სხვადასხვა

ვაქცინაცია თუ დანტე ალიგიერის წლისთავი - რას უკავშირდება რომში “ჯოჯოხეთის კარიბჭის გახსნა”?

21 ოქტომბერი, 2021

16 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ლილუ ლილუ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, 15 ოქტომბერს რომში პარიზიდან ჩამოტანილი, 7-მეტრიანი  “ჯოჯოხეთის კარიბჭის” გაიხსნა სიმბოლურად სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონის ძალაში შესვლას უკავშირდება.
"
“ჯოჯოხეთის კარიბჭე” რომში დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლისთავისთვის მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებიდან 200-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშთან ერთად არის წარდგენილი და გამოფენას არავითარი კავშირი არ აქვს იტალიის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელიც სამუშაო ადგილებზე 15 ოქტომბრიდან “მწვანე პასპორტის” ქონის ვალდებულებას გულისხმობს.

2021 წლის 15 ოქტომბერს რომში, კვირინალის სასახლეში გამოფენა სახელწოდებით "Inferno" გაიხსნა. გამოფენის კურატორი ჟან კლერი იქნება და 2022 იგი წლის 9 იანვრამდე გაგრძელდება. გახმაურებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან შვიდასი წელი აღინიშნება. გამოფენაზე წარდგენილი იქნება ხელოვნების 200-ზე მეტი ნიმუში, რომლებიც მსოფლიოს 80-ზე მეტი დიდი მუზეუმის, საჯარო კოლექციისა და პრესტიჟული კერძო კოლექციების საკუთრებაა.  ექსპონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი ოგიუსტ როდენის "ჯოჯოხეთის კარიბჭის" თაბაშირის ვერსია პარიზის როდენის მუზეუმიდან სპეციალური სატვირთო მანქანით გადმოიტანეს. "ჯოჯოხეთის კარიჭე", რომელზედაც როდენმა ოცდაათ წელზე მეტი იმუშავა, დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” პირველი ნაწილის, “ჯოჯოხეთის” მიხედვით არის შექმნილი და იგი 186 პერსონაჟს აერთიანებს. მაგალითად, “ჯოჯოხეთის” მარჯვენა კარზე გრაფი უგოლინოა გამოსახული, მარცხნივ - პაოლო და ფრანჩესკა, ზემოთ ცენტრში კი დანტე ჩნდება ცნობილი "მოაზროვნის" სახით. “ჯოჯოხეთის კარიბჭის” გარდა გამოფენაზე წარდგენილი იქნება ფრა ანჟელიკოს, ბოტიჩელის, ბოსხის, ბრეიგელის, მანეს, დელაკრუას, გოიას, სეზანის, ფრანც სტაკის, ჯაკომო ბალას, ტასლიცკის, ოტო დიქსის, რიხტერის ნამუშევრები.
"
Scuderie del Quirinale-ის ფოტოები

გამოფენის გახსნის თარიღის დაკავშირება 16 სექტემბერს იტალიის მთავრობის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებასთან კონსპირაციაა. იტალიის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, 15 ოქტომბრიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე ყველა დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილას ე.წ. “მწვანე პასპორტის” წარდგენა სავალდებულო გახდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული სრულად ვაქცინირებული არ არის, ბოლო 48 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი ან უახლოეს წარსულში ვირუსის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. გადაწყვეტილება ძალაში 15 ოქტომბერს შევიდა და 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს, გამოფენა კი 2022 წლის 9 იანვრამდე გაგრძელდება.

ფეისბუკ მომხმარელი ლილუ ლილუ კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, რაც “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია:
უქმდება თუ არა იტალიაში “მწვანე პასპორტები” და რას ასახავს ვიდეო რეალურად?
დაანგრია თუ არა კრეტაზე მიწისძვრამ ტაძარი, რომელშიც ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო?
ვინ გააპროტესტა კოვიდ-რეგულაციები ილინოისის სკოლაში?
გარდაიცვალა თუ არა Delta Air Lines-ის ვაქცინირებული პილოტი ფრენის დროს?


მოამზადა ანი ქისტაურმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.