ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ვინ ეწევა სიგარეტს - “გარდაცვლილი გვამი” თუ მსახიობი?

7 აპრილი, 2021

2021 წლის 30 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა კახაბერ ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ალაგებს რამდენიმე ადამიანი შავ პარკებში შეფუთულ “გვამებს”, ხოლო ერთ-ერთი “გარდაცვლილი” ამ დროს სიგარეტს ეწევა. ჭიჭინაძის პოსტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვიდეო “ლიბერალების კოვიდ პროპაგანდას” უკავშირდება. 2 აპრილს იდენტური ვიდეო კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ფეისბუქ ანგარიშმა Lena Elena-მ შემდეგი აღწერით გააზიარა: “კოვიდ მსხვერპლნი დრო და დრო ეწევიან სიგარეტს.” ვიდეოს იგივე ტექსტი რუსულ ენაზე აწერია. 4 აპრილის იდენტური კადრები აღწერის გარეშე კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ნავიმ გამოაქვეყნა.

2021 წლის 7 აპრილის მდგომარეობით კახაბერ ჭიჭინაძის პოსტს 61 გაზიარება აქვს, ხოლო Lena Elena-ს პოსტი 3500-მა მომხმარებელმა გააზიარა. 

;;

მანიპულაციურად გავრცელებული ვიდეო სინამდვილეში არა “კორონავირუსის მსხვერპლს”, არამედ რუსი რეპერის Хаски-ის სიმღერის კლიპის გადაღებებს ასახავს და პანდემიასთან  არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, სიგარეტს ვიდეოში არა პანდემიით “გარდაცვლილი”, არამედ მსახიობი ეწევა. სოციალური ქსელის მომხმარებლების მტკიცება, თითქოს აღნიშნული ვიდეო “კორონავირუსის პროპაგანდას” ამხელს, მცდარია.  

სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეო პირველად რუსმა მხატვარმა და დიზაინერმა ვასილი ივანოვმა პირად TikTok-ზე 2021 წლის 30 მარტს განათავსა. ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ კადრები რუსი რეპერის Хаски-ის სიმღერის “Никогда-нибудь”-ის კლიპის გადაღებებიდანაა. 

;

ვასილი ივანოვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ შავ პარკებში შეფუთულ “გვამებს” სტაფილოსფერ სატვირთო მანქანაში ალაგებენ, ხოლო ერთ-ერთი მსახიობი ამ დროს სიგარეტს ეწევა. რუსი რეპერის სიმღერის ვიდეორგოლში მართლაც გვხვდება კადრი, რომელშიც იმავე ფერის “გვამებით” დატვირთული სატვირთო ავტომობილი ფიგურირებს. აღნიშნული კლიპი რეპერმა Youtube-ზე 2020 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა.

;

დეზინფორმაციას, თითქოს ვასილი ივანოვის გამოქვეყნებული ვიდეო, კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა, ყაზახური Kaznet-ის მომზმარებლებიც ავრცელებდნენ. ქართველი მომხმარებლების მსგავსად, ისინიც ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემია მხოლოდ პროპაგანდაა და სინამდვილეში, ვირუსით გარდაცვლილებზე ცნობებს მხოლოდ ხალხის დასაშინებლად ავრცელებენ.

დეზინფორმაცია, თითქოს კორონავირუსი მომაკვდინებელი არ არის და გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ცნობები გაყალბებულია, პანდემიის დროს განსაკუთრებით პოპულარულია. ანტივაქსერები ხშირად ამ ტიპის დეზინფორმაციას ვაქცინაციის კამპანიისა და უსაფრთხოებისთვის დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვის წინააღმდეგ იყენებენ და ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის საფრთხე გაზვიადებულია. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატიები: 


მოამზადა მედეა სულამანიძემ


Elena-K-ს პოსტის არქივის ბმული: https://archive.is/fgkFs


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.