NATO-ში ინტეგრაცია

“Зеркало недели”-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავოსში გამოსვლა გააყალბა

24 იანვარი, 2018

23 იანვარს, უკრაინულმა ონლაინ პორტალმა “Зеркало недели”-მ ინფორმაცია, სათაურით “საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში: ჩვენ არ გვჭირდება ნატოს დაცვა”  გამოაქვეყნა. მასალაში მოყვანილია დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ციტატა, სადაც ის თითქოს ამბობს, რომ საქართველოს არ სჭირდება ნატო, ხოლო მისი უსაფრთხოების გარანტი ყველა მეზობელთან და მოთამაშესთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები უნდა გახდეს.

Зеркало недели: “ჩვენი სტაბილურობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ესაა ჩვენი მეხუთე მუხლი. ჩვენ არ გვჭირდება ნატო. ჩვენი უსაფრთხოების გარანტია უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ყველა მეზობელთან და მოთამაშესთან. ჩვენ გვსურს ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრირება, ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და დანარჩენ მხარეებთან  - განაცხადა მან (გიორგი კვირიკაშვილმა).”

23 იანვარი,  2018
ZN.UA

“Зеркало недели“-მ საქართველოს პრემიერ - მინისტრის სიტყვები გააყალბა. გიორგი კვირიკაშვილს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს არ უთქვამს, რომ საქართველოს ნატო არ სჭირდება. მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ნატოს მფარველობა, მაგრამ დასავლეთთან პარტნიორობა და კეთილმეგობრული ურთიერთობები გააჩნია, რაც ქვეყნისთვის რეგიონში სტაბილურობის ფორმულას წარმოადგენს.  

ZN.UA-ს გაყალბებული ვერსია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პასუხი დისკუსიაზე “სტრატეგიული პერსპექტივა: ევრაზია”

“ჩვენი სტაბილურობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ესაა ჩვენი მეხუთე მუხლი. ჩვენ არ გვჭირდება ნატო. ჩვენი უსაფრთხოების გარანტია უნდა გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ყველა მეზობელთან და მოთამაშესთან. ჩვენ გვსურს ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრირება, ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და დანარჩენ მხარეებთან  - განაცხადა მან (გიორგი კვირიკაშვილმა).”

“რას ნიშნავს სტაბილურობა საქართველოსთვის?! სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ - აქ საუბარია ღირებულებებზე. საქართველოსთვის კი, ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, და ნელ-ნელა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად; ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ ვაჭრობას, თავისუფალ ვაჭრობას როგორც ევროკავშირთან, ისე - ჩინეთთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ასევე საუბარია შიდა სტრუქტურულ რეფორმებზე, საფუძვლიან რეფორმებზე, რომლებიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ.ეს არის ჩვენი მე-5 მუხლი. ჩვენ არ გვაქვს ნატოს მფარველობა, მაგრამ გვაქვს პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას.”

23 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე “სტრატეგიული პერსპექტივა: ევრაზია” ევროინტეგრაციის, ასევე რუსეთთან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.  მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ კითხვებზე პასუხისას პრემიერ -მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების წინაშე დგას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რუსეთთან ურთიერთობისას საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომელთანაც გამკლავება კონსტრუქციული, მაგრამ ამავე დროს პრინციპული მიდგომით ხდება. ეს ითვალისწინებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრულ პოლიტიკას.


“Зеркало недели. Украина”-ს შესახებ: “Зеркало недели” რომელიც ახალ ამბებს რუსულ და უკრაინულ ენებზე აქვეყნებს.  ონლაინ პორტალზე ZN.UA გამოცემის შესახებ მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული, რომლის მიხედვითაც გამოცემის რედაქცია კიევში მდებარეობს. უკრაინული fact-cheking პროექტის Stopfake.org-ის ცნობით, 2015 წლის ივლისში გამოცემამ ყალბი უნფორმაცია გაავრცელა, თითქოს გაეროს მისიის ანგარიშში უკრაინის შესახებ რუსეთის, როგორც აგრესორის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

 


24 იანვარს, “Зеркало недели”-მ შეცვალა გამოქვეყნებული დეზინფორმაციული მასალის სათაური, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ციტატასთან ერთად და დაამატა, რომ გამოცემას დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის სრული ტექსტი უკრაინაში საქართველოს საელჩომ მიაწოდა.