სხვადასხვა

ზაზა შათირიშვილი სამხედრო მიუმხრობლობას სწორ დოქტრინად მიიჩნევს

16 სექტემბერი, 2020

12 სექტემბერს Facebook-გვერდმა პოლიტიკანო გამოაქვეყნა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ციტატა სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ. პოლიტიკანომ Tinp.ge-ის11 აგვისტოს მასალა გააზიარა, რომელშიც შათირიშვილის ციტატა ნიუსის სახითაა წარმოდგენილი და აღნიშნულია, რომ შათირიშვილმა ნეიტრალიტეტის სიკეთეზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემის „დღის ბოლოს“ ეთერში ისაუბრა. 11 აგვისტოს შათირიშვილის ციტატა ტელეკომპანია ობიექტივმაც Facebook-გვერდზე პოსტის სახით გამოაქვეყნა. შათირიშვილი აღნიშნავს, რომ სამხედრო მიუმხრომლობა ზუსტად გამოხატავს ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკურ ამოცანას. 

ზაზა შათირიშვილი: „მე ძალიან მომწონს ტერმინი სამხედრო მიუმხრობლობა. ეს კონკრეტული და სწორი დოქტრინაა. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით მიუმხრობლები, გვქონდა დიდი წარმატება. საქართველო ყოველთვის იყო გზაჯვარედინი, ცივილიზაციური შუამავალი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ჩვენ ამ 30 წლის შემდეგ მართლაც ახალი პარადიგმის წინაშე ვდგავართ. თუ გვინდა ჩვენი კულტურის გადარჩენა, უნდა მივსდიოთ იმ ვარსკვლავს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ შუამავლები, კულტურულ-ცივილიზაციური გზაჯვარედინი და, აქედან გამომდინარე, სამხედრო მიუმხრომლობა არაჩვეულებრივად ზუსტად გამოხატავს ჩვენს ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ ამოცანას.”

„მითების დეტექტორი“ სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ნარატივებს უკვე წლებია აკვირდება. გაგაცნობთ  ამ თემაზე სხვადასხვა დროს გავრცელებულ ძირითად ნარატივებს.

მითი: ნეიტრალიტეტის ან „უბლოკო სტატუსის” მიღების სანაცვლოდ, რუსეთის ჩართულობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდება

რეალობა: რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს და მათთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. გარდა ამისა, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის თანახმად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან თანამშრომლობა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

მითი: სამხედრო მიუმხრობლობა საქართველოს უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციას გამორიცხავს

რეალობა: აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ 1918 წელს გამოცხადებული ნეიტრალიტეტისა, ასევე 1920 წელს სსრკ-სთან დადებული ხელშეკრულების პირობებისა, ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია მაინც განახორციელა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი", რომლის მე-3 პუნქტით საქართველომ საერთაშორისო ომიანობაში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. 1920 წელს კი საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულებით, რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები. თავის მხრივ, საქართველომ პირობა დადო რომ საკუთარ მიწაზე არ განალაგებდა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯარებს. მიუხედავად ამისა, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა.

მითი: საქართველოს მხრიდან ნეიტრალიტეტის სურვილის გაცხადება სამხედრო მიუმხრობლობის გამოცხადების პროცესში გადამწყვეტი ნაბიჯია

რეალობა: საერთაშორისო შეთანხმების გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს სურვილით, შეუძლებელია ის გახდეს ნეიტრალური და მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები. მაგალითად, 1995 წელს თურქმენეთის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტი გაეროს რეზოლუციითაა აღიარებული, ასევე მოხდა 1955 წელსაც, როცა ავსტრიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ამ გადაწყვეტილებას და ასევე ავსტრიის დეოკუპაციას კი მხარი დაუჭირეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და საბჭოთა კავშირმა.

გარდა ამისა, საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის/უბლოკო სტატუსის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებთან. 1907 წლის 18 ოქტომბრის ჰააგის V კონვენციის პირველი პრინციპის თანახმად, ნეიტრალური ძალების ტერიტორია არის დაურღვეველი. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ გახდება ნეიტრალური, თუ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია და იგი იმყოფება კონფლიქტურ მდგომარეობაში. 2008 წლის ომის შემდგომ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კვლავ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია.

ნეიტრალიტეტის გარშემო გავრცელებული მითების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
     მითი საქართველოს ნეიტრალიტეტისა და „უბლოკო სტატუსის შესახებ"

ნეიტრალიტეტის/სამხედრო მიუმხრობლობის საკითხი პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” დღის წესრიგია და პარტიის 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. “პატრიოტთა ალიანსი” ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის კონსენსუსის ეჭვ ქვეშ დაყენებას ალტერნატიული გამოკითხვების მეშვეობით ცდილობს. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალა: 
     თარხან-მოურავი მოსახლეობის 78%-ის სახელით NATO-ზე საუბრობს

ზაზა შათირიშვილის შესახებ

ზაზა შათირიშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარდგენით, 2018 წლის 23 მარტს გახდა. სწორედ ამ დროს,  2018 წლის აპრილში, შათირიშვილმა ხელისუფლებასთან ახლო კავშირების მქონე ინტერნეტ ტელევიზია POSTV-ში 16%-ანი წილი გაყიდა, თუმცა POSTV-ის კონტენტში შათირიშვილი დღემდე იკვეთება.  2018 წლის დეკემბერში ზაზა შათირიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იმ მოტივით დატოვა, რომ ახალი ტელევიზიის გახსნას აპირებდა. 2018 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა „Salte.ge-ის“ („სამოქალაქო ალტერნატივა“) ვებ-გვერდი, 2019 წლის დასაწყისში კი პირველი გადაცემებიც მომზადდა. გადაცემაში ანტილიბერალური გზავნილების გაჟღერება შეინიშნება. სწორედ „Salte.ge-ის“ ერთ-ერთი წამყვანია ზაზა შათირიშვილი.