Здравоохранение/биобезопасность

ტროლი, რომელიც ვაქცინებზე კონსპირაციებს ავრცელებს, უკრაინელი კოსმეტოლოგის იდენტობას იპარავს

31 July, 2020

24 ივლისს ფეისბუქ პროფილმა Mariam Mentesashvili გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუქ ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌”. პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ში საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA), რომელიც პრეპარატებისა და ვაქცინების გამოყენებაზე ნებართვას გასცემს, განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა არაუმეტეს 50% იქნება. გარდა ამისა, პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინების გაყიდვა და მოსახლეობის აცრა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ფაუჩის ინტერესებში შედის, რადგან ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების აქციების მფლობელია, ხოლო ბილ გეიტსი ვაქცინის მწარმოებლების დამფინანსებელია. პოსტის ბოლოს მითითებულია “ექიმი თ. თოფურია”, საიდანაც ვიგებთ, რომ აღნიშნული პოსტი ჰომეოპათ ქეთი თოფურიას ეკუთვნის და ის მას საკუთარ გვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

31 ივლისის მონაცემებით, თოფურიას პოსტს მის პირად გვერდზე და ფეისბუქ ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌” ჯამში ერთად 180 გაზიარება აქვს, მათ შორის, 30 ივლისს პოსტი გააზიარა პრორუსულმა გვერდმა “სტალინი”, აღწერით “ნუ აიცრებით ვაქცინა კლავს”.

1

2

თინა თოფურიას პოსტი მანიპულაციურია და კონსპირაციასაც შეიცავს. რეალურად, FDA-მ განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინის დამტკიცება მათ მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვაქცინის ეფექტიანობა მინიმუმ 50% იქნება. რაც შეეხება ფაუჩის მიერ აქციების ფლობას, ამის მტკიცებულება არ არსებობს. Mariam Mentesashvili, რომელმაც თოფურიას პოსტი ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌” გააზიარა, ყალბი ფეისბუქ ანგარიშია, რომელიც უკრაინელი კოსმეტოლოგის იდენტობას იპარავს.

  • FDA-ის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინის დამტკიცებისთვის საჭიროა მინიმუმ 50% ეფექტიანობა

მცდარია იმის მტკიცება, თითქოს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 50%-ზე მეტი არ იქნება. პოსტის ავტორს, თინა თოფურიას მითითებული აქვს წყარო, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. სინამდვილეში, 30 ივნისის სენატის ბრიფინგზე FDA-მ ახალი მითითებები წარმოადგინა, რის საფუძველზეც ის COVID-19-ის ვაქცინებს დაამტკიცებს. მითითებებში გაწერილია, რომ ვაქცინა სულ მცირე 50%-ით ეფექტიანი მაინც უნდა იყოს COVID-19-ის რისკის შემცირების მხრივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, FDA მას ბაზარზე გატანისთვის ლიცენზიას არ მისცემს. იმისათვის, რომ ვაქცინამ ლიცენზია მიიღოს, შემოწმების 3 ფაზა უნდა გაიაროს, მათ შორის კლინიკური გამოცდები, რათა შეფასდეს მისი უსაფრთხოება, ეფექტიანობა და მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები. 

ვაქცინის მწარმოებელი 5 ტოპ კომპანია AstraZeneca, Johnson & Johnson, Merck, Moderna და Pfizer ვარაუდობენ, რომ COVID-19-ის ვაქცინის შეზღუდული რაოდენობა წლის ბოლოსთვის იქნება, ხოლო მისი ბაზარზე გატანა 2021 წელს მოხდება, იმ შემთხვევაში თუ FDA-ს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 

  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფაუჩი ვაქცინის მწარმოებელი რომელიმე კომპანიის აქციებს ფლობს

ცნობები, თითქოს აშშ-ის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორს ენტონი ფაუჩის COVID-19-ის ვაქცინებში ინვესტიცია აქვს ჩადებული და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ვაქცინაციას, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია აპრილშიც ვრცელდებოდა და ის PolitFact-მა გადაამოწმა. მისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს და მსგავსი ინფორმაციის შემცველი პოსტი, რომელიც ფაუჩის ფინანსურ სარგებელზე მიუთითებდა, ფეისბუქის ადმინისტრაციამ ყალბ ამბად მონიშნა. ფაუჩისთან ერთად კონსპირაციის ობიექტი ხდება ბილ გეიტსიც, რომელიც NIAID-ის ირიბად ეხმარება, იმით, რომ აფინანსებს ჯგუფს ვინც NIAID-თან ერთად კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. გეიტსების ფონდმა COVID-19-ის ვაქცინის აღმოჩენისა და დიაგნოსტიკისთვის 60 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, თუმცა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ენტონი ფაუჩიმ აქედან ფინანსური სარგებელი მიიღო. 

წყაროების შესახებ

Mariam Mentesashvili, რომელმაც პოსტი ფეისბუქ ჯგუფში “კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌” გააზიარა, ყალბი ფეისბუქ ანგარიშია და უკრაინელი კოსმეტოლოგის იდენტობას იპარავს. Aleksandra Plakhtii მისი ნამდვილი ფეისბუქ პროფილია, კოსმეტოლოგს კიევში ტატუსა და ესთეტიკის საკუთარი სალონი აქვს, სადაც პერმანენტულ მაკიაჟსაც აკეთებს. ფეისბუქზე იძებნება მისი სალონის გვერდიც, ასევე აქვს ინსტაგრამის პროფილიც, სადაც თავის ნამუშევრებს აქვეყნებს. ალექსანდრა იძებნება რუსულ სოციალურ ქსელ VK-შიც.

ყალბ ანგარიშს პროფილის და გარეკანის ფოტოდ ალექსანდრას ფოტოები უდევს, სხვა ფოტოები მის პროფილზე საჯაროდ ხელმისაწვდომობი არ არის.

3

ალექსანდრას ნამდვილი ფეისბუქ ანგარიში და მისი სხვა ფოტოები

4

5

6
 

რაც შეეხება ჰომეოპათ თინა თოფურიას, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებით, “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.


მაიკო რატიანი