მედია

თვის ანეკდოტი: რუსეთი სიტყვის თავისუფლებაში მსოფლიო ჩემპიონია

15 ნოემბერი, 2019

EUvsDisinfo-ს მიხედვით

რუსეთის პროპაგანდისტული მედია სააგენტო Россия Сегодня-ს გენერალური დირექტორის დიმიტრი კისილიოვის მტკიცებით, რუსეთი სიტყვის თავისუფლებაში მსოფლიო ჩემპიონია და როგორც მოქალაქეებს, ისე ჟურნალისტებს, საკუთარი აზრის გამოსახატად შეუზღუდავი თავისუფლება აქვთ. კისილიოვმა ამის შესახებ 24 სექტემბერს სოჭში გამართულ კონფერენციაზე, ხოლო 23 ოქტომბერს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე ისაუბრა.

კისილიოვი: “რუსეთში, ადამიანი თავისუფალია, განაცხადოს, რომ პუტინი მოსწონს ან არ მოსწონს. ასევე შეუძლია თქვას, რომ გეები მოსწონს ან არ მოსწონს. აშშ-ში კი განცხადება “მე მომწონს პუტინი და არ მომწონს გეები” თვითმკვლელობის ტოლფასია.”

სინამდვილეში, რუსეთის ფედერაცია მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით 180-დან 149-ე ადგილს იკავებს. საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” რუსეთის ინდექსს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და სამთავრობო პროპაგანდის გათვალისწინებით განსაზღვრავს. 1993 წლიდან მოყოლებული კორუფციის, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საგამოძიებო მასალების გამო რუსეთში 38 ჟურნალისტია მოკლული. ქვეყანაში თითქმის ყველა წამყვან მედია საშუალებას ხელისუფლება, ან კრემლთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ.

"
წყარო: rsf.org

გარდა ამისა, კისილიოვს, როგორც  რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში განლაგების მხარდაჭერაში სამთავრობო პროპაგანდის ცენტრალურ ფიგურას, ევროკავშირის საბჭოს პერსონალური სანქციაც აქვს მიღებული. კისილიოვმა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს მიმართა და შავი სიიდან მისი გვარის ამოღება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ კისილიოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ბმულზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები რუსეთში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.