პოლიტიკა

ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე?

15 ივნისი, 2020

11 ივნისს ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა ონლაინ გამოცემა on.ge-ის სტატიის გაყალბებული სქრინი, სათაურით “პოემა ‘ვეფხისტყაოსანი’ რასისტულია და უნდა იკრძალოს, რადგან ხშირადაა გამოყენებული ‘მონა ზანგი’”. სქრინზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ფოტოა განთავსებული და აღნიშნულ ციტატაც სწორედ მას მიეწერება.

|

აღნიშნული სქრინი თავდაპირველად 11 ივნისს 9:51 საათზე ფეისბუქ პროფილმა “მრისხანე. ბაბუაწვერა” გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარ ვინაობას მალავს და სამუშაო ადგილად on.ge-ის რედაქცია აქვს მითითებული. “მრისანე ბაბუაწვერას” პოსტი სატირა იყო, რომლითაც ის  Netflix-ის მიერ ფილმ “ქარწაღებულნის” ჩვენებიდან დროებით ამოღებას გამოეხმაურა. აღნიშნული ხუმრობა მოგვიანებით როგორც სახალხო დამცველის რეალური კომენტარი ფეისბუკში ვირუსულად გავრცელდა და ის გარკვეულმა ონლაინ პლატფორმებმაც აიტაცეს.

'

ყალბი სქრინი გამოაქვეყნეს და ნამდვილ ინფორმაციად წარმოაჩინეს პროსამთავრობო ფეისბუქ პროფილმა Tamazi Tamaziko და ფეისბუქ გვერდებმა: “სოხუმი საქართველოა ალექსანდრე ჩარგეიშვილი” “ანტილიბერალური დოქტრინა”, “Liberastuli seni” და “საქართველო”. ჯამში ხუთივე გვერდის პოსტს 383 გაზიარება აქვს. 

 

11 ივნისს ონლაინ გამოცემა timesnews.ge-მ ინფორმაცია, სათაურით “სკანდალური განცხადება ვეფხისტყაოსანი რასისტულია და უნდა აიკრძალოს” გამოაქვეყნა. სტატიას თან ერთვოდა ფეისბუქ მომხმარებლის Tamazi Tamaziko-ს გამოქვეყნებული სქრინი ნინო ლომჯარიას ყალბი ციტატით. 12 ივნისს აღნიშნული  ყალბი სქრინით სტატია, სათაურით “ვეფხისტყაოსანი უნდა აიგრძალოს, იცით რატომ?” ასევე გამოაქვეყნა ვებ-გვერდმა ataka.ge. ამ უკანასკნელის სტატია შემდეგმა 6-მა ფეისბუქ გვერდმა გააზიარა: ტროლები, მთავარი გვერდი, საინტერესო გვერდი, LoLo.Ge, Filmebi-Qartulad.Net და კრეატივი.

~

ყალბი სქრინი ზიარდებოდა სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფშიც, მათ შორის “ჩემი საქართველო - აქ არის!!!”. ხოლო უშუალოდ timesnews.ge-ს სტატია კი 11-12 ივნისს 20-მდე ჯგუფში ჯამში 35-ჯერ გაზიარდა. Crowdtangle-ის მონაცემებით, timesnews.ge-ს და ataka.ge-ს სტატიების ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში გაზიარებულ პოსტები ჯამურად 41-ს შეადგენს და 3 400-ზე მეტი ინტერაქცია აქვს.

"

 

აღსანიშნავია, რომ სქრინს სამთავრობო ჯგუფებში აზიარებდა კრემლისტური გამოცემა News Front Georgia-ს და tvalsazrisi.ge-ს სტატიების ერთ-ერთი ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი, ფეისბუქ ანგარიშით “ირაკლი ირაკლი”. ჯანყარაშვილმა გაყალბებული სტატიის სქრინი, რომელზეც on.ge-ს ლოგო იყო დატანილი, გააზიარა შემდეგ ფეისბუქ ჯგუფებში: “კახა კალაძე თბილისის მერი”, “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია”, “ამხილე პორტირებული ნაცები !!” ირაკლი ჯანყარაშვილი მართავს გვერდს “ანტილიბერალური დოქტრინა”, რომელიც ერთ-ერთია იმ გვერდებს შორის, სადაც ნინო ლომჯარიას სახელით გავრცელებული განცხადების ყალბი სქრინი გამოქვეყნდა. 10 ივნისს “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით ირაკლი ჯანყარაშვილის მართული გვერდები და მასთან დაკავშირებული პლატფორმები გამოიკვლია.

"

ნინო ლომჯარიამ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და განმარტა, რომ გავრცელებული სქრინი ყალბია და მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

"

ვინ არის Tamazi Tamaziko და რა ვიცით გვერდებზე Timesnews.ge და ataka.ge?

ფეისბუქ ანგარიში Tamazi Tamaziko ძირითადად ანტილიბერალურ, ანტიამერიკულ და პროსამთავრობო შინაარსის პოსტებს აზიარებს და როგორც პროფილიდან ჩანს, თავის რეალურ ვინაობას მალავს.

 

ataka.ge და timesnews.ge ის საიტები არიან, რომლებმაც ნინო ლომჯარიას ციტატის ყალბი სქრინი სტატიის სახით გამოაქვეყნეს, სწორედ ამ ორი საიტის სტატიები გაზიარდა ფეისბუქზე ვირუსულად.

ataka.ge, Whois-ის ინფორმაციით, 6 ივნისს შეიქმნა და უმეტესად სენსაციური, ყვითელი სათაურების მქონე ინფორმაციას აქვეყნებს. 

"

რაც შეეხება, timesnews.ge-ს, ის 2019 წლის 2 ივლისსაა შექმნილი. timenews.ge-ის მფლობელია გიორგი მელიქიძე, რომელიც ასევე ფიგურირებს პარტნიორად კომპანიაში “დაბლიუ-ოუ-ემ”, რომელიც გამოცემა timesnews.ge-ს იურიდიული სახელწოდებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ორგანიზაცია კობა ვასაძემ 2015 წლის 7 აპრილს დაარსა, 2016 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კობა ვასაძემ საკუთარი წილის 40% გიორგი მელიქიძეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. გიორგი მელიქიძის სახელზე ასევე ფიგურირებს შპს გმ კორპორეიშენი.  გიორგი მელიქიძე ასევე ფლობს გვერდს abcnews.com.ge, რომელიც კორონავირუსზე არაერთ დეზინფორმაციას ავრცელებდა.

"

Timesnews.ge-ს გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. იხილეთ ყალბი და მანიპულაციური ამბები, რომლის წყაროებშიც Timesnews.ge ფიგურირებდა:


მოამზადა მაიკო რატიანმა


მასალა მომზადდა CrowdTangle-ის ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით