Разное

რამდენ ტყეს ფლობენ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში?

15 September, 2020

17 აგვისტოს ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში „ღამის სტუდია“ “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა  ნანა დევდარიანმა, რომელიც ამჟამად პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრია, სახელმწიფოს მიერ ჩინეთის მოქალაქეებისთვის ტყის მასივების გადაცემაზე ისაუბრა.  მისი თქმით, საქართველოში ტყის მასივების დიდი წილი ჩინეთის მოქალაქეებზე ხანგრძლივი იჯარით არის გადაცემული. 

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: „სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია საბაზრო ღირებულებით გამოისყიდოს მიწა, რომელიც ორ კაპიკად მისცა იმ უცხოელს... ის, რომ ჩინელებს მთელი ტყის მასივები მისცეს, კი არ მიუყიდიათ, მაგრამ ხანგრძლივი იჯარა, ფაქტობრივად მიყიდვაა, 49 წლის მერე მე და შენ ვერ ვიჯდებით ამ სტუდიაში, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ...“.

დევდარიანის განცხადება, თითქოს ტყის მასივების უდიდეს ნაწილს გრძელვადიანი ლიცენზიებით ჩინეთის მოქალაქეები ფლობენ, დეზინფორმაციაა საქართვლოში ტყეს ერთადერთი ჩინური კომპანია დროებით სარგებლობაში 2027 წლამდე ფლობს და მის სარგებლობაში არსებული ტყე ქვეყნის ტყით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ 1,4%-ს შეადგენს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთის მოქალაქისთვის ტყის გადაცემა სარგებლობაში არც ერთი ფორმით არ მომხდარა.

  • საქართვლოში ტყეს ერთადერთი ჩინური კომპანია დროებით სარგებლობაში 2027 წლამდე ფლობს და მის სარგებლობაში არსებული ტყე ქვეყნის ტყით დაფარული ტერიტორიის 1,4%-ს შეადგენს.

“მითების დეტექტორს” “სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ” აცნობა, რომ ტყის სარგებლობის სფეროში ლიცენზიატებიდან მხოლოდ ერთი არის ჩინური კომპანია, რომელიც საქართველოში ტყეს სარგებლობაში 2027 წლამდე ფლობს და მან 20 წლიანი ლიცენზია 2007 წელს მიიღო. ის ტყით დაფარულ ტერიტორიებს 20 წლის ვადით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: კახეთში, მცხეთა-მთიანეთში და აჭარაში ფლობს, რაც საერთო ჯამში ტყით დაფარულ 39,1 ჰა-ს შეადგენს. “ეროვნული სატყეო სააგენტოს” ინფორმაციით, საქართევლოში ტყით დაფარული მიწების საერთო რაოდენობა 2822.4 ათასი ჰა არის, საიდანაც 642,1 ჰა ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. შესაბამისად, ჩინური კომპანია საქართველოს ტყით დაფარული ტერიტორიის მხოლოს 1,4%-ს ფლობს დროებით სარგებლობაში. 

"

  • ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთის მოქალაქისთვის ტყის გადაცემა სარგებლობაში არც ერთი ფორმით არ მომხდარა.

ტყის ჩინეთის მოქალაქეებისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად  “მითების დეტექტორი” საქართევლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს მიერ მოწოდებული წერილის თანახმად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთის მოქალაქისთვის ტყის გადაცემა სარგებლობაში, არც ერთი ფორმით არ მომხდარა. 

"


მოამზადა ნინო კალაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია