მედია

ვინ ავრცელებს ფოტომანიპულაციას “მთავარი არხის” სახელით?

28 ივლისი, 2020

15 ივლისს ფეისბუქ გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები”, რომელსაც გვერდის მთავარ ფოტოდ “მთავარი არხის” ლოგო უყენია, გამოაქვეყნა სამხედრო მანქანების ფოტო, ტექსტით “რუსეთმა, საქართველოს გავლით, სომხეთში ❗️300 ერთეული სპეცრექნიკა შეიყვანა❗️” როგორც გვერდის კომენტარებიდან ვიგებთ, აღნიშნული ფოტოში გვერდმა 25 ივლისს, შაბათის “მთავარის” ეთერში, 21:00 საათიანი სიუჟეტი დააანონსა. 

პოსტს ამ დროისათვის 333 გაზიარება და 900 მეტი რეაქცია აქვს.

"

“მთავარის” სიუჟეტში, რომელშიც საუბარია, რომ რუსეთი საქართველოს გავლით სომხეთში 300 სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება, “ყოველდღიური მოვლენების” გავრცელებული ფოტო გამოყენებული არ არის. გვერდი ამ ფოტოსურათს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავისი ინიციატივით ურთავს. სინამდვილეში სამხედრო ავტომობილების ფოტო გადაღებულია 2014 წელს, უკრაინაში, ქალაქ დონეცკში. ხოლო თავად “მთავარ არხს” სიუჟეტში გამოყენებული აქვს აზერბაიჯანული მედიის Haqqin.az-ის მიერ გავრცელებული 2 ფოტო, რომლებიც აღნიშნულმა მედიამ საქართველოს სახმელეთო გზით სომხეთის მიმართულებით შეიარაღების გადატანის მტკიცებულებად მოიყვანა. 

"

გამომდინარე იქიდან, რომ ფეისბუქ გვერდს “ყოველდღიური ამბები” გვერდის მთავარ ფოტოდ სატელევიზიო არხ “მთავარის” ფოტო უყენია, “მითების დეტექტორი” არხის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ოფიციალურმა გვერდმა წერილობით გვიპასუხა, რომ ფეისბუქ გვერდ “ყოველდღიური ამბებს” შეხება არ აქვს “მთავარ არხთან”. მათივე თქმით, “მთავარის” ლოგოთი ყალბი გვერდები პერიოდულად იქმნება.

“ყოველდღიური მოვლენების” პოსტს 26 ივლისს ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდი “სირცხვილის კორიდორი” გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებული ფოტომანიპულაცია “მთავარ არხს” მიაწერა. ამავე დღეს იდენტური ტექსტი გაავრცელა გვერდმა “Defense Georgia საქართველოს თავდაცვა”, რომელმაც მართალია ფოტო გადაამოწმა, თუმცა ის 300 სამხედრო მანქანის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ “მთავარი არხის” სიუჟეტს დაუკავშირა, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მცდარია და სიუჟეტში “ყოველდღიური ამბების” მიერ გავრცელებული ფოტო მტკიცებულებად გამოყენებული არ ყოფილა. 

“Defense Georgia საქართველოს თავდაცვის” პოსტი ასევე გამოაქვეყნა ვებსაიტმა lid.ge და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე “ინტერნეტგამოცემა ლიდერზე” გააზიარა.

""

"

გვერდის შესახებ

გვერდი “ყოველდღიური მოვლენები” 2018 წლის 14 ივლისს შეიქმნა, მას გვერდის ფოტოდ “მთავარი არხის” ლოგო აქვს დაყენებული, რომელზეც ახლავს წარწერა “მე ვირჩევ მთავარს”. გვერდზე იძებნება სხვა ფოტოებიც, რომლებზეც “მთავარი არხის” ლოგოა დატანილი. გვერდი ყოველდღიურად აქვეყნებს ახალ ამბებს, მათ შორის, ხშირად აზიარებს “მთავარი არხის” სტატიებს და სქრინებს სიუჟეტებიდან.

2019 წლის 25 აგვისტოს გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები” სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა “მთავარ არხს” და პოსტში არხის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც მიუთითა. 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში “ყოველდღიურ ამბებს” რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი პოსტებიც აქვს გამოქვეყნებული.

""

გვერდი 2020 წლის 28 აპრილს ასევე წერდა, რომ საქართველოს 4 ტელევიზია “მთავარი”, “ტვ პირველი”, “კავკასია” და “ფორმულა” დამოუკიდებლობას და კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს.

"