Здравоохранение/биобезопасность

ლუციფერინი - ბნელი კონსპირაცია თუ ნათელი ბიოქიმიური რეაქცია?

11 December, 2020

7 დეკემბერს Tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მამა კლეომენი: ,, წინ აღვუდგეთ ხარაგმას (დაჩიპვას) და, ახალი მსოფლიო წესრიგის – ანტიქრისტეს -გეგმებს 666-ს! ფრთხილად და ყურადღებით!!!”. მასალა ბერძენი მამა კლეომენის ვიდეო მიმართვის თარგმანია, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ  ნანოჩიპით და ლუციფერინით საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციაზე და ამ ვაქცინით დნმ-ის შეცვლაზეა საუბარი. Tvalsazrisi.ge-ს წყაროდ მითითებული აქვს სპირიდონ ვუკალისის 6 დეკემბრის ფეისბუქ ვიდეო, სადაც მამა კლეომენი საუბრობს. იდენტური ტექსტი პოსტის სახით მოგვიანებით, 8 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა სტალინმაც გამოაქვეყნა

10 დეკემბრის მონაცემებით Tvalsazrisi.ge-ს სტატიას 388 ფეისბუქ ინტერაქცია და 162 გაზიარება აქვს, თავად ბერძნულენოვან ვიდეოს - 229 ინტერაქცია და 230 გაზიარება, ხოლო სტალინის პოსტს - 2 გაზიარება.

;

ვაქცინის შესახებ მასალაში წარმოდგენილი მტვკიცებები  მცდარი და კონსპირაციულია: 1.კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ლუციფერინს არ შეიცავს.  თუმცა, ლუციფერინი და ლუციფერაზა უვნებელი ნივთიერებებია, რომელთა  მედიცინაში გამიყენება  აპრობირებული მეთოდია. სახელის გამო მისი საშიშ ნივთიერებად წარმოდგენა და კოვიდ 19-ის ვაქცინასთან ხელოვნურად დაკავშირება  კონსპირაციის თეორიაა; 2. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ის ცვლილებას არ იწვევს; 3. ვაქცინაცია სავალდებულო არ არის; 4. ვაქცინის საშუალებით საყოველთაო ჩიპიზაცია კონსპირაციის თეორიაა. ამასთანავე Tvalsazrisi.ge მასალაში ძველი ჩიპებისა და ფოტოშოპში დამუშავებულ ფოტოებს მანიპულაციურად იყენებს.

რა არის ლუციფერინი და გამოიყენება თუ არა ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაში?

ბიოქიმიაში ლუციფერინი ორგანული ნაერთის სახელწოდებაა და  ფერმენტ ლუციფერაზას მეშვეობით მისი ჟანგვისას სინათლე წარმოქმნება. ლუციფერაზა და მისივე სუბსტრატი ლუციფერინი გვხვდება ისეთ ცოცხალ სხეულებში, როგორიცაა ციცინათელები. სწორედ ამ ნივთიერების რეაქციის შედეგია ის, რომ ციცინათელა სინათელს ასხივებს. გარდა ამისა, აღნიშნული ნივთიერებები  ასევე შუქმფენი ბაქტერიების და ზღვისა და ხმელეთის სხვა მიკროორგანიზმების შემადგენლობაშიც გვხვდება. თუმცა, ყველაზე გავრცელებული ფერმენტ ლუციფერაზის გენი ციცინათელასთან გვხვდება. 

ლუციფერაზას თვისებებს მეცნიერები აქტიურად იყენებენ. ამ ნივთიერების საშუალებით ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებული სინათლით შესაძლებელი ხდება ბიოლოგიური პროცესების მონიტორინგი, მათ შორის გენების ექსპრესიის, ბიომოლეკულური შეკავშირებისა და უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის მონიტორინგი. 

პოინტერის საერთაშორისო ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული MediaWise-ის მასალის თანახმად, რომელიც ტეხასის სამედიცინო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, ფერმენტი ლუციფერაზა, ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის გალვესტონის ვირუსოლოგების მიერ Covid-19-ის უფრო სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკური ტესტების შესაქმნელად, ასევე პოტენციური თერაპიის გასაანალიზებლად და SARS-CoV-2 ვირუსის უფრო სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. მაგალითად, ამ ნივთიერების გამოყებენით უნივერსიტეტის ლაბორატორიას სხეულში SARS-CoV-2 ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობის ვიზუალური დადასტურება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ეს სხვა მეთოდებით იყო შესაძლებელი.

ScienceDirect– ის მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ ლუციფერაზა კიბოს თერაპიის შედეგის დასადგენად უკვე გამოიყენება. სხვადასხვა რეცენზირებული კვლევებით ირკვევა, რომ ლუციფერაზა უჯრედების საქმიანობის შესასწავლად Covid-19- მდე  დიდი ხნით ადრე გამოიყენებოდა და ფერმენტიუჯრედების  მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს. ასე რომ, ლუციფერაზა, და მასთან ერთად მისი სუბსტრატი ლუციფერი, უვნებელია და ისინი უკვე დიდი ხანია მეცნიერულ საქმიანობაში, მათ შორის კიბოს მკურნალობის შეფასებისათვის გამოიყენება. 

ლუციფერინი და ლუციფერაზა, ამ სიტყვვების ლუციფერთან - სატანასთან - ადვილად გაიგივების გამო  სხვადასხვა კონსპირაციული თეორიისა და დეზინფორმაციის საწყისი მარტივად გახდა, განსაკუთრებით Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობის კვალდაკვალ. ბერძენი მამა კლეომენის მტკიცებაც, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაში ლუციფერინი იქნება, რომლითაც გააკონტროლებენ მიღებული გაქვთ თუ არა ვაქცინა, სწორედ აღნიშნული კონსპირაციის ნაწილია. 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ლუციფერაზას ფერმენტის გამოყენებით ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის ჩატარებული წითელას ვაქცინაციის ჩანაწერების შენარჩუნებას სპეციალური ინფრაწითელი სკანერების გამოყენებით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეთოდი კოვიდის ვაქცინაციისთვის დამტკიცებული  არ არის და, შესაბამისად, გავრცელებული ცნობა მცდარია.

ვაქცინა ადამიანის დნმ-ის ცვლილებას გამოიწვევს

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს კორონავირუსის ვაქცინა დნმ-ს და გენეტიკას ცვლის, დეზინფორმაციაა და ის ადრეც ვრცელდებოდა. Covid-19 ისევე, როგორც  სხვა კორონავირუსები, რნმ ვირუსია, რაც ნიშნავს, რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია რნმ-ში. შესაბამისად, მის საწინააღმდეგოდ შეიქმნა არა დნმ-ზე, არამედ რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა. აღსანიშნავია ისიც, რომ რნმ განსხვავდება დნმ-სგან ქიმიური შემადგენლობით, ამიტომ შეუძლებელია რნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და შესაბამისად, გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა. 

ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები განმარტავენ, რომ კორონავირუსის გარსზე არსებული კომბლის ფორმის შვერილები, რომლებიც გვირგვინს ქმნიან, ვაქცინის კარგი სამიზნეა და ვაქცინა სწორედ მასზე არსებული ცილების გენეტიკურ თანმიმდევრობას შეიცავს. როდესაც ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ის გენეტიკური კოდის გამოყენებით გამოიმუშავებს სპეციფიკურ ცილას, რაც იწვევს იმუნურ რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუ სხეული Covid-19-ით დაინფიცირდება. მაგალითისთვის, ოქსფორდის ვაქცინაში გამოყენებულია შიმპანზეს ადენოვირუსის ვაქცინის ტექნოლოგია, რომელიც კარგად შესწავლილი და უსაფრთხოა. ის შეიცავს ადენოვირუსის ვექტორებს, რომელიც ებოლას, C ჰეპატიტის, მალარიის და ტუბერკულოზის ვაქცინებშიც იქნა გამოყენებული. 

კონსპირაციები მიკროჩიპებზე კორონავირუსის პანდემიისას

ორგანიზმში მიკროჩიპების სავალდებულო იმპლანტაციის გზით ადამიანების ტოტალური კონტროლისა და თვალთვალის შესახებ  კონსპირაცია  კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხვადასხვა ქვეყანაში ინტენსიურად ვრცელდება. პანდემიისად მოსახლეობის “ჩიპიზაციაზე” არაერთი კოსნპირაცია გაჩნდა, რომელიც კორონავირუსის მომავალ ვაქცინასა და 5G ტექნოლოგიაზე სპეკულირებს. ყველაზე ხშირად, მოსახლეობის მასობრივი და სავალდებულო ჩიპიზაციის გეგმებს ფილანტროპ ბილ გეითსსა და რომის პაპს მიაწერდნენ. აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში: 

სავალდებულო ვაქცინაცია

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით პერიოდულად ვრცელდება, ასევე, დეზინფორმაცია მის სავალდებულობასთან დაკავშირებით. სხვადასხვა დროს სხვადასხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება და თუ მის გაკეთებაზე ვინმე უარს იტყვის, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდება, თუმცა, აღნიშნული მტკიცებები საფუძელს მოკლებულია. სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

Tvalsazrisi.ge-ს ვიზუალური მანიპულაცია

აღსანიშნავია, რომ Tvasazrisi.ge-ს სტატიას თან ერთვის მამა კლეომენის ფოტო ჩიპების ფოტოსურათებთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი 2002 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე, რომელიც კანის ქვეშ განთავსებული ჩიპის ილუსტრირებად გამოიყენება, ფოტოშოპით დამუშავებულია. აღნიშნული ფოტოკოლაჟი საყოველთაო ჩიპიზაციის შესახებ კონსპირაციებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მედიასა და სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელდა. საქართველოში აღნიშნული ფოტოები პირველი ქართველის ჩიპიზაციის შესახებ დეზინფორმაციის დაუკავშირეს, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.

;


არქივის ბმულები:
Tvalsazrisi.ge-ს სტატია - https://archive.is/X0rkJ
სპირიდონ ვუკალისის ვიდეო - https://archive.is/08qmO
ფეისბუქ გვერდ სტალინის პოსტი - https://archive.is/rOpMR 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.