NGO

ვინ ავრცელებს განმეორებით დეზინფორმაციას ჯორჯ სოროსის ნაცისტებთან თანამშრომლობაზე?

23 ივნისი, 2020

22 ივნისს დრამატურგმა და “ქართულ მარშთან” დაკავშირებულმა პირმა გურამ ქართველიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მაშინ, როდესაც უნგრეთში ნაცისტები ებრაელებს დევნიდნენ, ფილანტროპი ჯორჯ სოროსი ნაცისტების მხარეს იდგა. ქართველიშვილის პოსტს თან ერთვის ჯორჯ სოროსისა და SS-ის ოფიცერის ოსკარ გრონინგის ფოტოკოლაჟი, რომელიც “მითების დეტექტორმა” 2020 წლის თებერვლის მასალაში გამოიყენა.

 

გურამ ქართველიშვილი: “ჯორჯმა კი დაუფიქრებლად უპასუხა: მე რომ არ მეთანამშრომლა ფაშისტებთან სხვა ითანამშრომლებდა და ის გაძარცვავდა მოძმეებსო. ასეთი იდეოლოგიური მამა ყავს დღეს საქართველოს და მისი მორალით მკვიდრედება ოცდამეერთე საუკუნეში ერი.”

იმავე დღეს გურამ ქართველიშვილის პოსტი “პატრიოტულმა გვერდმაც” გააზიარა.

~"

გურამ ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სოროსის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ყალბი ამბავი, თითქოს სოროსი ნაცისტების რიგებში ირიცხებოდა, “მითების დეტექტორმა” 2020 წლის თებერვალში გადაამოწმა.

რეალურად ფილანტროპი ჯორჯ სოროსი არა ნაცისტი, არამედ წარმოშობით უნგრელი ებრაელია, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ უნგრეთის ოკუპაციის შემდეგ, 14 წლის ასაკში მიმალვაში იყო. შესაბამისად ციტატა, რომელიც ქართველიშვილის პოსტშია გამოყენებული, გამოგონილია და ის ჯორჯ სოროსს არ ეკუთვნის.

მსგავსი დეზინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი ნაცისტურო SS-ის ოფიცერი იყო, ადრეც ვრცელდებოდა. 2020 წლის 19 თებერვალს “მითების დეტექტორმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ფეისბუქ გვერდის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” მიერ გავრცელებულ ფოტომანიპულაციას. აღნიშნულ გვერდს საკონცენტრაციო ბანაკის “აუშვიცის” ბუღალტრის ოსკარ გრონინგის ფოტო ჰქონდა გამოყენებული და ამტკიცებდა, რომ ფოტო სინამდვილეში ახალგაზრდა ჯორჯ სოროსს ასახავდა. სწორედ “მითების დეტექტორის” მასალის ფოტოკოლაჟი ერთვის თან ქართველიშვილის პოსტს.

"

"
ფოტო: “მითების დეტექტორი”

წყაროს შესახებ

გურამ ქართველიშვილი, რომელმაც სოროსის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ამბებს პერიოდულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები “ბავშვის უფლებათა კოდექსის” და ალენ დალესის კონსპირაციის შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.