თავდაცვა/უსაფრთხოება

TV ობიექტივი რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ მითს ამკვიდრებს

9 თებერვალი, 2018

27 იანვარს, TV ობიექტივის ეთერში გადაცემის “ოქროს კვეთა” რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის სიუჟეტი გავიდა. გადაცემის წამყვანის, ვალერი კვარაცხელიას თქმით, ფრაგმენტი 1997 წელს ამერიკელების საიმედო თვითმფრინავ “ნევიდიმკას”  საბჭოთა შეიარაღის მიერ იუგოსლავიაში  ჩამოგდებას  ასახავს, რაც აშშ-ის სამხედრო ძლიერების ხარვეზებზე მიუთითებს.

ობიექტივის ეთერში გასული რუსეთის პირველი სიუჟეტის კადრები მანიპულაციურია, რადგან მასში არა რეალური ფაქტის, არამედ საჰაერო შოუზე მონაწილე ანალოგიური მოდელის (F-117A) საბრძოლო თვითმფრინავის კადრებია ნაჩვენები. 1997 წელს იუგოსლავიაში ამერიკული  F-117A ჩამოგდების ზუსტი მიზეზი დანამდვილებით ცნობილი არ არის. ამასთან, სპარსეთის ყურის ომში ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხლის” მიმდინარეობისას F-117A- მა 1300 მდე გაფრენა უდანაკარგოდ განახორციელა, ხოლო მისი იერიშების წარმატების მაჩვენებელი 80%-იყო.

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში რეალური კადრების ნაცვლად, 1997 წელს მერილენდის შტატში გამართულ საჰაერო შოუს კადრებია გამოყენებული. საჰაერო შოუზე მოყვარულთა მიერ გადაღებულია კადრები, რომელიც F-117A -ს ავარიის მომენტს ასახავს, რომელიც რამდენიმე სატელევიზიო არხის ეთერში გადაიცა. კადრების ნახვაYoutube-ზეც არის შესაძლებელი.


"

1999 წლის 27 მარტს, F-117A საბრძოლო თვითმფრინავი,რომელიც ნატოს ოპერაცია „სამეკავშირეო ძალა“-ის ფარგლებში მოქმედებდა, ბელგრადთან ახლოს სერბულმა საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ჩამოგდების ზუსტი მიზეზი დანამდვილებით ცნობილი არ არის. 2007 წელს Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სერბმა პოლკოვნიკმა ზოლტან დანიმ განაცხადა, რომ F-117A  საბჭოთა საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა SA-3 Goa (С-125 "Нева"/"Печора) დააფიქსირა და ჩამოაგდო. დანის თქმით,  F-117A-ს დაფიქსირება საბჭოთა ტექნიკის მოდიფიცირების მეშვეობით გახდა შესაძლებელი, თუმცა კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან ეს მისი განმარტებით სამხედრო საიდუმლოება იყო.

F-117A მსოფლიოში პირველი ფუნქციონალური საჰაერო ხომალდია, რომელიც კორპორაცია ლოქჰიდ მარტინმა აშშ-ის საჰაერო ძალების დაკვეთით შექმნა „სტელს“ ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც გულისხმობს საჰაერო ხომალდის აგებას ისეთი ფორმების, მასალებისა და ელემენტების გამოყენებით, რომლებიც მის რადიოლოკაციურ, ინფრაწითელ, აკუსტიკურ და ვიზუალურ შემჩნევადობას ამცირებენ.  F-117A -ს ეფექტიანობა დადასტურდა სპარსეთის ყურის ომში კოალიციური ძალების ოპერაციების ფარგლებში ერაყის წინააღმდეგ. 1991 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში „საჰაერო ძალების მოქმედებები უდაბნოს ქარიშხალში“ აღნიშნულია, რომ ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხლის” მიმდინარეობის დროს F-117A-მა 1300 მდე გაფრენა განახორციელა, 2000 ტონამდე ბომბი ჩამოაგდო, 6,900 სთ-ზე მეტი იფრინა დანაკარგის გარეშე და მისი იერიშების წარმატების მაჩვენებელმა 80%-ს მიაღწია. F-117A-მ კოალიციურ ძალებს ერაყის საჰაერო სივრცეზე უპირატეობის მოპოვების საშუალება მისცა. კერძოდ, ბაღდადის გარშემო კონცენტრირებული იყო ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა სახელად KARI 60-70-იანი წლების საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის ბატარეებითა და იმ დროისთვის უახლესი ფრანგული წარმოების მართვისა და კონტროლის სისტემით. F-117A-მ გაანადგურა ერაყის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნები. 1989 წელს F-117A-მ  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აერო-სანავიგაციო ჯილდო, კოლიერის ტროფეი მიიღო.

პროპაგანდის მეთოდი

გაზვიადება და განზოგადება - ერთი კონკრეტული შემთხვევის გამოყენება განზოგადებული დასკვნების გამოტანისთვის, მოვლენების დრამატიზების მიზნით.


რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ ტვ “ობიექტივის” წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ “საქართველო და მსოფლიო”-სთვის 26 იანვარს მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთისას აღემატება, რუსეთის შეიარაღება ეფექტიანობის თვალსაზრისით ამერიკულ შეიარაღებას ჯობნის.

ეს გზავნილი რუსული ნარატივის ნაწილია, რომელსაც სირიის მოვლენების პარალელურად რუსული სახელისუფლებო მედია ავითარებდა. მაგალითად, НТВ-ს, ОРТ-სა და РТР-ის საინფორმაციო გამოშვევებებში ჭარბად იყო სიუჟეტები რუსეთის შეიარაღების უპირატესობებსა და სირიაში რუსული ავიაციის წარმატების შესახებ, რომლებშიც რუსეთი ერთადერთ ძლიერ და უნარიან სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი.

Global Firepower-ის სამხედრო ძლიერების 2017 წლის ინდექსის თანახმად, აშშ 133-ი ქვეყნიდან 1 ადგილს 0.0857 ქულით (0.0000 საუკეთესო ქულა) იკავებს, რასაც 0.0929 ქულით რუსეთი მოსდევს. აშშ ცალსახა უპირატესობას ფლობს ადამიანური რესურსის, ავიაციის და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტანკების რაოდენობით აშშ-ის უსწრებს, რუსული ტანკების უმეტესობა მოძველებულია და ეფექტიანობის თვალსაზრისით ამერიკულს ჩამორჩება.

Global Firepower-ი ქვეყანათა სამხედრო ძლიერების ინდექსს ღია და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით 50 ფაქტორის მიხედვით ითვლის. მათ შორისაა ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა შეიარაღების ხარისხი და მრავალფეროვნება, ადამიანური რესურსის მოცულობა, გეოგრაფიული ფაქტორები, ბუნებრივი რესურსებისა და ადგილობრივი წარმოების ფაქტორები და სხვა.

ადამიანური რესურსი: ადამიანური რესურსის განსაზღვრის ორი მთავარი კრიტერიუმი აქტიური სამხედრო ძალებისა და სამხედრო მზადყოფნაში მყოფი პირების რაოდენობაა. ამ კუთხით აშშ რუსეთზე უპირობოდ ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სარეზერვო პერსონალის რაოდენობა 2,572,500-ია და ის 2.5-ჯერ აღემატება აშშ-ის რაოდენობას (990 025), აქტიური სამხედრო ძალებისა და სამხედრო მზადყოფნაში მყოფი პირების კუთხით რუსეთი აშშ-ის საგრძნობლად ჩამორჩება.

  აშშ რუსეთი
აქტიური სამხედრო პერსონალი 1 373 650 798 527
სამხედრო მზადყოფნაში მყოფნი 120 025 000 47 000 000

საჰაერო ძალები: საჰაერო შეიარაღებაში აშშ უპირობო ლიდერია, როგორც ტექნიკის რაოდენობის, ასევე მათი თანამედროვებისა და ხარისხის თვალსაზრისით. შედარებისთვის, აშშ-ის მთლიანი ავიაცია 13 762 ერთეულს შეადგენს მაშინ, როდესაც რუსეთში ეს მაჩვენებელი 3 794-ია.

მთლიანი ავიაცია ქვეყნების მიხედვით. წყარო Global Firepower.

"

უფრო კონკრეტულად, აშშ-ის უპირატესობა ჩანს ავიაციის ყველა მიმართულებით, როგორიცაა ავიაგამანადგურებლების, მოიერიშეების, სატრანსპორტო თვითმფრინავების, ვერტმფრენების და სხვათა რაოდენობით.

საჰაერო უპირატესობა გამარჯვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტი შესაძლოა სახმელეთო ძალებში (მაგალითად ტანკების რაოდენობაში) უპირატესობას ფლობდეს, ძლიერი და თანამედროვე ავიაციისთვის სახმელეთო ტექნიკა სამიზნე ხდება.

სამხედრო-საზღვაო ფლოტი: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთლიანი მოცულობა 415 ერთეულს მოიცავს, როდესაც რუსეთის ფლოტში 352 ერთეული შედის.

  აშშ რუსეთი
ავიამზიდი 19 1
ფრეგატი 8 6
გამანადგურებელი 63 15
კორვეტი 0 81
წყალქვეშა ნავი 70 63

როგორც ცხრილიდან ჩანს რუსეთს 81 კორვეტი ჰყავს, როდესაც აშშ-ის არცერთი. რეალურად, კორვეტი გემის ტიპოლოგიაა, რომელიც არის მცირე ზომის და მსუბუქად შეიარაღებული. კორვეტის ფუნქციას აშშ-ის ფლოტში რუსულ კორვეტებზე უფრო მძლავრი გამანადგურებლები ითავსებენ.

სახმელეთო ძალები: ადამიანური, საჰაერო და საზღვაო ძალებისგან განსხვავებით, რომელშიც აშშ ცალსახა უპირატესობას ფლობს რუსეთზე, სახმელეთო ძალების კუთხით სურათი არაერთგვაროვანია.

  აშშ რუსეთი
ტანკი 5 884 20 2016
ბრონირებული საბრძოლო მანქანა 41 062 31 298
თვითმავალი არტილერია 1 934 5 972
ბუქსირებადი არტილერია 1 299 4 625
რეაქტიული არტილერია 1 331 3 793

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტანკების რაოდენობით გამოირჩევა, მისი ტანკების უმეტესობა საბჭოთა პერიოდისაა და მოძველებულია. უახლესი ტანკი T-90-ია, რომლის რაოდენობაც რეალურად 550-ია. T-90 საბჭოური T-72-ის განახლებულ მოდელს წარმოადგენს. T-72-ის ერაყულ ვერსიის (ბაბილონის ლომები) დიდი რაოდენობა ამერიკულმა M1 Abrams-მა ერაყის ომის დროს გაანადგურა.

წარუმატებელი იყო ასევ რუსული T-80-ები, რომელმაც საგრძნობი დანაკარგი განიცადა ჩეჩნეთის პირველი ომის დროს.

ამერიკული M1-ისა და რუსული T-90-ის შედარების შემთხვევაში, M1-ის უპირატესობა ცალხასად ჩანს, რაც გამოიხატება M1-ის მაღალი დონის სენსორული და ცეცხლის კონტროლის კომპლექტით, მუდამ მზარდი გაღარიბებული ურანის ჯავშანის მატრიცით, ასევე M829 ქვეკალიბრული ჭურვების დარტყმის ძალით.

პროპაგანდის მეთოდი

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

NDI-ს მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებულმა საზოგადოებრივი განწყობების კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 41 %, სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთს უფრო ძლიერ ქვეყნად მიიჩნევს ვიდრე აშშ-ს (36%). კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კრემლისტურმა გამოცემებმა აქტიურად დაიწყეს იმ ნარატივის გავრცელება, რომ სამხედრო ძლიერებით რუსეთი აშშ-ს აღემატება, რისთვისაც პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ.


მოამზადეს სოფო გელავამ და დალი ქურდაძემ