-ერთმა მაყურებელმა მას LGBTQ+ ადამიანების შესახებ შეკითხვა დაუსვა, კონკრეტულად კი სთხოვა, განემარტა, როგორ დაიცავდა ამ ადამიანების უფლებებს. კითხვის ავტორმა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის მიერ დაწესებულ რამდენიმე შეზღუდვასაც, მაგალითად, სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერების მონაწილეობის აკრძალვას და  აღნიშნა ისიც, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი ტრანსგენდერი იყო. 

სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხად ბაიდენმა თქვა, რომ პირველ რიგში შეცვლიდა კანონს და გააუქმებდა ასეთი ტიპის შეზღუდვებს, შემდეგ კი დაამატა, რომ ტრანსგენდერი ბავშვები დისკრიმინაციას არ უნდა განიცდიდნენ, თუმცა სქესის შეცვლა არ უხსენებია. 

ბაიდენის ავთენტური ციტატა

მანიპულაციურად გავრცელებული ციტატა

“The idea that an 8-year-old child or a 10-year-old child decides, ‘You know I decided I want to be transgender. That's what I think I'd like to be. It would make my life a lot easier.’ There should be zero discrimination.”

“if your 8-year-old child wants to be transgender to make life easier, “they have a right to transition and there is no reason for you to deny it.”  (Rob Fagen - ფეისბუკ ანგარიში)

“იდეა იმის შესახებ, რომ 8 ან 10 წლის ბავშვი გადაწყვეტს: “იცით, მე მინდა ტრანსგენდერი ვიყო, ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს, ეს ჩემს ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის.” უნდა იყოს ნულოვანი დისკრიმინაციის საგანი.”

„რა თქმა უნდა, ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომ 9 წლის ბავშვზე, თურმე უფლება უნდა მივცეთ, რომ სქესი შეიცვალოს.” (ბექა ვარდოსანიძე)

 “აშშ-ში ბაიდენი ემხრობა 8 წლის ბავშვის სქესის შეცვლას. რა ხდება სამყაროში?” (მართლმადიდებენ ჟურნალისტთა კავშირი)

ჯო ბაიდენის ამ განცხადებას აშშ-ში ბაიდენის მოწინააღმდეგეებს შორის გაყალბებული ციტატის გავრცელება მოჰყვა, სადაც თითქოს ბაიდენი ამბობდა, თუ 8 წლის ბავშვს სქესის შეცვლა სურდა, მას ამის უფლება აქვს და უარყოფის მიზეზი არ არსებობდა. სწორედ ამ ინტერპრეტაციით ავრცელებენ ბაიდენის ციტატას ბექა ვარდოსანიძე და მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირიც. 

;

ბაიდენის ეს ყალბი ციტატა გადაამოწმეს ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა პლატფორმებმაც,  Reuters-მა ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ვებ-გვერდიც შეამოწმა. საიტზე ასახულია, რომ ბაიდენი მხარს უჭერს ტრანსგენდერ ადამიანებს და მათთვის ჯანმრთელობის ყველა რესურსზე ხელმისაწვდომობასაც უზრუნველყოფს, თუმცა ბავშვებში სქესის შეცვლის მხარდაჭერა აქაც არ არის ნახსენები. 

“მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის” შესახებ

;

“მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის” ქართულენოვანი ფეისბუქ გვერდი 2020 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა. 

;

რაც შეეხება ორგანიზაციის ვებ-საიტს, ის 2018 წელს დარეგისტრირდა და IP მისამართი ტეხასში მდებარეობს.

;

ორგანიზაციის “ჩვენს შესახებ” განწყოფილებით ვიგებთ, რომ ის 2015 წელს უკრაინაში შეიქმნა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, მიტროპოლიტ ონუფრეს  “უკრაინული ხელმძღვანელობის მიერ” დევნის “სრულფასოვნად  და ობიექტურად” გაშუქების მიზნით.

საიტი უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ, ბერძნულ, რუმინულ, ქართულ და რუსულ ენებზე ფუნქციონირებს და ყველაზე ენაზე იდენტური მასალები ქვეყნდება და ვრცელდება. ქართულენოვან ფეისბუკზე ვხვდებით მასალებს როგორც ბაიდენის, ასევე მსოფლიო პატრიარქოს ბართლომეოს წინააღმდეგ, რა დროსაც რუსეთის ხელისუფლების პოზიციების გახმოვანება ხხდება.

;

ახლადშექმნილ ქართულოენოვან ფეისბუკ გვერდზე ასევე ვხვდებით დაფინანსებულ მასალებსაც გენდერის თემაზე.

;


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.