თავდაცვა/უსაფრთხოება

ზურაბიშვილის მანიპულაციური განცხადება: ყოფილმა პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის საბჭოთა საზღვრები აღადგინა

16 ოქტომბერი, 2018

12 ოქტომბერს ,,რუსთავი2”-ის 9-საათიანი ,,კურიერის” ეთერში გავიდა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლითაც მან, საარჩევნო შეხვედრების ტურნეს ფარგლებში, შიდა ქართლის მოსახლეობას მიმართა. ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ზურაბიშვილმა “სამხრეთ ოსეთისთვის” საბჭოთა საზღვრების აღდგენაში წინა ხელისუფლება, კერძოდ პრეზიდენტი სააკაშვილი დაადანაშაულა.

"

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი: „რატომ აღადგინა მაშინდელმა პრეზიდენტმა [მიხელ სააკაშვილმა] სამხრეთ ოსეთი თავის საბჭოთა საზღვრებში და არა იმ საზღვრებში, რომელიც იყო ჩვენი პარტნიორებისგან ეუთოში დადგენილი, სადაც, სწორედ არ შედიოდა არც ახალგორი, არც ლიახვის ხეობა და რომელიც არ იყო ის, სადაც დღეს ჩვენ ვხედავთ მცოცავ საზღვრებს.”

სალომე ზურაბიშვილის განცხადება მანიპულაციურია, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის, კერძოდ, სამაჩაბლოს ოკუპაციის წინა ხელისუფლების მიერ საბჭოთა საზღვრების აღდგენად მონათვლა რუსეთისათვის პასუხისმგებლობის მოხსნას ისახავს მიზნად.

2008 წელს რუსეთმა იმ ტერიტორიების ანექსია მოახდნა, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდშიც საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. იდენტური განცხადება 1 წლის წინ პრორუსულ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ტვ “ობიექტივის” წამყვანმაც გააკეთა, რომელიც ამტკიცებდა, რომ  არავითარი რუსეთის მცოცავი ოკუპაცია არ არსებობდა და მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ საზღვრებში აღადგინა.

კონფლიქტის განვითარების ქრონოლოგია

  • 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ავტონომიური მმართველობა შიდა ქართლის ოსებით კომპაქტურად დასახლებულ ნაწილებში გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა ოსებს ეროვნულ საბჭოში წარმომადგენლის ყოლის უფლება ჰქონდათ. საქართველი პირველი რესპუბლიკის დროს ძალაში დარჩა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ტერიტორიული დაყოფის სისტემა - ოსებით დასახლებული შიდა ქართლის ტერიტორია გორის მაზრაში, შესაბამისად თბილისის გუბერნიაში შედიოდა.
  • 1921 წელს სსრკ-ს მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის სისტემა შეცვალა.
  • სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში 1922 წლის 20 აპრილს მიღებული დეკრეტით შეიქმნა და 1991 წლის 11 დეკემბრამდე იარსება.
  • 1990 წელს, რუსეთის წახალისებით, სეპარატისტულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაიქმნა.
  • 1990 წლის  11 დეკემბრს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს  დადგენილებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი გაუქმდა. დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის საომარ მოქმედებებში გადაიზარდა.
  • 1992 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებმა და ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის რაიონის ძირითადი ნაწილი, ჯავის რაიონი და ზნაურის რაიონი დაიკავეს.
  • 2008 წელს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა ცხინვალის რაიონის 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმეტესობა ქართულ-ოსური იყო. მხოლოდ ქართველებით დასახლებული სოფლები თითქმის სრულად განადგურებულია.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია დღეს 1991 წლის 21 დეკემბრის კონსტიტუციის მდგომარეობითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. 2008 წლის შემდეგ, საქართველომ 151 დასახლებულ პუნქტზე დაკარგა კონტროლი და მცოცავი ოკუპაცია დღემდე მიმდინარეობს.  

ქართულ-უკრაინული პარალელები

საქართველოს მსგავსად, საკუთარ ხელისუფლებას ომის დაწყების პასუხისმგებლობას უკრაინის პრორუსული ოპოზიციაც აკისრებს.  უკრაინის ოპოზიციური ბლოკი ყველაზე ლოიალურია რუსეთის მიმართ. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკური ჯგუფების მიერ შემუშავებულ ,, კრემლის გავლენის ინდექსში ”, რომელიც ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის გავლენების გასაზომად გამოიყენება, ნათქვამია, რომ უკრაინის „ ოპოზიციური ბლოკი “, თავს არიდებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის პირდაპირ პოზიტიურად შეფასებას (აგრესიის, ყირიმის ოკუპაციის გამართლება და ა.შ.), მაგრამ, პირდაპირ ადანაშაულებს კიევს ომის გაჩაღებასა და გახანგრძლივებაში და კრემლთან დიალოგისკენ მოუწოდებს , ჰპირდება რა მოქალაქეებს მშვიდობიან ცხოვრებას.”

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის ბოლოს უკრაინაში მიზანმიმართულად ხდებოდა აზრის დამკვიდრება, რომ „რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა გარდაუვალი“ იყო. როგორც წესი, ომის გაჩაღებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კიევზე ხდებოდა (მან არ „შეისმინა დონბასის“, ის დაინტერესებულია ომის გაგრძელებით). ასეთ რიტორიკას განსაკუთრებით ოპოზიციური ბლოკი მიმართავდა.”

მასალა იდენტურ თემაზე: “ობიექტივის” წამყვანი რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსიას უარყოფს.