პოლიტიკა

“Vladimir putin” და “putin xuilo” - საქართველოდან Google-ში პუტინის შესახებ ყველაზე ხშირად ძიებადი სიტყვებია

2 მარტი, 2020

27 თებერვალს ონლაინ გამოცემა “NewsFront-მა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია რუსული სააგენტო ТАСС-ის ჟურნალისტის ანდრეი ვენდენკოს მიერ პუტინთან ჩაწერილი ინტერვიუების შესახებ, სტატიას თან ერთვის ფრაგმენტები ამ საუბრებიდან.

მასალაში აღნიშნულია, რომ “ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული საძიებო სიტყვათწყობა, რომელიც ვლადიმირ პუტინს სახელს უკავშირდება, არის “პუტინი + საქართველო”.

NewsFront-ის მიერ გავრცელებული ეს ცნობა დეზინფორმაციაა. 1)საქართველოდან და რუსეთიდან ბოლო 12 თვის განმავლობაში Google-ში ყველაზე ხშირად მოძიებული 25 საკითხიდან არც ერთი არ არის კომბინაცია “პუტინი+საქართველო” 2) პუტინის შესახებ საქართველოდან ყველაზე ხშირად არა პუტინის და საქართველოს კომბინაცია, არამედ “vladimir putin” და “putin xuilo” მოიძიეს. 3) პუტინი და საქართველო, როგორც ერთად გამოყენებული საძიებო სიტყვები Yandex-ის საძიებო სისტემით  მხოლოდ 34-ჯერ მოიძიეს.

პუტინი+საქართველო და Google Trends

Google-ის მიერ შექმნილი საიტის, Google Trends-ს, საშულებით შეგვიძლია გავიგოთ კონკრეტულ ქვეყანასა თუ რეგიონში რას გუგლავდნენ ყველაზე ხშირად დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამ საიტზე საძიებო მასალები ორ კატეგორიაში ნაწილდება: საერთო ჯამში ყველაზე ხშირად მოძებნილი სიტყვები და შეკითხვები (Top) და საკითხები, რომელთა მოძიებაც განსაკუთრებით ბოლო დროს გახშირდა (Rising). 

Google-ს საძიებო მექანიზმი Google Trend-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე ხშირად დაგუგვლადი 25 საკითხიდან პირველ ადგილზე სოციალური ქსელი ფეისბუქია. სხვა მოწინავე ადგილებსაც სოციალური ქსელები (Youtube, Odnoklassniki), ამინდის პროგნოზი, ქვეყანა საქართველო და ონლაინ კაზინოების საიტები იკავებენ:

 

ბოლო დროს კი საქართველოდან გუგლში ყველაზე ხშირად  მოძიებული (rising) 9 საკითხიდან პირველი სამი ასე გამოიყურება:

  1. სამეფო კარის თამაშები
  2. ვიდეო თამაში “Pubg”
  3. Dubbing - Filmmaking

დარჩენილ ადგილებს კი Pornhub,  ამინდის პროგნოზი, ონლაინ კაზინო და თურქეთის რესპუბლიკა ინაწილებენ:


""

რაც შეეხება საქართველოდან “დაგუგლულ” პუტინს, ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად იძიებდნენ ინფორმაციას ზოგადად პუტინის შესახებ, თუმცა მის გვართან კომბინაციაში შეურაცხმყოფელ და გინების შემცველ სიტყვებს უფრო ხშირად იყენებდნენ ვიდრე რომელიმე სხვას, ეძებდნენ “პუტინ ხუილოსა” და გიორგი გაბუნიას რუსულენოვან მონოლოგს რუსეთის პრეზიდენტის შესახებ:


"

პუტინისა და საქართველოს კომბინაციის შესახებ ინფორმაციის მოძიების მზარდი სიხშირე არც რუსეთის ტერიტორიიდან ყველაზე ხშირად დაგუგლულ 25 საკითხს შორის იკვეთება. ამ შემთხვევაშიც მოწინავე ადგილებს ამინდი და სოციალური ქსელები იკავებენ:

 

 
  • პუტინისა და საქართველოს ძიება Yandex-ში

რუსული საძიებო სისტემის Yandex-ის მონაცემებითაც, საქართველოდან ყველაზე ხშირად პუტინის შესახებ ინფორმაციას მისი გვარის, სახელისა და მამის სახელის სხვადასხვა კომბინაციებით იძიებდნენ, აინტერესებდათ  რუსეთის პრეზიდენტის ასაკი და ოჯახური მდგომარეობაც. შესაბამისად, საძიებო სიტყვა “პუტინი” ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა წლოვანების, პოლიტიკური თუ ოჯახური სტატუსის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებთან, როგორებიცაა “პრეზიდენტი,” “ცოლი,” “წელი,” “შვილები” და ა.შ.


"

რაც შეეხება “პუტინი+საქართველო” საძიებო სიტყვებს, მათ შორის კავშირი სწორედ Yandex-ში აღმოჩნდა. თუმცა, ეს კომბინაცია საქართველოდან მხოლოდ  34-ჯერ მოიძიეს:

"

რუსეთიდან Yandex-თ ძიებისას პუტინთან კომბინაციაში ყველზე ხშირად გამოყენებული სიტყვა საქართველო ნამდვილად არ არის, ამ შემთხვევაშიც ეძებენ ვლადიმერ პუტინს, ვლადიმირ ვლადომიროვიჩ პუტინს, პრეზიდენტ პუტინს, პუტინის ასაკს და ა.შ.


"

რაც შეეხება პუტინსა და საქართველოს, სიტყვათა ეს წყობა რუსეთის მასშტაბით 1478-ჯერ მოიძებნა მაშინ, როცა პუტინთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი  სიტყვა, მაგალითად, ასაკი 245138-ჯერ მოძებნეს:

"

წყაროს შესახებ

2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა და კავშირები ღიად პრო-რუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს  და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს. News Front-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ. ეს გარემოება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება. მითების დეტექტორმა გადაამოწმა NewsFront-ის მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული კონსპირაციები და დეზინფორმაციები.


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელის წევრი