ევროინტეგრაცია

TVM.ge საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ

27 აგვისტო, 2019

2019 წლის 18 აგვისტოს გამოცემა TVM News-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “რა არის სინამდვილეში ევროკავშირი და უნდა გავწევრიანდეთ თუ არა მასში.” სტატიაში აღნიშნულია, რომ მედია საშუალებები და პოლიტიკური ელიტა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროპაგანდირებას ეწევიან. ავტორის მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა მხოლოდ 25%-ით რჩება თავისუფალი, რადგანაც კანონმდებლობის 75% ევროპულს უნდა დაუქვემდებაროს, შესაბამისად სუვერენიტეტი 75%-ით იკარგება. ასევე, ავტორი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში შესვლით საქართველო დამატებით ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახავს, ამიტომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა არ შეიძლება. მასალას მთავარ ფოტოდ დართული აქვს ილუსტრაცია, რომელზეც ბაბილონის გოდოლი და ევროპარლამენტის შენობა გვერდი-გვერდ არის გამოსახული. სტატია საიტზე გიორგი ფრანგიშვილის მიერ არის გამოქვეყნებული, თუმცა სტატიის ბოლოს მითითებულია სახელი “თორნიკე ბედიანაშვილი. Gorgasaliani.”

აღნიშნული სტატია Facebook გვერდებმა “TVM-news,TV,real” და “სტალინი” გააზიარეს.

gaertianebuli

TVM.ge-ის სტატია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის და სუვერენიტეტსა და ეკონომიკურ სარგებელზე მანიპულაციური ინფორმაციით მკითხველში საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ ნიჰილიზმის დანერგვას ცდილობს.


ევროკავშირის წევრობის წინაპირობები

პირველ რიგში, გაწევრიანების მსურველი ქვეყანა ძირითად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კრიტერიუმები 1993 წელს კოპენჰაგენში განისაზღვრა და “კოპენჰაგენის კრიტერიუმებსაც” უწოდებენ. ქვეყანას უნდა ჰქონდეს:
 

სტაბილური ინსტიტუტები, რომლები დემოკრატიის გარანტს წარმოადგენენ, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და უმცირესობების დაცვა და პატივისცემა;

ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდეს კონკურენციასა და საბაზრო ძალებს ევროკავშირში; 

შესაძლებლობა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა და ეფექტურად დანერგოს წევრობის ვალდებულებები, მათ შორის დაიცვას კავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული მიმზნები. 


კანდიდატი ქვეყნის სტატუსის და ევროკავშირის წესების დანერგვის დრო და პირობები მოლაპარაკების საგანია. ეს წესები პოლიტიკის 35 სფეროდ იყოფა, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, გარემო, ენერგეტიკა და ა.შ. თითოეულ სფეროში მოლაპარაკებები ცალ-ცალკე მიმდინარეობს. ასევე მოლაპარალების საგანია ფინანსური შეთანხმებები, თუ რამდენს გადაიხდის და მიიღებს ახალი წევრი ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ტრანზიციის შეთანხმებები, როდესაც ახალი წესი ეტაპობრივ დანერგვას საჭიროებს და ახალ წევრს მასთან ადაპტაციისთვის დრო ეძლევა.

ევროპარლამენტი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც პირდაპირი  საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულები - ევროპარლამენტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის  საკანონმდებლო ორგანოს 5 წელიწადში ერთხელ, პირდაპირი წესით ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მოქალაქეების მიერ, მათი ინტერესების გასატარებლად აირჩევა.

ევროკავშირის შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის თანახმად, ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის წარდგენილი კანონპროექტი ეროვნულ პარლამენტებსაც უნდა გაეგზავნოს. უთანხმოების შემთხვევაში, ადრეული გაფრთხილების პრინციპის მეშვეობით, ეროვნულ პარლამენტს შეუძლია გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტთან მიმართებაში. ამგვარი მოწყობა ეროვნულ, რეგიონალურ ან ადგილობრივ დონეზე პრობლემატური საკითხების უკეთ გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.

ლისაბონის ხელშეკრულება სწორედ წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებით, ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების დაახლოებას მოიაზრებს. მონაწილეობითი დემოკრატიის გაზრდის ნათელი მაგალითია ევროკავშირის ხელშეკრულების 11.4 მუხლი მოქალაქეთა ინიციატივის შესახებ, რაც გულისხმობს მილიონი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ევროკომისიის მიერ შესაბამისი კანონპროექტის წარდგენის შესაძლებლობას.

ევროკავშირის წევრობა და ეკონომიკა

გზავნილი, რომ ევროკავშირში წევრობას ქვეყნებისთვის ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს ან/და ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს, კრემლის აქტორების მიერ მრავალი წელია ვრცელდება და მეტწილად ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრირების უპერსპექტივობის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტის პროფესორმა ნაურო კამპოსმა ევროკავშირში წევრობის ეკონომიკური სარგებელი 1980 და 2004 წლებში ევროკავშირის გაფართოების მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვლია. კვლევის თანახმად, ქვეყნების განსხვავების მიუხედავად, მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყველა შემთხვევაში სარგებლიანი იყო, საბერძნეთის გარდა, რასაც ავტორი არაკომპეტენტური ბაზრის გახსნის მოულოდნელობითა და გადადებული სტრუქტურული რეფორმებით ხსნის. 

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე შავად ნაჩვენებია არსებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო წითელი წყვეტილი ხაზით მშპ ერთ სულ მოსახლეზე იმ შემთხვევაში, ქვეყანა რომ ევროკავშირში არ გაწევრიანებულიყო. ცისფერი ვერტიკალური წყვეტილი ხაზით კი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღია მონიშნული. როგორც დიაგრამიდან ჩანს, ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და სლოვენიას ევროკავშირში გაწევრიანებამ მეტი მშპ მოუტანა, ვიდრე ევროკავშირის გარეთ ყოფნა მოუტანდა. 

evrokavshiri

  • პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ევროკავშირში მხოლოდ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გაწევრიანდნენ. ევროკავშირში გაწევრიანებიდან (2004) 2015 წლამდე ბალტიის ქვეყნების მშპ რეკორდულად  გაიზარდა, მაგალითად, ესტონეთის მშპ დაახლოებით 93 %-ით, ლიტვის 111 %-ით, ხოლო ლატვიის 115%-ით გაიზარდა.
     
  • 2004 წლის შემდგომ ბალტიის სამივე ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა  უმუშევრობის დონე. მაგალითად, თუ 2004 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ლიეტუვაში 13%-ს აღწევდა, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე ეს რიცხვი 4.25 %-მდე დავიდა.
     
  • ფონდის "საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის აღქმის 2018 წლის  ინდექსის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ ბალტიის ქვეყნებშია.
     
  • The Heritage-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის  მიხედვით, მეტწილად თავისუფალი ქვეყნების სიაში ბალტიის ქვეყნებთან ერთად მხოლოდ საქართველო შედის. ესტონეთი მე-15 ადგილს, ლიეტუვა - 21-ე, ხოლო ლატვია 35-ე ადგილს იკავებენ. 

ევროკავშირის ინსტიტუტების არადემოკრატიულობის შესახებ გზავნილებს 2017 წელს “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი და “ობიექტივის” წამყვანი გია არეშიძე ავრცელებდნენ. ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის”  ადრინდელი პუბლიკეციები. ასევე ვრცელდებოდა მითები ბალტიის ქვეყნების  ეკონომიკური კოლაფსის შესახებ.
 

წყაროს შესახებ:

TVM News-ს ჩვენ შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საიტი ინტერნეტ ბაზრზე 2013 წელს გამოჩნდა, თუმცა registrator.ge-ს ინფორმაციით, ვებ-გვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული. ამავე განყოფილებაში ადმინ-რედაქტორად ჟურნალისტი თამთა დადეშელი, ხოლო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბლოგის რედაქტორი - გიორგი ფრანგიშვილია მითითებული. ამავე განყოფილებაში აღნიშნულია, რომ გამოცემა თავისუფალი პრესის პრინციპებით მუშაობს და არ გამოხატავს არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს. ასევე მითითებულია, რომ პორტალზე გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია თავად ავტორი.

საიტი აქვეყნებს მასალებს ანტი-დასავლური და პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოდან”.

bolo

TVM.ge-ს სტატიის არქივის ბმული

პროფილები: