ვინ მანიპულირებს თომა ჩაგელიშვილის ფილმის კადრებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

136
VIEWS

13 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “ჟურნალისტი” მიხელი სააკაშვილის ვიდეო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ეშმაკს ადამიანის სახე რომ ჰქონდეს……” 34 წამიან ვიდეოში მესამე პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობას “ტრაგიკულ ისტორიას” უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ისტორია ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. შემდეგ კადრში კი თომა ჩაგელიშვილის ხმა ისმის, რომელიც სვამს კითხვას: “ძალიან ძნელია, ხომ, 5 წელია იმ ქვეყანაში არ ყოფილხარ, რომელიც შეცვალე?”, რაზეც სააკაშვილი სიცილით პასუხობს, რომ არა უშავს, “ზოგი მიწაში წევს და იმათთან შედარებით არა მიშავს.” ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მეორე კადრში მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანს გულისხმობს.

16 იანვარს ონლაინ გამოცემა Split-მა მასალა იდენტური სათაურით გამოაქვეყნა. მასალაში ფეისბუქ ანგარიშის “ჟურნალისტი” იგივე ვიდეო სარედაქციო კომენტარის გარეშეა გამოყენებული.

"
გავრცელებული ვიდეო შინაარსობრივად ორი ერთმანეთთან კავშირის არმქონე კადრის გაერთიანებითაა დამონტაჟებული, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის სიკვდილის შესახებ ხუმრობს. რეალურად, კადრები 2018 წლის დოკუმენტური ფილმიდანაა ამოჭრილი, სადაც კადრები განსხვავებული თანმიმდევრობით ფილმის სხვადასხვა ნაწილში გვხვდება. 

ფეისბუქ ანგარიშის “ჟურნალისტის” მიერ გავრცელებული ვიდეო ორი სხვადასხვა კადრის გაერთიანებითაა შექმნილი. კადრები თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმიდან “მიშა” არის ამოჭრილი. ფილმი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ მოვლენებს თანმიმდევრობით საარქივო მასალების გამოყენებით გვიყვება და ამასთანავე, რეჟისორის მიერ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუსაც შეიცავს. “ჟურნალისტის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სწორედ ინტერვიუს კადრებია გამოყენებული, ორივე მათგანი ფილმის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული თანმიმდევრობით გვხვდება.

ფილმის 16:24-ე წუთზე რეჟისორი სააკაშვილს ეკითხება, რამდენად ძნელია, რომ 5 წლის განმავლობაში საკუთარ ქვეყანაში არ ყოფილა. სააკაშვილი კი ხუმრობით პასუხობს, რომ იმათთან შედარებით, ვინც “მიწაში წევს” მის მდგომარეობას არა უშავს.

თომა ჩაგელიშვილი: ძალიან ძნელია, ხომ, 5 წელია იმ ქვეყანაში არ ყოფილხარ, რომელიც შეცვალე?

მიხეილ სააკაშვილი: არა უშავს, ზოგი მიწაში წევს და იმათთან შედარებით არა მიშავს, უკეთესად გამოვიყურები.

ფილმის ამ მონაკვეთის შემდეგ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებთან და რეფორმებთან დაკავშირებული სხვადასხვა საარქივო კადრია ნაჩვენები.

"
17:18 წუთზე ჩანს, რომ სააკაშვილი ტელეფონზე საუბრისას მოსაუბრეს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ კითხვას უსვამს, რათა ეს ინფორმაცია ნიდერლანდებში ლექციის ჩასატარებლად გამოიყენოს. საუბრის დასრულების შემდეგ სააკაშვილი ჩაგელიშვილთან ბრუნდება და კომპიუტერში საარქივო მასალების ყურებას ერთად იწყებენ.

"

19:42 წუთზე სააკაშვილი ეკრანზე სანდრო გირგვლიანის ფოტოს უყურებს და ამბობს, რომ მოვლენას ტრაგიკულად აფასებს.

"

მიხეილ სააკაშვილი: გირგვლიანი იყო ტრაგიკული ისტორია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ის ისტორია, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ჩვენ იქ, ეს ხალხი ვისაც ის გაუფრთხილებლად შემოაკვდა, სიკვდილით დასრულდა, რაც მოხდა, ის ინციდენტი, ეს არაფერი პოლიტიკასთან კავშირში არ იყო ნაღდად. ის ხალხი ციხეში ჩაჯდა და მერე ამას მოhყვა ყველაფერი.

თომა ჩაგელიშვილი: თქვენ ხომ მაგაზე ხართ გასამართლებული, რომ შეიწყალეთ?

მიხეილ სააკაშვილი: მერე რა ხდება, ბოდიშს ვიხდი, ესენი არიან ნაძირლები, რომლებმაც უბრალოდ ყველა სამართლის ნორმა დაარღვიეს. შეწყალება არ იყო. მას შემდეგ, რაც სუპერ პოლიტიზება მოხდა, მას შემდეგ, რაც ამას მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები და უამრავი სხვა რაღაცა და სამწუხაროდ, უკვე ის ტრაგედია გამოყენებული იყო სხვა მიზნებისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ, როდის იყო, სადღაც 5 წლის თუ რაღაცის შემდეგ ეს ხალხი გამოვიდა პირობითად გამოვიდა.

წყაროების შესახებ

ფეისბუქ ანგარიში “ჟურნალისტი” ამავე სახელწოდების გვერდის მიერაა შექმნილი. ფეისბუქ გვერდი “ჟურნალისტი ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ 2021 წლის 8 მარტს შეიქმნა და გვერდის მიზანი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტების დისკრედიტაცია იყო.

"

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

რაც შეეხება ონლაინ გამოცემა Split-ს, მისი დიზაინი გამოცემა Spacenews-ის  იდენტურია, თუმცა ვებ-საიტებზე განსხვავებული ინფორმაციები ქვეყნდება. split.spnews.io გამოცემა Spacenews-ის ოფიციალური ვებ-გვერდის spnews.io-ს ქვედომეინს წარმოადგენს. split.spnews.io-ზე “ჩვენ შესახებ” განყოფილება არ გვხვდება, თუმცა საიტის ბოლოს მითითებულია, რომ საავტორო უფლებები Spacenews-ს ეკუთვნის.

"

ონლაინ გამოცემა სივრცეები ბიუჯეტიდან ფინანსდება, გამოცემა პრორუსი აქტორების მასალებს ხშირად აქეყნებს, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

არქივი – https://archive.is/PKQUj


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist