ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

უცნაური ამბები ბელარუსში: ტრაქტორები, ფერმები და კორონავირუსის მკურნალობის სხვა საშუალებები

10 აპრილი, 2020

polygraph.info-ს მასალის მიხედვით

კორონავირუსის პანდემიის არასერიუზულად აღქმის გამო მსოფლიოს არაერთი ლიდერი  კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. თუმცა მათგან ძალიან ცოტამ თუ უწოდა პანდემიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს “ფსიქოზი”, როგორც ეს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გააკეთა. 

პირველი რეკომენდაცია, რომელიც ლუკაშენკომ სახელმწიფოს წარმომადგენლებს კორონავირუსისგან დასაცავად მისცა, ხელების ხშირად დაბანა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსს 40-50 გრამი ალკოჰოლი კლავს, მაგრამ იქვე გააფრთხილა, რომ სამსახურში არ დაელიათ.

პრეზიდენტმა მოსახლეობას ურჩია, მოენახულებინათ საუნები და ფერმაში საქმით დაკავებულიყვნენ. “ხალხი ტრაქტორზე მუშაობს, არავინ საუბრობს ვირუსზე... ტრაქტორები ყველას კურნავენ, მინდვრები ყველას კურნავს”- განაცხადა ლუკაშენკომ.

ეს განცხადებები რუსეთ-ბელარუსის საზღვრის დაკეტვას მოჰყვა. 

28 მარტს ლუკაშენკომ ჰოკეის თამაშისას განაცხადა, რომ ჰოკეის მოედანზე ვიურსები არ არის და ყინულზე სპორტი განსაკუთრებით კარგი ანტი-ვირუსული წამალია. 

2 აპრილის მდგომარეობით ბელარუსში კორონავირუსის 254 დამტკიცებული შემთხვევა  და 4 გარდაცვლილი იყო. 

ლუკაშენკო ერთადერთი ლიდერი არ არის, რომელმაც პანდემიასთან დაკავშირებით სახელი გაითქვა. თურქმენეთმა გამოაცხადა, რომ ვირუსისგან ინფიცირებულები არ ჰყავს და როგორც მედიაში იუწყებიან, სახალხოდ აკრძალა ამ სიტყვის გამოყენება, ისევე როგორც ნიღბების ტარება. სახელმწიფო საინფორმაციო წყაროებში კორონავირუსის შესახებ არ საუბრობენ.