ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ვასკულიტი თუ ვაქცინაციის გვერდითი მოვლენა?

19 თებერვალი, 2021

17 თებერვლს ფეისბუქ მომხმარებელმა Irma Metreveli გაავრცელა ფოტო, წარწერით “ისრაელში აცრის შემდეგ.” ფოტოზე ასახულია ადამიანის ფეხის დაზიანებული ნაწილი. 19 თებერვლის მონაცემებით ფოტოს 1 200 გაზიარება აქვს.

;

ფეისბუკ მომხმარებლის პოსტი, რომელიც დაზიანებული ფეხის ფოტოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან აკავშირებს, მტკიცებულების გარეშეა. დერმატოლოგის შეფასებით, ფოტოზე გამოსახული დაზიანება ვასკულიტია. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გამოვლენილ გვერდით მოვლენებში კი ვასკულიტი არ ფიქსირდება. დამატებითი ინფორმაცია პოსტში მოცემული არ არის. 

  • ფოტოზე გამოსახული დაზიანება ვასკულიტია

დერმატო-ვენერელოგმა სოსო კობახიძემ “მითების დეტექტორთან” აღნიშნა, რომ ფოტოზე გამოსახული ფეხის დაზიანება ვასკულიტია.

;

ვასკულიტი მრავალი ფორმით გვხვდება და ყველა გამომწვევი ფაქტორი ბოლომდე ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. ზოგიერთი ფორმა გენეტიკურ მიზეზებთანაა დაკავშირებული, ზოგ შემთხვევაში იმუნური სისტემა სისხლძარღვის უჯრედებს შეცდომით აზიანებს. იმუნური სისტემის ამ რეაქციას შესაძლოა, რომელიმე ინფექცია (მაგ. C და B ჰეპატიტი), სისხლის დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, სკლეროდერმია და სხვა იწვევდეს

ვასკულიტის დროს სისხლძარღვები სისხლმდენი და ანთებითია. ანთება სისხლძარღვის კედელს ასქელებს და სანათურს ავიწროებს, რის შედეგადაც ორგანოებსა და ქსოვილებს ჟანგბადი და სხვა აუცილებელი ნივთიერებები ვეღარ მიეწოდება. 

  • კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების გამოვლენილ გვერდით მოვლენებში ვასკულიტი არ ფიქსირდება

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვასკულიტის გამოწვევა კოვიდსაწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას შეუძლია. ისრაელში მასშტაბური ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მიმდინარეობს, ამ ვაქცინის კლინიკური კვლევების შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ FDA-ის ანგარიშში უკუჩვენებების ნაწილში ვასკულიტი არ გვხვდება. აღნიშნულ კვლევებში 43 000 ადამიანი მონაწილეობდა. 

კორონავირუსის შემთხვევების კვლევამ აჩვენა, რომ გართულებული Covid-19-ის მქონე პაციენტებში სისხლის შედედების გამო შესაძლო,  ვასკულიტის მსგავსი მდგომარეობები განვითარდეს, სწორედ ამიტომ ისედაც ვასკულიტით დაავადებული ადამიანები ვირუსით გამოწვეული გართულებების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. ამას ვასკულიტით დაავადებულ ადამიანთა საქველმოქმედო ორგანიზაცია Vasculitis UK ხაზს განსაკუთრებით უსვამს.

ისრაელში ვაქციანცია დეკემბერში დაიწყო, ბოლო კვლევის მიხედვით, ორივე დოზით აცრილი 600 000 მოქალაქეს შორის სიმპტომური Covid-19-ის განვითარება 94%-ით შემცირდა, ხოლო მძიმე შემთხვევების რიცხვმა 92%-ით დაიკლო. 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, უკუჩვენებები აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 0.3%-ს გამოუვლინდა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა და ვაქცინის დადასტურებამდე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ისინი უკვე დაფიქსირებული და განხილული იყო, მათ უმრავლესობა კი მალევე გაქრა. 

“მითების დეტექტორმა” ისრაელში მიმდიანრე ვაქცინაციის პროცესის შესახებ გავრცელებული ყალბი ცნობები აქამდეც გადაამოწმა:


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.