ისტორია

ვინ აყენებს ეჭვქვეშ ანა ფრანკის დღიურის ავთენტურობას?

20 მარტი, 2020

13 მარტს ფეისბუქ გვერდმა “Special Forces / სპეცრაზმი” გამოაქვეყნა პოსტი ანა ფრანკის დღიურის შესახებ. აღნიშნული გვერდის ინფორმაციით, ანა ფრანკის დღიურების მე-4 ტომი დაწერილია ბურთულიანი კალმით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ნაწილი შესაძლოა გაყალბებული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბურთულიანი კალმები 1951 წლიდან შემოვიდა, ხოლო დღიური კი 1942-1944 წლებშია დაწერილი. “Special Forces / სპეცრაზმი” აღნიშნავს, რომ ანა ფრანკის დღიურის შესახებ კვლევა, რომელიც ბურთულიანი კალმის შესახებ გვამცნობს,  გერმანიის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორიაში (BKA) ჩატარდა და 1980 წელს New York Post-ში გამოქვეყნდა.

“Special Forces / სპეცრაზმის” პოსტი ანა ფრანკის დღიურზე ჩატარებულ კვლევაზე ასევე გააზიარა ფეისბუქ გვერდმა “ანტი-პარადოქსი”.

""

მტკიცება, თითქოს ანა ფრანკის დღიურის მე-4 ტომი ბურთულიანი კალმით არის დაწერილი და შესაბამისად ის გაყალბებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. დღიურების ყველა ნაწილის ნამდვილობა დადასტურებულია, ხოლო ბურთულიანი კალმის კვალი და სხვა მსგავსი ყალბი ამბები ნეო-ნაცისტური პროპაგანდის ნაწილია.

  • ანა ფრანკის დღიურის ავთენტურობა 1986 წელს დადასტურდა

“ანა ფრანკის დღიური” ნიდერლანდებში მცხოვრებმა და ნაცისტური რეჟიმის გამო მიმალვაში მყოფმა ებრაელ გოგონამ 1942-1944 წლებში დაწერა. ანა ფრანკი 1945 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი დღიური 1947 წელს ანას მამის, ოტო ფრანკის ნებართვით გამოქვეყნდა. არსებობს ანა ფრანკის დღიურების სამი ვერსია: თავდაპირველი ჩანაწერები, თავად ანა ფრანკის მიერ გადაწერილი მეორე ვერსია და მესამე ვერსია, რომელიც ოტო ფრანკმა გამოსაქვეყნებლად შეკრა.

ანა ფრანკის დღიურის გამოქვეყნების შემდეგ მის წინააღმდეგ დაიწყო ანტისემიტური კამპანია, რომელიც თავად ანა ფრანკის არსებობასაც კი ეჭვქვეშ აყენებდა. ნეო-ნაცისტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ანა ფრანკის დღიური გაყალბებული იყო, თუმცა 1986 წელს ნიდერლანდების მთავრობამ დღიურის დეტალური კვლევისა და სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ, დაადასტურა მისი ავთენტურობა. დღიურის ფურცლები ინფრაწითელი სპექტრომეტრის გამოყენებით რენტგენზე შემოწმდა. ანა ფრანკის ხელწერა ექსპერტებმა ზედმიწევნით გააანალიზეს და შეადარეს მისი კლასელების ხელწერის სპეციფიკას. გარდა ხელწერისა, გამოიკვლიეს ქაღალდი, წებო, მელანი და ყველა ის დეტალი, რაც დაამტკიცებდა, რომ დღიური ნამდვილად 1942-1944 წლების პერიოდში, ანა ფრანკის მიერ დაიწერა. 1990 წელს ჰამბურგის რეგიონულმა სასამართლომ ასევე დაადასტურა ანა ფრანკის დღიურის ნამდვილობა. 

  • საიდან მოდის მითი ბურთულიან კალამზე?

რაც შეეხება ბურთულიანი კალმის კონსპირაციას, ის ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ნეო-ნაცისტები ამტკიცებდნენ, რომ დღიურში შესწორებები შეტანილია შავი, ლურჯი და მწვანე მელნით, ბურთულიანი კალმით, რომელიც 1951 წლამდე არ არსებობდა. ბურთულიანი კალმის შესახებ ნახსენებია გერმანიის კრიმინალური პოლიციის ოფისის (BKA) 4-გვერდიან ანგარიშში, რომელიც 1980 წელს გამოქვეყნდა და რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზოგიერთ გვერდზე მინაწერი სწორედ ბურთულიანი კალმით გაკეთდა. გერმანიის კრიმინალური პოლიციის ანგარიშში ანა ფრანკის დღიურის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ ყოფილა დაყენებული, მათი მიზანი იყო დღიურში არსებული ყველანაირი ტექსტის გაშიფვრა, მათ შორის ანოტაციების. სწორედ აღნიშნულ ანოტაციებში აღმოჩნდა ბურთულიანი კალმის კვალი, რომელიც, როგორც გაირკვა, ომის შემდგომ იყო გაკეთებული. ანოტაციები გრაფოლოგიის მკვლევარს ეკუთვნის და არაფერი აქვს საერთო დღიურის ორიგინალ ნაწილთან. 2006 წელს გერმანიის კრიმინალური პოლიციამ (BKA) განმარტა, რომ მათი გამოძიება მიზნად არ ისახავდა ანა ფრანკის დღიურის ნამდვილობის უარყოფას და გავრცელებული მითი მცდარმა ინტერპრეტაციამ განაპირობა, რაც ნეო-ნაცისტურმა ჯგუფებმა სათავისოდ გამოიყენეს.

წყაროების შესახებ

Special Forces / სპეცრაზმი - გვერდი 2015 წლის 28 ნოემბერს შეიქმნა, იმართება საქართველოდან და ამ დროისათის 13 ათასამდე მოწონება აქვს. ძირითადად აზიარებს სამხედრო შინაარსის პოსტებსა და ახალ ამბებს, ფოკუსირებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე. გვერდი ასევე ავლენს ანტილიბერალურ და ქსენოფობიურ სენტიმენტებს.

"

ანტი-პარადოქსი - გვერდი 2018 წლის 18 მაისს შეიქმნა, იმართება საქართველოდან და ამ დროისათვის 30 ათასამდე მოწონება აქვს. ანტი-პარადოქსს რამდენიმე ფეისბუქ გვერდი ჰქონდა, ამჟამინდელი გვერდის სახელწოდება იყო “ანტი-პარადოქსი 2”, თუმცა მას შემდეგ, რაც ძველი გვერდი ფეისბუქის ადმინისტრაციამ დაბლოკა, “ანტი-პარადოქსად” გადაკეთდა. გვერდი გამოირჩევა ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ანტილიბერალური შინაარსის კონტენტით, ხშირად აზიარებს დეზინფორმაციასა და ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს. “მითების დეტექტორის” მასალები “ანტი-პარადოქსის” გავრცელებულ მითებზე იხილეთ ბმულზე.


მოამზადა მაიკო რატიანმა