პოლიტიკა

ვინ არის მაქსიმ შევჩენკო და რატომ არ თვლის მარეგულირებლის მედიაკრიტიკა მას “კრემლის პროპაგანდისტად”?

25 დეკემბერი, 2020

რამდენიმე დღის წინ მედია საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო სტუმრობდა. როგორც მისივე ვიდეო ბლოგიდან ირკვევა, ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა, რაშიც მას ხელისუფლებასთან დაახლოებული მეგობრები დაეხმარნენ. მისივე თქმით, მას თავადაც ჰყავს კარგი ნაცნობები საქართველოს ხელისუფლებიდან. შევჩენკო იუთუბ ვიდეოში განმარტავს, რომ მისი ვიზიტი ერთგვარი დახურული ფორმატის იყო, რომ მან მოინახულა გრიშა ონიანის მიერ შექმნილი სტალინის მუზეუმი და თავად ონიანსაც ესაუბრა.

შევჩენკოს ვიზიტს საქართველოში სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ შევჩენკოს წარსულში, სხვადასხვა დროს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-პანდემიის პირობებში საქართველოში შემოსვლის უფლება ამჟამად მხოლოდ 15 ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, რომელთა შორის არ არის რუსეთი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ბიზნეს აპლიკანტებისთვის, ნებისმიერი ქვეყნიდან საქმიანი მიზნებით შემოსულ პირებისთვის. ამ არგუმენტების საპასუხოდ, ქართული ოცნების წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა განმარტა, რომ "მაქსიმ შევჩენკოს ჰქონდა 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, 6 წელიწადში ამ კანონდარღვევას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად მას არ აქვს დღეის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემა. ის ადგილზე მოიწვია მსხვილმა ბიზნესჯგუფმა ბიზნესმოწვევით, ბიზნესაპლიკაცია შეავსო, შესაბამისად გამარტივებული წესით შემოვიდა…” 

საგულისხმოა ისიც, რომ 2009 წლის შემდგომ შევჩენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2011 წლის იანვარშიც იმყოფებოდა. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი მაქსიმ შევჩენკო ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში” მეგობრული ვიზიტით ჩავიდა.

საინტერესოა, ვინ არის მაქსიმ შევჩენკო და რა გზავნილები ჰქონდა მას სხვადასხვა დროს საქართველოს, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ:

მაქსიმ შევჩენკო რუსი ჟურნალისტი, ბლოგერი და რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ერთ-ერთ ლიდერია, რომელიც სხვადასხვა დროს საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობითაც იყო დაკავებული. მაგალითად, 2008-2010 წლებში იგი რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი იყო, სადაც კავკასიაში საზოგადოებრივი დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 2012 წლიდან 2018 წლამდე კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს წევრი იყო.

რას ამბობდა სხვადასხვა დროს მაქსიმ შევჩენკო საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ:

 

აფხაზებს და ოსებს არასდროს ნდომებიათ საქართველოს მოქალაქეობა

“აფხაზმა ხალხმა დამოუკიდებლობის უფლება 1993 წელს იარაღით ხელში დაიცვა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არც ერთ მოქალაქეს არასდროს ჰქონია ქართული პასპორტი, ვფიქრობ, არასდროს მიუმართავს საქართველოსთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად.”
მაქსიმ შევჩენკო, 21 აგვისტო, 2008 წელი.

 

 

რუსეთმა უნდა აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი

“რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა აღიაროს როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი, ამასთან დაკავშირებით მე ოდნავი ეჭვიც არ მეპარება. უფრო მეტიც, მე არ ვიცი უფრო დემოკრატიული პროცედურა, ვიდრე აფხაზი ხალხის შეკრება, რომელიც გაიმართა აფხაზეთში.”
მაქსიმ შევჩენკო, 21 აგვისტო, 2008 წელი

“...თუ [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად] აღიარება არ იქნებოდა, შეიძლება კიდევ უფრო რთული სიტუაცია ყოფილიყო.”
მაქსიმ შევჩენკო, 28 სექტემბერი, 2010 წელი

 

 

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს ალტერნატივა არ აქვს

“ეროვნული უმცირესობების მისწრაფებების აღკვეთა ამაზრზენია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციის ხალხს აქვს ეროვნული განვითარების შესაძლებლობის უფლება. არ მსმენია, რომ ოსებს ან აფხაზებს შესთავაზეს ეროვნული ენების სტატუსი საქართველოში. როგორც საქართველოს ნაწილი, სამწუხაროდ, უმცირესობებს ეროვნული განვითარების მცირე შესაძლებლობები აქვთ, მათ უბრალოდ სთავაზობენ გახდნენ ქართველები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს ალტერნატივა არ აქვს.”
მაქსიმ შევჩენკო, 24 იანვარი, 2011 წელი

 

 

საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მათთან

“მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, მაშინაც კი, თუ ვინმეს არ მოსწონს ეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაჭრის გასაღები თბილისისთვის არა მოსკოვში, არამედ ცხინვალსა და სოხუმშია. სანამ თბილისი არ გაიაზრებს, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან, სანამ არ გაიგებს, რომ მიუხედავად ამ სახელმწიფოების უპირობო პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულებისა მოსკოვზე, ისინი მაინც სახელმწიფოები არიან, თუმცა ნაკლებად აღიარებულნი, მანამდე [ურთიერთობების] დათბობა არ მოხდება.”
მაქსიმ შევჩენკო, 3 დეკემბერი, 2014 წელი

“თბილისმა უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არიან მეამბოხე პროვინციები, არამედ პარტნიორები.”

მაქსიმ შევჩენკო, 3 დეკემბერი, 2014 წელი

 

აფხაზეთი არასდროს ეკუთვნოდა საქართველოს

“აფხაზები არ არიან სეპარატისტები. ეს არის დიდი სიცრუე, აფხაზეთი არასოდეს დაშორებულა არანაირ საქართველოს, რადგან აფხაზეთი, ფაქტობრივად, არასოდეს ეკუთვნოდა საქართველოს.”
მაქსიმ შევჩენკო, 21 აგვისტო, 2008 წელი.

 

 

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტით მიიღწევა

“ამ [სამხრეთ კავკასიის] რეგიონში მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც აფხაზეთი იქნება სუვერენული სახელმწიფო. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. სანამ ეს სუვერენიტეტი გაუგებარია, ამ დავის გარშემო მუდმივად წარმოიქმნება სამხედრო დაძაბულობა და სამხედრო კონფლიქტები”.
მაქსიმ შევჩენკო, 21 აგვისტო, 2008 წელი.

“ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების აღიარებით.”
მაქსიმ შევჩენკო, 28 სექტემბერი, 2010 წელი.

 

რუსეთს ომი არ დაუწყია 

“რუსეთს არ დაუწყია ომი, რუსეთი აიძულეს ამ ომში ჩაბმულიყო. ეს საკმაოდ აშკარაა და ჩანს სამხედრო სპეციალისტებთან და იმ ჟურნალისტებთან საუბრიდან…” [რომლებიც ადგილზე იყვნენ]
მაქსიმ შევჩენკო, 21 აგვისტო, 2008 წელი.

ლტოლვილების აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგაა შესაძლებელი

[ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნებისათვის] “...უნდა მივაღწიოთ აფხაზეთის სუვერენიტეტს, ამის შემდეგ უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ აფხაზეთის სუვერენულ მთავრობასთან ლტოლვილთა დაბრუნების პრობლემაზე.”
მაქსიმ შევჩენკო, 21 აგვისტო, 2008 წელი.

რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს რუსეთი ცხინვალის და სოხუმის ჩართულობით განიხილავს

“რუსეთი არ აპირებს, განიხილოს ცხინვალისა და სოხუმის ზურგს უკან რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.”
მაქსიმ შევჩენკო, 28 სექტემბერი, 2010 წელი.


სხვადასხვა დროს, მაქსიმ შევჩენკო, სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით, ასევე, ანტიდასავლურ მესიჯებსაც აჟღერებდა:

  • ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს არაფერი ესაქმებათ კავკასიაში და რომ ადგილზე სიტუაცია რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა უნდა აკონტროლონ;
  • მსოფლიო ლიდერები კავკასიაში დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, არეულობა საქართველოშია მოსალოდნელი;
  • საქართველოს გარეშე რუსეთი სრულყოფილი სახელმწიფო ვერ იქნება;
  • რუსეთისა და საქართველოს სასურველ და აუცილებელ დაახლოებას რუსეთის ხელისუფლებაში კონცენტრირებული დასავლეთის გავლენის აგენტები უშლიან ხელს. 

აღსანიშნავია, რუსი ჟურნალისტის საქართველოში ვიზიტი, მედიის და პოლიტიკურ სპექტრის აჟიოტაჟის პარალელურად, არ გამორჩენიათ პრო-რუსულ აქტორებსაც. მაგალითად, ნიუს ფრონტში, თემურ ფიფია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი, აღნიშნავს, რომ მაქსიმ შევჩენკო არის საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული კაცი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საინტერესოა, რომ კრემლისტური ონლაინ გამოცემა “საქინფორმის” რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მაქსიმ შევჩენკოსთან მოსკოვში 2007 წლის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებში, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში, “Мир”-შია გადაღებული, ასევე, ექსპერტი მამუკა არეშიძეც ჩანს.

;

ხიდირბეგიშვილის პოსტის მიხედვით, საუბრისას შევჩენკო აღნიშნავს: “საქართველო ვერასოდეს აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია ამ ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება, მაგრამ ეს არ გვინდა! ჩვენ ვართ სამართლიანობის აღდგენის მომხრეები, მაგრამ არა მხოლოდ ქართველებისთვის, მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან.” … “მე გაძლევთ გარანტიას, რომ თუ საქართველო ნეიტრალიტეტის გზას დაადგება, მეორე დღესვე ბევრი ფული და ინვესტიცია შემოვა საქართველოში, და სამ წელიწადში თქვენ საერთოდ დაივიწყებთ, რომ აფხაზეთთან პრობლემები გქონდათ.”

მარეგულირებლის “მედიაკრიტიკა” ტელევიზიებისგან შევჩენკოს პროპაგანდისტობის მტკიცებულებას ითხოვს

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან არსებულმა პლატფორმა “მედიაკრიტიკამ”, რომელიც თავისი საქმიანობის ძირითად ნაწილს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების რეცენზირებას უთმობს, 24 დეკემბერს ზვიად ავალიანის ბლოგი “სამმაგი დეზინფორმაცია მაქსიმ შევჩენკოს ვიზიტთან დაკავშირებით” გამოაქვეყნა. ბლოგის ავტორი ტელეკომპანია “მთავარ არხს” და “პირველს” რუსი ჟურნალისტის ვიზიტის გაშუქების გამო აკრიტიკებს. მისი მტკიცებით, მედიების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი დაუსაბუთებელია და მოქმედი ხელისუფლების “როგორმე „პრორუსულ ძალად“  წარმოჩენას ისახავს მიზნად. ავალიანის მტკიცებით, შევჩენკოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევისა და კარანტინის წესების საფუძველზე ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამასთანავე, მისი შეფასებით აღნიშნულ მედიებს შევჩენკოს “კრემლის პროპაგანდისტობის” ან “გამოკვეთილად ანტიქართული” პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

ზვიად ავალიანი, მედიაკრიტიკა: “მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, არც „მთავარ არხს“, და არც ტვ „პირველს“ მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია არავითარი მტკიცებულება, სტატია ან განცხადება იმის საილუსტრაციოდ, რომ მაქსიმ შევჩენკოს „გამოკვეთილად ანტიქართული პოზიცია“ უკავია, „ქართველი ხალხის სიძულვილით გამოირჩევა“ ან „კრემლის პროპაგანდისტია“ და ეს, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს; რადგან ჟურნალისტი შევჩენკო ნამდვილად არ გამოირჩევა „ქართველი ხალხის სიძულვილით“ და მას არც „კრემლის პროპაგანდისტად“ იცნობენ.”

მეტიც, ავტორი შევჩენკოს დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ მან პუტინი ისტორიული ფაქტების აღწერისას დაშვებული ფაქტობრივი უზუსტობის გამო გააკრიტიკა. მხედველობაშია 2019 წელს “გავრილოვის ღამის” შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასების დროს ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ ოსეთი, როგორც ცალკეული სახელმწიფო, რუსეთს მე-18 სააუკუნეში შეუერთდა, აფხაზეთი კი მე-19 საუკუნის დასაწყისში. შევჩენკოს კრიტიკა ეხებოდა არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო ერთეულების ნაცვლად ტერიტორიად მოხსენიებას, რაც ცხადია რუსი ჟურნალისტის  მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სუვერენიტეტთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს არ ცვლის. ამასთანავე არც პუბლიკაციაშია მოყვანილი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კრემლის ოკუპაციის მიმართ მისი პოზიციის ცვლილებას ადასტურებს.

მეორე არგუმენტად ბლოგის ავტორი რუსეთში საპენსიო რეფორმის მიმართ შევჩენკოს კრიტიკულ დამოკიდებულებას ასახელებს, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამართლების კონტრარგუმენტად ასევე ვერ გამოდგება.


მოამზადეს ნიკა შეყელაძემ და თამარ კინწურაშვილმა