სატელევიზიო სიუჟეტი

ევროპული სტანდარტი უსაფრთხო მოძრაობისა და ეკოლოგიური სისუფთავისთვის


"სტრადა ჯგუფის" მმართველი პარტნიორი დავით ზაუტაშვილი ტრანსპორტის სფეროში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. საქართველო ნელ-ნელა იწყებს ევროსტანდარტებზე გადასვლას, რაც გულისხმობს უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას. ეს მიიღწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერების შემოღებით, ევრო 4-ის სტანდარტზე გადასვლით. გარდა ამისა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია 2016 წლის მარტიდან შეიზღუდება, რაც თავის გავლენას იქონიებს იაპონური ბაზრიდან მეორადი ავტომანქანების ვაჭრობასა და საქართველოში ავტომობილების რეექსპორტის ბიზნესზე. არის ვარაუდი, რომ ევროსანდარტებზე გადასვლის შემთხვევაში რეექსპორტისთვის აზერბაიჯანული ბაზარი ისევ აქტუალური გახდება. განბაჟების ახალი წესების მიხედვით,9 წელზე ასაკიანი ავტომობილების განბაჟება შედარებით გაძვირდება, ხოლო უფრო ახლისა კი - გაიაფდება. ეს პოლიტიკა ხელს შეუწყობს უფრო გამართული და ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის საქართველოში შემოდინებას.

ბატონი დავითის თქმით, ცვლილებები სატრანსპორტო სფეროში საჭიროა, ის უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო. ბუნებრივია, რომ ცვლილებები ბიზნესსა და კერძო მფლობელებზე გარკვეულ კვალს დატოვებს, თუმცა ფაქტი ერთია - უსაფრთხო მოძრაობისთვის, ეკოლოგიური სისუფთავისთვისა და სტაბილური ბიზნესისთვის საჭიროა ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა.