ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

TVM.ge-ს და Vaxxinfo-ს მანიპულაცია, თითქოს ვაქცინები აუტიზმს იწვევს

12 სექტემბერი, 2019

2019 წლის 2 სექტემბერს ვებ-გვერდმა TVM.ge-მ გამოაქვეყნა სტატია,  სათაურით ,,აუტიზმი აცრის ანოტაციაში,” რომელშიც აღნიშნულია, თითქოს ზოგიერთი ვაქცინის გვერდით მოვლენა აუტიზმი და  უეცარი სიკვდილის სინდრომია (SIDS). 

სტატიაში ყურადღება გამახვილებეულია  ფინანსურ მხარეზეც და აღნიშნულია, რომ აშშ-ის აცრით დაზარალებულთა ფონდს  4 მლრდ დოლიარი აქვს გაცემული აცრით დაზარალებულთა და  გარდაცვლილთა მშობლებისთვის. სტატიის წყაროდ მითითებულია საიტი vaxxinfo.ge. 

TMV.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციური ხასიათისაა  და ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანას ისახავს მიზნად.

მანიპულაცია N1: Tripedia-ს ანოტაციის შესახებ ინფორმაცია მკითხველს არასრულად და შერჩევითად მიეწოდა.

სტატიაში   აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ვაქცინის Tripedia -ს ანოტაციაში (მწარმოებელი Sanofi Pasteur), მე-11  გვერდზე, ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებულ არასასურველ გვერდით მოვლენებში  ჩამოთვლილია აუტიზმი და უეცარი სიკვდილი.

"

აუტიზმი  და უეცარი  სიკვდილი მოხსენიებულია 2005  წლის Tripedia-ს  ვაქცინის ანოტაციაში, როგორც გვერდითი მოვლენა, თუმცა ამავე აღნიშვნის შემდეგ, ნათლადაა  გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ შეგროვებულია მოხალისეობრივად. “იმის გამო, რომ ეს [გვერდითი] მოვლენები გაურკვეველი რაოდენობის მოსახლეობისგან მოხალისეობრივად არის შეგროვებული, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის უტყუარად გადამოწმება ან ვაქცინის კომპონენტებსა და ამ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.” თუმცა სტატიაში,  ანოტაციის ეს ნაწილი საერთოდ  არ არის ნახსენები. 

PolitFact-თან ინტერვიუში ამ ვაქცინის მწარმოებელი Sanofi Pasteur-ის სპიკერი ქრისტინ შროედერი ამბობს, რომ ტრიპედია წლებია აღარ გამოიყენება, ხოლო 2006 წელს FDA-მ ვაქცინების მარკირების წესი შეცვალა და დაავიწროვა, რაც გამორიცხავდა ვაქცინების გვერდით მოვლენებში ისეთი დაავადებების მითითებას, რომელთა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა. როგორც შროედერი ამბობს, მანამდე, ვაქცინის გვერდით მოვლენებზე განაცხადის შევსება თითოეულ ადამიანს შეეძლო.  მათ არ სჭირდებოდათ იმის დამადასტურებელი საბუთი , რომ აღნიშნული მოვლენა მართლაც გამოწვეული იყო ვაქცინაციით.

ფაქტები იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს, უკვე მრავალჯერაა შეგროვებული, დადასტურებული და გადამოწმებული. მეცნიერებისთვის ჯერ ჯერობით უცნობია აუტიზმის გამომწვევი კონტრეტული მიზეზი, თუმცა უკვე ჩატარებული კვლევები იმასაც  მოწმობს, რომ ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს და ეს მტკიცება დასტურება  ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების  შემთხვევებშიც.

მანიპულაცია N2:  ინფორმაცია, რომ აშშ-ის აცრით დაზარალებულთა ფონდს  4 მლრდ დოლიარი აქვს გაცემული აცრით დაზარალებულთა და  გარდაცვლილთა მშობლებისთვის შერჩევითად არის გაშუქებული. 

აცრით დაზარალებულთა  ფონდის მიერ გაცემული თანხების რაოდენობა დაახლოებით 4,2 მილიარდია, თუმცა  სტატიაში ის არ არის ნახსენები, რომ 4 მილიარდი დახარჯულია ბოლო 30 წლის განმავლობაში და გაცემული თანხის რაოდენობა  თანდათან მცირდება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე ეფექტიანი ვაქცინების მიწოდების პროგრამა და ხშირ შემთხვევებში, ვაქცინაციის შემდეგ პაციენტებს აღენიშნებათ მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

ბოლო  30 წლის განმავლობაში  პეტიცია ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ დაახლოებით 20 913-მე ადამიანმა შეავსო, აქედან კი მხოლოდ 6 706  შემთხვევა იქნა კომპენსირებული.

ონლაინ სივრცეში გავრცელებული კონსპირაციების მიუხედავად, ფაქტები ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის წყალობით დაავადებებთან ბრძოლა სულ უფრო და უფრო ეფექტიანი ხდება  დაავადებებთან ბრძოლა.

"

წყარო:World Health  organization 

ვაქცინაცია ყოველწლიურად 2-3  მილიონ სიცოცხლეს იცავს. UNICEF-ის ინფორმაციით, 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის 30%-ს სწორედ ბავშვების აუცრელობა იწვევს.

"
წყარო: UNICEF

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ვაქცინების ეფექტიანობას აშშ-ის მაგალითზე. 

"

წყაროების შესახებ:                          

VAXXINFO.ge: აღნიშნული დომეინით საიტი 2019 წლის  18 იანვარს არის დარეგისტრირებული და როგორც საიტზეა აღნიშნული , იგი შექმნილია აცრით  დაზარალებულთა ოჯახების დახმარებით. საიტის მფლობელად მითითებულია “დედები მშობლების დასაცავად”, ხოლო ადმინისტრატორად - ლია ხიდაშელი.

"

VAXXINFO-ს სხვა მსგავსი შინაარსის სტატიები :

"

TVM News-ს ჩვენ შესახებ განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ საიტი ინტერნეტ ბაზრზე 2013 წელს გამოჩნდა, თუმცა registrator.ge-ს ინფორმაციით, ვებ-გვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული. ამავე განყოფილებაში ადმინ-რედაქტორად ჟურნალისტი თამთა დადეშელი, ხოლო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბლოგის რედაქტორი - გიორგი ფრანგიშვილია მითითებული. ამავე განყოფილებაში აღნიშნულია, რომ გამოცემა თავისუფალი პრესის პრინციპებით მუშაობს და არ გამოხატავს არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს. ასევე მითითებულია, რომ პორტალზე გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია თავად ავტორი.

საიტი აქვეყნებს მასალებს ანტი-დასავლური და პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოდან”.


მოამზადა კესო ჭუმბურიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

პროფილები: