Политика

16 თუ 41 - რომელ გუნდზე “ოცნებობს” კონდოლიზა რაისი?

31 October, 2020

2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს ფეისბუკ მომხმარებელმა Tea Pirtskhalava პირად გვერდზე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. სურათში რაისს აცვია მაისური, რომელზეც გამოსახულია რიცხვი 41, ხოლო სურათს ქვედა ნაწილში აქვს ინგლისურენოვანი წარწერა “It’s My Team. Georgian Dream”. ფოტოსურათს თან ახლავს აღწერა: “ელვა-ფოტო ვაშინგტონიდან”. 

31 ოქტომბრის 16:30 საათის მონაცემებით Tea Pirtskhalava-ს პოსტს 233 რეაქცია, 18 კომენტარი და 18 გაზიარება აქვს. პოსტი ინდივიდუალურმა მომხმარებლებმა გააზიარეს.

"

გავრცელებული პოსტი ფოტომანიპულაციაა. რეალურად კონდოლიზა რაისის ფოტო 2012 წელს, „ნაციონალური საფეხბურთო ლიგის“ კამპანია „ეს ჩემი გუნდია“ (It’s my team) ფარგლებშია გადაღებული. კონდოლიზა რაისის მაისურზე 16 ნომერია გამოსახული და არა 41 და ის მხარს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კლივლენდის საფეხბურთო გუნდს უჭერს.

"

2012 წელს „ნაციონალურმა საფეხბურთო ლიგამ“ (NFL) წამოიწყო კამპანია, სახელწოდებით „ეს ჩემი გუნდია“ (It’s my team”). კამპანია ამერიკული ფეხბურთის ქალი გულშემატკივრების მიერ მათი საყვარელი გუნდის მხარდაჭერას საფეხბურთო გუნდების დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის ხაზით ითვალისწინებდა.

კამპანიაში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც ჩაერთო და მისი საყვარელი ამერიკული საფეხბურთო გუნდის „Cleveland Browns-ის“ მაისურით გამოჩნდა.

კამპანიაში ასევე ჩართული იყვნენ სხვა ცნობილი ქალებიც, მათ შორის მელანია ტრამპი და სერენა უილიამსი.

"


მოამზადა მარიამ ტალახაძემ