სხვადასხვა

ტვ “ობიექტივი” კონსპირაციულ ფილმს ავრცელებს, რომელიც მაიდნის მოვლენებზე კრემლის ნარატივს იმეორებს

21 ოქტომბერი, 2020

17 ოქტომბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით ,,უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა” (“The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder”). 19 ოქტომბერს დოკუმენტური ფილმი “ობიექტივის” ფეისბუქ გვერდმა და ასევე ფეისბუქ გვერდმა tinp.ge-მ გააზიარეს. “ობიექტივის” ვიდეო პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ,,ფილმი ამხელს სოროსის ფონდის, ჯო ბაიდენის ემისრების ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ქმედებებს”, ასევე აღნიშნულია, რომ ფილმის ავტორი უკრაინის მაიდნის მოვლენებთან მიმართებაში სხვა აქტორებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც ,,ხდის ფარდას”.

1

“ობიექტივის” ეთერში გასული ფილმი მანიპულაციურია და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს: 1. ფილმში გამოყენებულია “ქართველი სნაიპერების” ყალბი ჩვენებები; 2. ფილმში გვხვდება ანტიამერიკული გზავნილები და განხილულია მაიდნის მოვლენებში აშშ-სა და ჯორჯ სოროსის მონაწილეობა, რაც მტკიცებულებების გარეშეა. ამასთანავე ამერიკული ტელეკომპანია OAN, სადაც ფილმი გავიდა, ყალბი ამბების გავრცელებაშია მხილებული, მისი ავტორი კი მიულერის კომისიის მიერ დაიკითხა.

მაიდნის მოვლენებში დასავლეთის და სოროსის მონაწილეობა მტკიცებულებების გარეშეა

ფილმი კონსპირაციულია და სხვადასხვა გზავნილებს მოიცავს, მათ შორისაა ანტი-ამერიკული ნარატივები, ასევე მტკიცება, თითქოს 2014 წელს მაიდნის მოვლენების ორგანიზება ამერიკელი ფილანტროპის ჯორჯ სოროსის მიერ, აშშ-ის დახმარებით მოხდა. გარდა მაიდნის მოვლენებში მონაწილეობისა, ფილმის ავტორის თქმით, ჯორჯ სოროსი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს  თავისი ორგანიზაციის ,,ღია საზოგადოების” საშუალებით მხარს უჭერდა. აღნიშნული ცნობები მტკიცებულებების გარეშეა, ჯორჯ სოროსის “ჩრდილოვანი მმართველობის” შესახებ ნარატივი კი ხშირად გვხვდება როგორც რუსულ ასევე ინგლისურენოვან კონსპირაციულ გამოცემებში.

ქართველი სამხედროების მონაწილეობა მაიდნის მოვლენებში არ დასტურდება

ფილმის ერთი-ერთი მონაკვეთი შეეხება მაიდნის მოვლენებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას, რომლის შესახებაც რესპონდენტად ფილმის ავტორს ჯაშუშობაში ბრალდებული ტრისტან წითელაშვილი ჰყავს. ფილმში ნათქვამია, რომ ქართველი სნაიპერები დირექტივებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან და „ქართული ლეგიონის“ ლიდერის მამუკა მამულაშვილსგან იღებდნენ, მაშინ, როდესაც 2017 წელს “მითების დეტექტორთან” საუბარში მამულაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარი მხოლოდ 2014 წლის აპრილში გადაკვეთა, ხოლო მაიდნის მოვლენებს 2014 წლის თებერვალში ჰქონდა ადგილი.

დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წლის თებერვალში მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს არა პრო-კრემლისტური ძალები, არამედ დასავლეთისგან მხარდაჭერილი სნაიპერები ესროდნენ, უკვე წლებია რუსული პროპაგანდის ნარატივია. ამის შესახებ “საგამოძიებო” დოკუმენტური ფილმი 2017 წლის ნოემბერში იტალიურ ტელეარხ Matrix-ზეც გავიდა სათაურით “უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება”, რომელიც შემდეგ კრემლის რუსულენოვანმა მედიამ და მისმა ქართულმა სატელიტებმაც გაავრცელეს. იტალიურ არხზე გასულ ფილმში წარმოდგენილი “ქართველი სნაიპერების” ჩვენებები სასამართლო, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზამ, ასევე 20 თებერვალს დაჭრილთა დაკითხვის შედეგებმა არ დაადასტურა.

2017 წლის იტალიური დოკუმენტური ფილმის შესახებ ინფორმაცია “ასავალ-დასავალის” 2020 წლის 15-29 ოქტომბრის ნომერშიც გამოქვეყნდა, სადაც ავტორი, ჯაბა ხუბუა ქართველი მკვლელი სნაიპერების შესახებ დეზინფორმაციას იმეორებს.

2

2014 წლის მაიდნის მოვლენებში სოროსის, სააკაშვილისა და ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ დეზინფორმაციის შესახებ მასალებს ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების პლატფორმა EUvsDisino-ც არაერთგზის წერდა.

ვინ არის ფილმის ავტორი?

აღნიშნული ფილმს, რომელიც 2020 წლის თებერვალში ქართული გახმოვანებით ვრცელდებოდა, “ობიექტივი” კვლავ აცოცხლებს და მას წინასაარჩევნო დისკურსში იყენებს.


დოკუმენტური ფილმის ავტორი ამერიკელი პოლიტიკური სტრატეგი და ლობისტი მაიკლ კაპუტოა, რომელიც დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი იყო. აღსანიშნავია, რომ კაპუტოს კავშირებს კრემლთან აშშ-ის საგანგებო კომისია, ე.წ. მიულერის კომისია სწავლობდა.  კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პირველ ტომში აღნიშნულია, რომ 2016 წელს კაპუტომ ტრამპის მრჩეველს როჯერ სტოუნსა და რუსი ბიზნესმენის ჰენრი ოკნიანსკის შორის კომუნიკაციას შეუწყო ხელი, რომელსაც ჰილარი კლინტონის მადისკრედიტირებელი მასალები ჰქონდა.

OAN ყალბი ამბების გავრცელებაშია მხილებული

პირველად ფილმი ტელეკომპანა One America News-ის  (OAN) ეთერში 2020 წლის იანვარში გავიდა. არხს სხვა ამერიკული გამოცემები ულტრაკონსერვატიულად და ულტრამემარჯვენედ მოიხსენიებენ. ამასთან, ტელეკომპანია არაერთხელ ამხილეს ყალბი ამბებისა და კონსპირაციის თეორიების გავრცლებაში. მაგალითისთვის, სირიასთან დაკავშირებულ საკითხებზე One America News და კრემლის მედია “სპუტნიკი” იდენტურ ყალბ ამბებს ავრცელებდნენ.

ფილმის გავრცელება

ფილმი The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder 17 ოქტომბერს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გავიდა, ხოლო 19 ოქტომბერს ტელეკომპანიის ფეისბუკ გვერდმა და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარებმა” გააზიარა. ვიდეო ასევე გაზიარდა ფეისბუქ გვერდზე Tinp.ge - დღეს პოლიტიკაში, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” აქტივობებს ხშირად აშუქებს.

ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია, რომ ,,ფილმი სულ ახლახანს ითარგმნა ქართულად და დაინტერესებულ მაყურებელს უამრავ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის”.

3

ფილმს 2020 წლის თებერვალში აზიარებდა tvalsazrisi.ge სათაურით ,,სკანდალი! ამერიკელები ფარდას ხდიან სააკაშვილის, სოროსის და ბაიდენის ალიანსს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ”. თებერვალში tvalsazrisi.ge-ს სტატიას ასევე ავრცელებდნენ ფეისბუქ გვერდები  “სტალინი”, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” და “ბექა ვარდოსანიძე”.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები: