პოლიტიკა

ვინ ავრცელებს კონსპირაციას რუსეთ-საქართველოს შორის ვადაგასული ხელშეკრულების შესახებ?

29 ივლისი, 2020

27 ივლისს საქინფორმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში არნო ხიდირბეგიშვილმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთს უფლება აქვს, ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში საქართველოს სამხედრო ტვირთების გატარება მოსთხოვოს. იდენტური ინფორმაცია გავრცელდა 19 ივლისს ინტერნეტ-გადაცემა “სალტეს” ეთერში, სადაც  გადაცემის წამყვანი და “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილილი წევრი სოსო მანჯავიძე, ასევე გადაცემის სტუმარი ვახტანგ მაისაია ავითარებდნენ მოსაზრებას, რომ 2006 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ( “ შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ”) სამხედრო ტვირთების ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის მიმართულებით დღესაც ხორციელდება. მათი თქმით, 2016 წელს რუსული სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩდა, ამ ფაქტის საფუძველზე ორივე მათგანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება 5 წლის ვადით საიდუმლოდ  ჯერ 2011 წელს, შემდეგ კი 2016 წელს გაგრძელდა და რუსეთს სამხედრო ტვირთებისა და ტრანზიტის უფლება საქართველოს ტერიტორიის გავლით 2021 წლამდე აქვს. ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების ტრანზიტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას აძლევდა.

ინფორმაცია, თითქოს საქართველო ვალდებულია რუსეთის სამხედრო ტვირთები გაატაროს, 16 ივლისს რადიო “ЭХО МОСКВЫ” -სთან ინტერვიუში  კრემლთან დახლოებულმა რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ  გაავრცელა. მან ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებათან დაკავშირებით, ასევე, სომხეთის მიმართულებით რუსული სამხედროო ტვირთების  ტრანზტის შესახებ  2006 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმება გაიხსენა. მისი თქმით, კავკასიის რეგიონში შესაძლოა მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაიძაბოს იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთმა სომხეთის მიმართულებით “სამხედრო დერეფანი” საქართველოს სააკაშვილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის დადებული აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსთხოვოს. 

არნო ხიდირბეგიშვილი, “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი: “ საქინფორმი და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გვაფრთხილებს, რომ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოში ფორს-მაჟორული გარემოებების შემთხვევაში, საქართველო იღებს ვალდებულებას, გაატაროს სამხედრო ტვირთები სომხეთში”

სოსო მანჯავიძე, “ქართული მარშის” ყოფილი წევრი: “ეს ხელშეკრულება აგრძელებდა მოქმედებას, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, 2008 წლის ომის პერიოდში და ომის შემდეგაც ვიდრე არ გაუვიდა ვადა…”

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: “5 წლიანი ვადა ჰქონდა. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის პრიმაში დაფიქსირებულია საქართველოს უფლება ვადაზე ადრე შეწყვიტოს/გააუქმოს ხელშეკრულება...გონივრული ეჭვის საფუძველზე 2011 წელს ამ ხელშეკრულების (ფორმალურად) ვითომ შეწყვეტის შემდეგ საიდუმლო კუთხით მოხდა ამის  გაგრძელება და მას გრიფით საიდუმლო დაედო.. 2016 წელს იყო ფაქტი, როდესაც 3 რუსული სამხედრო მანქანა იყო შემოყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე...2016 წელსაც გასდიოდა მეორე პროლონგაციის ვადა, ხომ არ არის ეჭვი, რომ 2016 წელსაც მოხდა მისი პროლონგაცია 2021 წლმდე?”

მაქსის შევჩენკო, კრემლთან დააცლოებული  ჟურნალისტი: “ვფიქრობ, რომ მთელი რეგიონი, მთელი სამყარი ბანქოს სახლია. შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა იყოს ის, რომ რუსეთის არმიამ  საქართველოს მთავრობისაგან სომხეთისაკენ სამხედრო დერეფანი მოითხოვოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთთან შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმის შესახებ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში საქართველო ვალდებულია რუსეთსათვის სომხეთისაკენ  სამხედრო ტვირთებისა და სამხერო აღჭურვილობის(поставок) დერეფანი უზრუნველყოს.

ვახტანგ მაისიას, მაქსიმ შევჩენკოს და არნო ხიდირებგიშვილის  განცხადებები, თითქოს  საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ 2006 წელს რუსეთ საქართველოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე რუსეთს დღესაც აქვს უფლება სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების ტრანზიტი განახორციელოს, მცდარია, რადგან ხელშეკრულება 2011 წელს, ვადის გასვლის შემდეგ შეწყდა. გარდა ამისა,  ვახტანგ მაისაია და სოსო მანჯავიძე ავითარებენ კონსპირაციას, რომ ხელშეკრულება საიდუმლოდ 2011 და შესაძლოა 2016 წელსაც გაგრძელდა 5-5 წლის ვადით. თუმცა, 5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ შეთანხმების შეწყვეტა ყოველ 1 წელში არის შესაძლებელი. ასევე, მცდარია ვახტანგ მაისაიასა და სოსო მანჯავიძის მტკიცება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე  საქართველო სამხედრო ტვირთს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ატარებდა, მაშინ, როცა ხელშეკრულების მე-4 მუხლი მისი შეწყვეტის შესაძლებლობას აძლევდა. სინამდვილეში, ხელშეკრულებაში შეთანხმების შეწყვეტაზე საუბარი არსად არის, მე-4 მუხლი საქართველოს ტრანზიტზე უარის თქმის შესაძლებლობას აძლევდა, მაშინდელი ხელისუფლების განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს რუსეთის ტრანზიტის მიღებაზე ნებართვა არ გაუცია. 

1. რუსეთ-საქართველოს 2006 წლის შეთანხმება სქართველოს გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ 2011 წელს გაუქმდა და დღეს სომხეთის მიმართულებით რუსეთის სამხედრო ტვირთების შესაძლო გატარების საფუძველი ვერ იქნება.

რუსეთსა და საქართველოს შორის 2006 წელს დადებულმა შეთანხმებამ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ, რომელიც რუსეთს გიუმრში (სომხეთი) საკუთარი 102-ე ბაზის უზრუნველყოფის შესაძლებლობას აძლევდა, 2011 წლის 1 ნოემბერს მომედება შეწყვიტა. ეს შეთანხმება 2006 წელს სოჭში საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმდა

2011 წლის 19 აპრილს საქართევლოს პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გამოსცა.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 1 ნოემბრის წერილი №3/3006-14-ის საფუძველზე საბოლოოდ  შეწყდა.

"

"

ევროკავშირის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტისათვის მომზადებულ 2016 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გიუმრში 102-ე რუსული ბაზის მომარაგება საჰაერო გზებით ირანიდან ხდება. 

2. ვახტანგ მაისაიას კონსპირაცია, თითქოს რუსეთიდან ტრანზიტის გატარების შესახებ ხელშეკრულების ფორმალურად შეწყვეტის მიუხედავად, საქართველოს აღნიშნული ხელშეკრულება 5 წლის ვადით 2011, შემდეგ კი 2016 წელსაც გააგრძელა, ფაქტობრივ უზუსტობასაც მოიცავს.

5 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ გადაწვეტილების გადახედვის უფლება საქართველოს წელიწადში ერთხელ ჰქონდა. მე-15 მუხლის თანახმად,ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა მომდევნო ერთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე მიმდინარე პერიოდის დასრულებამდე 6 თვით ადრე მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ არ შეატყობინებდა.

"

რატომ არ შეწყდა ხელშეკრულება აგვისტოს ომის შემდეგ?

3. ხელშეკრულებაში შეთანხმების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. მე-4 მუხლი საქართველოს მხრიდან ტრანზიტის ნებრათვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მაშინდელი ხელისუფლების თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს რუსეთისათვის ტრანზიტის გახორციელების შესახებ ნებართვა არ გაუცია. 

ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ხელშეკრუელბის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელშეკრულების გაუქმება შეეძლო. სინამდვილეში მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლის საფუძველზე საქართველოს შეეძლო რუსეთისათვის ტრანზიტის გაცემის ნებრთვაზე უარი ეთქვა. ასეთ გარემოებად საქართველოს ინტერესებთან კონფლიქტი და ტრანზიტის დანიშნულების პუნქტის საომარ მდგომარეობაში ყოფნა მოიაზრებოდა. 

საქართველოს მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე, თუ:

  • ა) დადგენილია, რომ სამხედრო ტვირთისა და პერსონალის გადაადგილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე სახელმწიფო და კერძო ობიექტებს და გარემოს;
  • ბ) საბოლოო დანიშნულების პუნქტი განლაგებულია კონფლიქტის ზონაში ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

2011 წელს, როდესაც  აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ინიციატივა წარუდგინა, “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმდდრიონდელმა მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ  2008 წლის ივლისის შემდეგ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ტრანზიტზე საქართველოს ნებართვა არ გაუცია. 

ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2011 წ: ”რუსეთმა 2008 წლის ივლისში მოგვმართა ბოლოს ნებართვაზე და საქართველოს ხელისუფლებამაც სწორედ მაშინ გასცა ბოლო ნებართვა. ხოლო შემდეგ მომართვაზე რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებისგან უკვე უარი მიიღო. და მას შემდეგ რუსეთის ფედერაციას, როგორც ასეთი, აღარც მოუმართავს.”

წყაროს შესახებ

ვახტანგ მაიასია 2009 წელს  რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააატიმრეს, 2013 წელს კი პოლიტმატიმრის სტატუსით ციხიდან გამოვიდა.  ვახტანგ მაისაია 2004-2008 წლებში ნატოში საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა მრჩევლად, ის დაკავებამდე და მის შემდეგაც ადგილობრივ მედიაში  სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარს ხშირად აკეთებს.

მაქსიმ შევჩენკო

მაქსიმ შევჩენკო ОРТ-ს წამყვანია, რომელიც თბილისში გამართულ კრემლის მიერ დაგეგმილ მედია ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით ვიზიტისას  ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. უცხოური მედია მას კრემლთან დაახლოებულ ჟურნალისტად მოიხსენიებს, ის რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარემაში მყოფი ადამიანის უფლებების საბჭოს წევრიც იყო

პროფილები: