ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

უჩივის თუ არა აშშ ჩინეთს ბიოლოგიური იარაღის შექმნის გამო?

7 აპრილი, 2020

2020 წლის 3 აპრილს გაზეთმა „ალიამ“ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “აშშ-მა, ბიოლოგიური იარაღის შექმნის ბრალდებით, ჩინეთის წინააღმდეგ 20-ტრილიონიანი სარჩელი შეიტანა”. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საუბარია ამერიკელი იურისტის ლარი კლეიმანის და მისი საადვოკატო გუნდის მიერ ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ კორნავირუსთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე. 

"

სტატიის სათაური მანიპულაციურია და მკითხველს უქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის წინაარმდეგ კორნავირუსის, როგორც ბიოლოგიური იარაღის შექმნის გამო სარჩელი შეიტანა. სტატიის დასახელება არ ემთხვევა ტექსტში გადმოცემულ შინაარს, რომელშიც სარჩელის შემტანი არა აშშ, არამედ ადვოკატი ლარი კლეიმანია.

ლარი კლეიმანი ამერიკელი ადვოკატია, რომელმაც ორგანიზაცია Freedom Watch-ის გუნდთან ერთად ტეხასის სასამართლოში სარჩილი შეიტანა. სარჩელის თანახმად, ჩინეთმა დაარღვია 1925 წლის 17 ივნისის შეთახნმება, რომელიც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას და მათ გავრცელებას კრძალავს. მოსარჩილე ჩინეთის ხელისუფლებისგან 20 ტრილიონი ამერიკული დოლარის კომპენსაციას მოითხოვს  იმ ზარალის გამო, რაც ამ ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მათ შორის 50$ ათასი დოლარის, რომელიც მისმა კომპანიამ დაკარგა.

მსგავსი  მანიპულაციური სათაურები ხელს უწყობს შეთქმულების თეორიის გამყარებას იმის შესახებ, რომ  კორონავირუსი ჩინეთმა კაცობრიობის გასანადგურებლად გაავრცელა.     სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი კვლევით, ახალი კორონავირუსი ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიშვა, ის ბუნებრივი სელექციის შედეგია და ადამიანის შექმნილი არ არის. კვლევის თანახმად, Covid-19-ის შტამების გენომის ანალიზმა არ დაადასტურა, რომ ვირუსი ლაბორატორიაში ან სხვაგვარად გენერირებულია.

კორონავირუსი ვირუსის ახალი შტამია, რომელთა წყაროს ცხოველის ორგანიზმი წარმოადგენს და ის შემდგომ ვრცელდება ადამიანებში. მკვლევართა აზრით, გენეტიკური ანალიზის გაშიფვრის შედეგად, ვირუსი ღამურებში აღმოაჩინეს და ისინი მიიჩნევიან ამ ვირუსის გამავრცელებლად. ღამურებია SARS-ის (მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS-ის (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი) გავრცელების წყაროც. შესაბამისად, ეს ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსი არ არის.


მოამზადა გოგა ქათალანძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: