Идентичность

რა აერთიანებს "МОСКВА - ТРЕТИЙ РИМ"-ს, Информ Религия-სა და Geworld-ს?

13 March, 2020

11 მარტს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ყურადღება! ამერიკელები აპირებენ, სოციალური ქსელების გამოყენებით ასწავლონ ჩვენს შვილებს სოდომისტებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება”. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია LGBT New World Society სოციალურ ქსელებში ლგბტ პროპაგანდის გავრცელების მიზნით ახორციელებს პროგრამას “ტოლერანტობის დესანტი”. სტატიას თან ახლავს მანიპულაციური ფოტოები, რომლებზეც არასრულწლოვნები ლგბტ დროშებით ხელში არიან გამოსახული.

საქართველო და მსოფლიო: “ორგანიზაცია LGBT New World Society-მ, რომელიც ჰომოსექსუალების უფლებებს იცავს, განაცხადა, რომ დაიწყო აქცია “ტოლერანტობის დესანტი”. ეს ნიშნავს, რომ ამ ღონისძიების მონაწილე აქტივისტები რეგისტრირდებიან იმ ქვეყნების სოციალურ ქსელებში, რომლებშიც ჰომოსექსუალებს თავს ესხმიან ან არ ეპყრობიან საკმარისი პატივისცემით, და იქაურ ახალგაზრდებს შორის “მეგობრულ განმარტებით საუბრებს” აწყობენ. იუწყებიან, რომ აღნიშნული აქცია ჩატარდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი, ირანი, რომლებშიც ერთი და იმავე სქესის წყვილებისადმი მხარდაჭერის ყველაზე დაბალი პროცენტია…  ჩვენ ცივილიზებული მსოფლიოს სახელით სიძულვილის ოკეანიდან გამოვიყვანთ გზააბნეულ ხალხებს”, _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვიქტორია ჰილზმა.”

 “საქართველო და მსოფლიოს” მტკიცება, თითქოს LGBT New World Society სოციალური ქსელების მეშვეობით ირანში, ბელარუსში და რუსეთში ლგბტ პროპაგანდას ავრცელებს, ტყუილია. ასეთი ამერიკული ორგანიზაცია არ არსებობს, სტატიის კონტენტი გაყალბებულია, ფოტოები კი ნაცვლად ჩამოთვლილი ქვეყნებისა, სულ სხვა მოვლენას უკავშირდება და ჰელსინკის და ბუენოს აირესის ღირსების მარშს ასახავს. იდენტური ყალბი ცნობები, იდენტური სათაურებითა და ვიზუალით, რუსულმა გამოცემებმა “Москва - Третий Рим” და Информ Религия-მაც ანტიამერიკულ კონტექსტში გააშუქეს.

  • ორგანიზაცია LGBT New World Society არ იძებნება

“საქართველო და მსოფლიო” ამტკიცებს, რომ მსგავსი დასახელების ორგანიზაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს, თუმცა LGBT New World Society აშშ-ში რეგისტრირებულ ლგბტ უფლებადამცველ ორგანიზაციებს შორის არ იძებნება. ასევე არ იძებნება ვინმე ვიქტორია ჰილზი, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” მტკიცებით პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. სტატიაში ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის და გავრცელებული კონტენტი სავარაუდოდ მთლიანად გაყალბებულია.

  • მანიპულაციური ფოტოები 

23

24

მოცემულ ფოტოებს არაფერი აქვთ საერთო ამერიკულ ლგბტ ორგანიზაციასთან ან იმ ქვეყნებთან (ირანი, ბელარუსი, რუსეთი), რომლებშიც “საქართველო და მსოფლიოს” თქმით ლგბტ პროპაგანდა ვრცელდება. პირველი ფოტოს Google Image Search-ის ძიების შედეგი გვიჩვენებს, რომ ფოტო 2018 წელს ჰელსინკის ღირსების მარშზეა გადაღებული. 

25

რაც შეეხება მეორე ფოტოს, ის 2012 წლისაა და ბუენოს აირესის ღირსების მარშს ასახავს.

26

  • იდენტური რუსული წყარო და იდენტური სათაურები

მართალია, Geworld.ge მასალას პირველწყაროს მითითების გარეშე ავრცელებს, მაგრამ საძიებო სისტემებით მოძიებისას ირკვევა, რომ იდენტური ყალბი ინფორმაცია, იდენტური სათაურითა და ფოტოთი რუსული გამოცემებმა “Москва - Третий Рим” და საინფორმაციო სააგენტო Информ Религия-მ გაავრცელეს, რაც დეზინფორმაციული შინაარსის კოორდინირებულ გავრცელების ნიშნებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ Geworld.ge “Москва - Третий Рим”-ის იდენტური ყალბ ინფორმაციებს და კონსპირაციებს ადრეც ავრცელბდა. მაგალითად, მასზე დაყრდნობით, Geworld.ge წერდა, რომ უკრაინაში 14 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ნებას რთავდნენ, ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ-ში ადამიანებისა და შიმპანზეების შესაჯვარებლად ცდებს ატარებდნენ.  

27

28

წყაროს შესახებ

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.