სატელევიზიო სიუჟეტი

ჰანს იოახიმ კიდერლენი: როგორ არ უნდა იზიარებდეს საქართველო ევროპულ ღირებულებებს, თუ ის უკვე ევროპის ნაწილია?!


კითხვა მდგომარეობს იმაში, ეწინააღმდეგება თუ არა ევროპული ღირებულებები ქრისტიანულ ღირებულებებს. ვფიქრობ, რომ თავად კითხვა საწყისშივე მცდარია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ევროპის ნაწილად განიხილავს. ადამიანების უმეტესობა, ვისაც ამ კითხვას ვუსვამ,ამბობს, რომ დიახ, ისინი ევროპელები, ევროპის ნაწილი არიან. შესაბამისად, როგორ არ უნდა იზიარებდეს საქართველო ევროპულ ღირებულებებს, თუ ის უკვე ევროპის ნაწილია?!

მეორე არასწორი ინტერპრეტაცია ევროპული ღირებულებების ქრისტიანულთან დაპირისპირებას უკავშირდება. ევროპული ფასეულობების საფუძველი ქრისტიანობა, ქრისტიანული სარწმუნოებაა. ყველამ ვიცით, რომ ქრისტიანული რწმენა თავისუფლების ცნებას, ცოდვისგან, მონობისგან განთავისუფლებას ეფუძნება. ჩვენ საკუთარ თავს ქრისტეს მიერ გამოსყიდულებად მივიჩნევთ, რათა ვიყოთ თავისუფალი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საკუთარი სინდისით მოქმედებენ, იციან, რომ უკვე მიეტევათ ქრისტეს და მისი ჯვარცმის შედეგად. ამდენად, ევროპული ფასეულობები თავისთავად დიდწილად ეფუძნება ქრისტიანულ ფასეულობებს.

ცხადია, შესაძლებელია ქრისტიანული ფასეულობების ინტერპრეტირება, განვითარება, სახის ცვლილება, მაგრამ არსებითად ისინი უცვლელია. ამიტომ, როგორ შეიძლება ქრისტიანული ფასეულობები წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ ფასეულობებთან, როდესაც ევროპული ფასეულობები ძირითადად ქრისტიანობაზეა დაფუძნებული.

კულტურა მეტად წინააღმდეგობრივია, მხედველობაში მაქვს ის, რასაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავიანთ კულტურად მიიჩნევენ, რას მივიჩნევთ ჩვენ ევროპაში. ამ საკითხმა გარკვეული აქტუალობა ბრიუსელსა და პარიზში მომხდარი ტერორისტულ შეტევებთან მიმართებით შეიძინა. რაზე განახორციელა ამ ხალხმა შეტევა? მათ შეუტიეს ძირითადად ევროპულ ფასეულობებს, რადგან ისინი არ არიან მზად შეეგუონ ხალხის თავისუფლებას - თავისუფლებას იმოქმედო საკუთარ სინდისზე დაყრდნობით. ხალხი, რომლებმაც განახორციელა შეტევები პარიზსა და ბრიუსელში თავისუფლების აღქმის წინააღმდეგ არიან, რაც ევროპული კულტურის და ფასეულობების საფუძველია, რაც ქრისტიანული ღირებულებებიდან მომდინარეობს მათ თავდასხმა სიტყვის, სინდისისა და გამოხატვის თავისუფლებაზე განახორციელეს. ისინი იმ უფლების წინააღმდეგები არიან, რაც აზრის გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს, რომელსაც შესაძლოა ყველა არ იზიარებდეს, მაგრამ მაგრამ ეს მათი აზრია.ადრეულთან შედარებით უფრო ცხადი გახდა, თუ რას წარმოადგენს ევროპული ფასეულობები. ამ თავდასხმების შემდეგ, ევროპული ღირებულებების სახელით, ქუჩებში შეტევებისა და მკვლელობის გასაპროტესტებლად ბევრი ადამიანი გამოვიდა.

თავისუფლება არის ის, რასაც ჩვენ როგორც საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებთან, ასევე მსოფლიოს ყველა სხვა ქრისტიანთან და ასევე ევროპელ ქრისტიანებთან ერთად ვიზიარებთ. ასე რომ, რაიმე ფუნდამენტური წინააღმდეგობა, შეუსაბამობა მათ შორის არ უნდა არსებობდეს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვახდენთ რწმენის ინტერპრეტირებას საკუთარი კულტურული აღქმების მიხედვით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რწმენაზე, მისი აღქმა სარწმუნოებად ყოველთვის მყისიერად არ ხდება და ვახდენთ მის განმარტებას კულტურის მეშვეობით.

ასე რომ, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება საქართველოში მცხოვრებ მეინსტრიმსა და ევროპაში მცხოვრებთა შორის, თუმცა დისკუსია ორივე მხარეს მიმდინარეობს, მაგალითად ოჯახურ ფასულობებზე.

ოჯახური ფასულობები მხოლოდ ქრისტიანობის მონოპოლია არაა, იგი სხვა რელიგიებშიც არსებობს. ოჯახური ფასეულობების ქრისტიანული ინტერპრეტაცია ეფუძნება სიყვარულსა და პარტნიორობას კაცსა და ქალს შორის. ოჯახი, რომელიც ამ ალიანსს ეფუძნება, დაფასებულია ქრისტიანობაში, მაგრამ სხვა კულტურები და რელიგიებიც იზიარებენ ამ პატივისცემას. საკითხი მდგომარეობას იმაში, თუ როგორ უნდა შევათავსოთ ეს კულტურული ღირებულებები, საოჯახო ღირებულებები ქრისტიანულ ღირებულებებთან. აქ შემოდის თავისუფლების ცნება. არსებობს სიტუაციები, როდესაც ჩვენ გვიხდება თავისუფლების ქრისტიანული ღირებულებების იმ ღირებულებებზე წინ დაყენება, რომელსაც ჩვენი კულტურა გვკარნახობს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცი და ქალი ტოვებს დედას და მამას რწმენის სახელით, ასე რომ ქრისტიანული რელიგია ზუსტად არ იდენტიფიცირდება იმასთან, რასაც ჩვენ ოჯახურ ღირებულებებად მოვიაზრებთ.

პერსონალური მოსაზრება, სინდისი, თავისუფლება ღმერთის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი დამოკიდებულება ამ სამყაროს მიმართ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს მრავალი სახის კავშირი, შეზღუდვა ადამიანების მიმართ: ბიზნესში, პროფესიულ ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ მივყვებით გარკვეულ მოსაზრებებს, შეზღუდვებს, ვალდებულებებს,რომელთაც საზოგადოება გვკარნახობს. ქრისტიანობა გვეუბნება, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს. შესაბამისად, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ წინააღმდეგობას, ერთის მხრივ, იმას შორის, რასაც კულტურა პოლიტიკის, პროფესიული ცხოვრების, საზოგადოების თვალსაზრისით გვკარნახობს და მეორეს მხრივ, თუ რის უფლებას გვაძლევს ქრისტიანობა. ყველაფერი დაშვებულია - ამბობს მოციქული პავლე - მაგრამ რაც დაშვებულია, ყველაფერი კარგი არაა. 

ქრისტიანობის სახელით ჩვენ გარკვეულწილად შეიძლება დავუპირისპირდეთ ამქვეყნიურ კანონებს და ქრისტე ამის საუკეთესო მაგალითია. ის არ დაემორჩილა ამ სამყაროს კანონებს, რადგან მას ჰქონდა სხვა მისია, ვიდრე დამორჩილებოდა იმას, რასაც სამყარო მისგან მოელოდა. ის იყო მესია, რომელიც არ ისწრაფვოდა ძალაუფლებისკენ, ებრაელი ხალხის პოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ, არამედ ისწრაფვოდა სულიერი თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ, სულიერი ხსნისკენ.

ამდენად, პასუხი კითხვაზე არის თუ არა რაიმე შესაძლო წინააღმდეგობა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს შორის, ნათელი უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავრწმუნდეთ რა არის კულტურული ღირებულება, რა არის რწმენითი ღირებულება, რა არის ის საერთო საფუძველი ყველა ქრისტიანისთვის მსოფლიოში - იქნება ის კათოლიკე, ლუთერანი თუ ორთოდოქსი. რა არის რწმენის საერთო ინტერპრეტაცია და როგორ ხდება ის გასნხვავებულ კულტურულ, ისტორიულ და გეოგრაფიულ არეალში.

ვფიქრობ, რომ თავისთავად ამ შეკითხვაზე პასუხი საკმაოდ რთულია. თუ კულტურის თვალსაზრისით განვიხილავთ საკითხს,შესაძლოა არსებობდეს წინააღმდეგობა საქართველოშიკულტურულ აღქმებსა და იმას შორის, რაც დასავლურ ევროპულ კულტურად აღიქმება. თუმცა, რწმენის თვალსაზრისით, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სიყვარულის კანონს, პატივისცემას და ერთმანეთის მიმართ ტოლერანტობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რაიმე სახის განსხვავებაზე, რომლებიც დასაძლევი გვაქვს.


ჰანს იოახიმ კიდერლენი, საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი