“ალტ ინფოს” საცდელი მაუწყებლობა ეთერში 8 იანვარს გავიდა. მათ საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღეს, ხოლო დამფუძნებლები შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია არიან. “ალტ ინფოს” გადაცემები ფეისბუქ გვერდ Alt-TV-ის მეშვეობით ვრცელდება, რომელიც 3 იანვარს შეიქმნა. ფეისბუქზე ასევე იძებნება ალტ-ინფოს საჯარო ჯგუფი, რომლის ადმინისტრატორი გიორგი ოძელაშვილია.
ანტილიბერალური ჯგუფი “ალტ-ინფო” ქართველ ულტრანციონალისტებთან დაკავშირებული პროპაგანდისტული და ანტიდასავლური პლატფორმაა. ის ხშირად აქვეყნებდა მანიპულაციურ და მცდარ მასალებს მიგრანტებზე, ლიბერალურ კანონმდებლობასა და ფილანტროპ ჯორჯ სოროსზე.
შპს “ალტ-ინფო” 2019 წლის 28 იანვარს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დირექტორად მითითებულია შოთა მარტინენკო, რომელიც ამავდროულად 50%-იანი წილის მფლობელია, ხოლო დანარჩენ 50%-ს კი ციალა მორგოშია ფლობს. ალტ-ინფოს ვებ-საიტი, სადაც სიახლეები ქვეყნდება Whois Lookup-ის ინფორმაციით 2017 წლის 11 ივნისს შეიქმნა. რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს, ის თავდაპირველად ფეისბუქის ადმინისტრაციამ 2019 წლის მაისში, ხოლო მეორედ 2020 წლის ოქტომბერში გააუქმა. ოქტომბერში ალტ-ინფოს არა მარტო ერთი ფეისბუქ გვერდი, არამედ მთლიანი ქსელი გაუქმდა. DFRLab-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ თავისი კონტენტის გასავრცელებლად ალტ-ინფო ფეისბუქ პროფილების, გვერდების და ჯგუფების არაავთენტურ ქსელს იყენებდა.
ალტ-ინფოს აქტივობის შესახებ წერდა “სამართლიანი არჩევნებიც”, რომლის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულია 2019 წლის 30 იანვარს რეგისტრირებული ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.