პოლიტიკა

ვინ ახდენს ბაჩალიაშვილების ოჯახის დისკრედიტაციას და საქმის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებას?

10 აგვისტო, 2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალების გამოჩენასა და ბაჩალიაშვილების ოჯახის მიერ გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას სახელისუფლებო აქტორების მხრიდან თამარის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის დისკრედიტაცია მოჰყვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს.

4 აგვისტოს გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გარდაცვლილის დედის, აშშ-ის საელჩოსთან აქციაზე მდგარი თეონა თამაზაშვილის ფოტო გააზიარა წარწერით “როგორც ჩანს ნაცებმა სარალიძე 2 გამოცხვეს…” მოგვიანებით ხუბულურმა დაწერა, რომ მის წინააღმდეგ ბულინგი მიმდინარეობს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ღიად აგინა.

"
ფოტო: formulanews.ge

პარალელურად ხდებოდა 2011 წელს ბაჩალიაშვილების ოჯახში მომხდარი კონფლიქტის გახსენება და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან და ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირება. 5 აგვისტოს სახელისუფლებო ონლაინ გამოცემა “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილის ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის წერდა, რომ ტრაგედიის კერა თავად ოჯახშია და ისინი კვალის დაფარვას “ნაცების დახმარებით ცდილობენ”. ზაქარეიშვილის თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის ფეიქსბუქი მისმა “ოჯახმა და ნაცებმა გაქრეს”. 

"

Crowdtangle-ის მონაცემებით მარშალპრესის ფეისბუქ გვერდმა თავიანთი გამოცემის სტატია, სადაც ზაქარეიშვილის პოსტი იყო გამოქვეყნებული, 5 ფეისბუქ ჯგუფში გააზიარა. ასევე მარშალპრესის სტატიის სქრინი იდენტური აღწერით “ოჯახში რომ პრობლემები იყო ცხადია” ფეისბუქ მომხმარებელმა Liana Lianocka-მ გააზიარა ჯგუფებში “ბიძინა ივანიშვილის მეგობრები” და “კახა კალაძე თბილისის მერი”.

"

"

ოჯახის პრობლემებზე და თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აპელირებენ სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელი გვერდი “ნაცია - ადამიანი ?” და ყალბი ფეისბუქ ანგარიში ნინო ნებიერიძის სახელით, რომელიც პოსტს ავრცელებს ფეისბუქ ჯგუფში “პროტესტი! Protest! Протест!”. როგორც პოსტების შინაარსიდან ჩანს ისინი თვითმკვლელობის ვერსიის გახმოვანებას ცდილობენ და მომხდარს ოჯახის პრობლემებს უკავშირებენ.

""

"

"

ორგანიზებული კამპანიის სახე ჰქონდა უშუალოდ ჯუმბერ ბაჩალიაშვილზე შეტევასაც, მას შემდეგ, რაც მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ის ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შეწყვეტს, ხოლო ნოემბერში კი იმედოვნებს, რომ “დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველას გვეშველება”. აღნიშნული კომენტარი ფეისბუქ ჯგუფებში ერთმანეთის მსგავსი მადისკრედიტირებელი მესიჯბოქსით ზიარდებოდა: “ეს უკვე ნაყიდია”, “ბევრ რამეს მალავს და თავი მაგარ შარში აქვს გაყოფილი”, “შემოსავლის წყარო მოგაკლდა და ახლის ძიებაში პოლიტიკაში შეაბიჯე“ და ა.შ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის საწინააღმდეგო გზავნილების ავტორები იყვნენ პროსახელისუფლებო ფეისბუქ პროფილები, მათ შორის ისეთები, ვინც პლატფორმა “ვინ ვინ არის” მიერ მონიშნულია, როგორც “პარტაქტივი” ან სახელისუფლები ტროლი”. Crowdtangle-მა აჩვენა, რომ აღნიშნული ფეისბუქ პროფილები ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებდნენ ფეისბუქ ჯგუფებში “კახა კალაძე თბილისის მერი”, “გასამართლდეს ნაციონალური-ტერორისტული მოძრაობა!!!”, “ჩემი საქართველო - აქ არის!!!”, “ხალხის ხმა ბიძინა ივანიშვილს!” და “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა”.

""

""

"

"

ერთ-ერთი პოსტი, რომელიც ზემოაღნიშნულ ჯგუფებში პროსახელისუფლებო ფეისბუქ პროფილის მიერ ზიარდებოდა, ეკუთვნოდა გელა ზედელაშვილს, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილზე წერდა, რომ ის ბევრ რამეს მალავს და “თავი მაგარ შარში აქვს გაყოფილი”. გელა ზედელაშვილი ინტერნეტგამოცემა “ლიდერის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. გამოცემა 2016 წლის 3 ნოემბერს დარეგისტრირდა, როგორც “შპს ლიდერი ექსპრეს-ინფო”. გამოცემის ვებ-გვერდზე 6 აგვისტოს “ქართული ოცნების” სარეკლამო ბანერი იყო განთავსებული, თუმცა 7 აგვისტოს მდგომარეობით რეკლამა საიტზე აღარ დევს.

"

"

გამოიკვეთა კიდევ ერთ ნარატივი, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილი “ნაცებმა მოკლეს”, რომელსაც  ფეისბუქ პროფილი Rusudan Rusikoshka, ჯგუფში “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებდა. აღნიშნული პოსტი ფეისბუქზე უკვე წაშლილია, რაც შეეხება Rusudan Rusikoshka-ს პროფილს, ის პლატფორმას “ვინ ვინ არის” მიერ “პარტაქტივად” არის მოხსენიებული.

"

"


მოამზადა მაიკო რატიანმა