ვინ ამტკიცებს, რომ აშშ კი არ ეხმარება საქართველოს, საქართველოს ბიუჯეტი ეხმარება ამერიკას?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

112
VIEWS

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დაასრულონ ავღანეთიდან “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” (Resolute Support Mission – RSM) ჩართული სამხედრო პერსონალის გამოყვანის პროცესი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა. 15 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში გოგავა გვთავაზობს იმ დახმარების მონეტარული ღირებულების კალკულაციას, რაც საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს 17 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის ავღანეთში განხორციელებულ მისიებში ჩართვით გაუწია.

“აშშ-ს ერთი ამერიკელი ჯარისკაცის საზღვარგარეთ მისიაში ყოფნა და მისი უზრუნველყოფა სხვადასხვა დროს  და სხვადასხვა მისიაში წელიწადში 400,000$-დან 2,1 მლნ. დოლარამდე უჯდება… მინიმალური მონაცემით რომ ვიანგარიშოთ, საქართველომ აშშ-ს და კოალიციას საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის ფორმით $8 მილიარდის დახმარება გაუწია” – წერს გოგავა.

;
ირაკლი გოგავას პოსტი მალევე გამოჩნდა კონსერვატიული პლატფორმის გვერდზე და საჯარო ჯგუფ ✅??ერთობა??✅-შიც გაზიარდა.

;;
ამავე პოსტის არითმეტიკას დაეყრდნო ტელეკომპანია ალტ-ინფო, როდესაც ჯერ გადაცემა “ალტ-ინტერვიუს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ აქცენტი საქართველოს მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაწეულ 8 მილიარდიან დახმარებაზე გააკეთა, გადაცემის სტუმარმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა კი თქვა, რომ აშშ-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილე მცირერიცხოვანი ქვეყნების მიმართ ვალი აქვს დაგროვილი. მისი თქმით, აშშ-ს საკუთარი კანონმდებლობით ჯარისკაცების შენახვა ბევრად ძვირი უჯდება ქართველ ჯარისკაცებთან შედარებით და ამიტომ საქართველოს უწევს “ხარკის გაღება იმისთვის, რომ მივიღოთ დახმარება აშშ-სგან”.

ბონდო მძინარაშვილი: “მეცენატი სახელმწიფოები არ არსებობენ… შეერთებულ შტატებსაც აქვს ვალი, იგივე, ვთქვათ აი, ასეთ საერთაშორისო მისიებში მცირერიცხოვანი ქვეყნების მონაწილეობით დაგროვილი, მაგრამ ვთქვათ ასე, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან გამოვიჩინეთ თავი, უზარმაზარია ჩვენი კონტრიბუცია ამ პროცესში…შეერთებულ შტატებს თავისი კანონმდებლობით ძალიან ძვირი უჯდება საკუთარი ჯარისკაცების შენახვა და დაღუპვის შემთხვევაში, კომპენსაციების გადახდაც, რაც შეუდარებლად მცირეა საქართველოს ჯარისკაცებთან, თუ შევადარებთ… რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ამგვარი, ასე ვთავქათ, ხარკის გაღება იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ დახმარება შეერთებული შტატებისგან.”

ამავე თემაზე “ალტ-ანალიტიკის” წამყვანებმაც ისაუბრეს:

ზურა მახარაძე: “30 წლის მანძილზე 6 მილიარდის დახმარება თუ შემოვიდა აქ და 8 მილიარდის მარტო ჯარი გავაგზავნეთ ომში… ფინანსური კუთხით ვიღაცები რომ თვლიან, რომ ჩვენ, კაცო, წურბელასავით კისერზე ვაზივართ ამერიკას… [გიორგი ქარდავა: რუსეთს რომ ნიღაბი ძაან ოპერატიულად ჩამოვხსენით ამერიკელების კარნახით…] ზურა მახარაძე: ეგ რა ღირს საერთოდ არ ვიცით… ეგენი [აშშ] რა დონეზე ერევიან აქ კიდე ხო, არავისთან არაფერი ვალში არ ვართ.”

ავღანეთში, ნატოს სამშვიდობო მისიაში საქართველოს ჩართულობასთან  დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება, პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი მტკიცებით, საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გარკვეული ნაწილი ავღანეთში გამოიყენეს. “ჩვენი ფულით ვყიდულობთ იარაღს ამერიკელებისგან და ვიყენებთ მათ მიერ წარმოებულ ომში, რომელიც ჩვენთან არავითარ კავშირში არ არის” – ამბობს ნიკოლაიშვილი.

ირაკლი გოგავას და ალტ-ინფოს მტკიცება, თითქოს საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ავღანეთში 8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია, მანიპულაციურია. ამ მტკიცების აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გამოყოფილი დახმარების კონტექსტში განხილვა კი მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ ამერიკა კი არ ეხმარება საქართველოს, პირიქით საქართველო ეხმარება აშშ-ს. 

მტკიცება, თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალების არსენალში არსებული ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები ავღანეთში გამოიყენება, სიმართლეს არ შეესაბამება და ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც უარყო.

რატომ 8 მილიარდი აშშ დოლარი? 

საკუთარ პოსტში ირაკლი გოგავა სტრატეგიული და საბიუჯეტო შეფასების ცენტრის (CSBA) 2013 წელს მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა, სადაც  აშშ-ს 2014 წლის თავდაცვის ბიუჯეტია განხილული. ანგარიშში საუბარია ფაქტზე, რომ 2014 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიის განსახორციელებლად აშშ-ის ბიუჯეტიდან $79.4 მლრდ დაფინანსება იქნა მოთხოვნილი, მაშინ როცა, 2013 წელთან შედარებით, ამავე მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის 63,181-დან 38,431 ჯარისკაცამდე შემცირება იყო დაგეგმილი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ სამხედრო მოსამსახურეზე დაანგარიშებით დაფინანსება 2.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც გოგავას დასახელებულ ზედა ზღვარს ემთხვევა. თუმცა, იმავე ანგარიშის იმავე ქვეთავში იდენტური ინდიკატორი 2008-2013 წლების მიხედვითაცაა მოცემული, სადაც ვხედავთ, რომ ავღანეთში ერთ სამხედრო მოსამსახურეზე გადათვლით წლიური დაფინანსება 1 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები არც ერთ წელს არ ყოფილა.

;
წყარო: Center for Strategic and Budgetary Assessments

სავარაუდოდ, პოსტში მოხმობილი სტატისტიკის ქვედა ზღვარი – 400 000 აშშ დოლარი სხვა ალტერნატიულ დათვლას ეყრდნობა.

როგორც ჩანს, გოგავამ სწორედ ეს მაჩვენებელი, 400,000 აშშ დოლარი აიღო და გაამრავლა ქართველი ჯარისკაცების რაოდენობაზე, რომლებმაც 2004 წლიდან დღემდე ავღანეთში, ISAF-ის და RSM-ის მისიებში მიიღეს მონაწილეობა. ამგვარი გადამრავლებით მან დაიანგარიშა, რომ “საქართველომ აშშ-ს და კოალიციას საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის ფორმით $8 მილიარდის დახმარება გაუწია.”

ავღანეთში მიმდინარე მისიის ხარჯებზე საუბრისას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ფინანსური ოფიცერი დოვ ზახიმი აღნიშნავდა, რომ ავღანეთში გადასროლილ ერთ ჯარისკაცზე ყოველწლიურად დახარჯული საშუალოდ 1 მილიონი დოლარიდან ხარჯის დიდი ნაწილი მოდიოდა ინფრასტრუქტურაზე, ჯარისკაცების და მათი აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე და ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე. მაგალითისთვის, იგივე 2014 წელს, როდესაც ერთ სამხედრო მოსამსახურეზე დაანგარიშებით აშშ-ის ხარჯებმა 2.1 მლნ დოლარი შეადგინა, რეალურად ბიუჯეტის დიდი ნაწილი ISAF-ის მისიის დასრულების გამო, სამხედრო ბაზების დახურვაზე და შესაბამისად ჯარისკაცების, ტექნიკისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე დაიხარჯა.

ამას გარდა, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ავღანეთში განხორციელებულ მისიაზე გამოყოფილი თანხის გარკვეული ნაწილი ყოველწლიურად ავღანეთის თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მიმართული წვრთნების და აღჭურვილობის შეძენა-დაფინანსებას და სამშვიდობო მისიაში მონაწილე სხვა ქვეყნების სამხედრო ხარჯების დაფარვასაც ხმარდება.

ამ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს მიხედვით, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარჯის დასაფარად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პარტნიორებისაგან დახმარებას პერიოდულად იღებს. მაგალითად, ავღანეთში გადასროლასთან დაკავშირებულ ხარჯებს აშშ და გერმანია ფარავენ.

საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში და თანამშრომლობა აშშ-სთან 

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force – ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოდან ჩაერთო. 2015 წლიდან კი ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, საქართველო ნატო-ს  „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილეობს. კოალიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უახლოეს თვეებში ქართული ქვედანაყოფები ავღანეთს პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო პერსონალთან ერთად დატოვებენ.

2020 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საერთო ხარჯებმა 45,01 მილიონი ლარი შეადგინა. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის იდენტური იყო გასულ წლებშიც – 2019 წელს ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან  43,57 მილიონი ლარი, ხოლო 2018 წელს 38, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც საშუალოდ ქვეყნის თავდაცვის წლიური ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლებია.

;
ავღანეთში ნატო-ს “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ჩართული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნებს კოალიციის მზადყოფნის მხარდაჭერის პროგრამით (Coalition Readiness Support Program) აშშ აფიანანსებს. “საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის უსაფრთხოების დახმარების მონიტორის” თანახმად, 2004-2020 წლებში მხოლოდ სამხედრო განათლებისა და ტრენინგისთვის გამოყოფილმა თანხამ და საქართველოსთვის გამოყოფილმა პირდაპირმა სამხედრო დაფინანსებამ ჯამში $355 მლნ შეადგინა.

ამავე პერიოდის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების, ისევე როგორც წვრთნებისა და აღჭურვის პროგრამების განხორციელებისთვის მიღებული სამხედრო დახმარების მთლიანი ოდენობა  $1.22 მლრდ იყო, რომელიც წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

;

აშშ-ს საგარეო სამხედრო დაფინანსების გარდა (FMF), 2010 წლიდან საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას თავდაცვისუნარიონობის ზრდის პროგრამების დეპარტამენტის და კოალიციის მხარდაჭერის ფონდის გავლითაც იღებს.

რაც შეეხება 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისათვის, ამ მიმართულებით 33 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც ეროვნული ბანკის 22 აპრილის გაცვლითი კურსით ($1=3.45ლარი) დაახლოებით 9.5 მილიონ აშშ დოლარს წარმოადგენს.

;
საქართველოს თავდაცვის ძალების პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აშშ-ს საგარეო დაფინანსებით განხორციელებული პროექტების დეტალური აღწერა ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებულ მასალებში:

აშშ-ს დახმარება საქართველოს

გადაცემა “ალტ-ინფოს” წამყვანი ავითარებს მოსაზრებას, რომ ამერიკა კი არ ეხმარება საქართველოს, პირიქით, საქართველო ეხმარება ამერიკას ფინანსურად. რეალურად 28 წლის განმავლობაში, 1992 წლიდან 2020 წლამდე საქართველომ ამერიკისგან ჯამში $ 4 348 400 000-ის ოდენობის დახმარება მიიღო.

2021 წლისთვის აშშ-ს მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი 132 მლნ დოლარი 35 მილიონიან სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.

იყენებს თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯაველინებს ავღანეთში?

რაც შეეხება “საქართველო და მსოფლიოსთან” გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებას, რომ “ჯაველინები” რომლებსაც საქართველო აშშ-სგან ყიდულობს შეძენილია იმისათვის, რომ ავღანეთში გამოეყენებინათ და მათი გარკვეული რაოდენობა უკვე გამოიყენეს კიდეც, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა ფეისბუკზე 12 აპრილს გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ შეძენილი თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობები მიზნად მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ამოცანების შესრულებას  და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.

“მსგავსი „ფეიკ ნიუსის“ გავრცელების მიზანია, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ პარტნიორებისა და მათ შორის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ემსახურება არა საქართველოს გაძლიერებას, არამედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და რესურსების მათ სასიკეთოდ გამოყენებას. “ – ვკითხულობთ განცხადებაში.


ირაკლი გოგავას პროფილი
ალტ-ინფოს პროფილი
ბონდო მძინარაშვილის პროფილი
გურამ ნიკოლაიშვილის შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist