სამართალი/კრიმინალი

თურქების მიერ ბათუმში მღვდლის ცემის შესახებ ინფორმაციას არც შსს, არც სხვა დამოუკიდებელი წყარო ადასტურებს

17 აგვისტო, 2018

15 აგვისტოს იდენტური სახელწოდების საინფორმაციო სააგენტოებმა Timenews.ge და Timesnews.ge იდენტური შინაარსის მასალები გაავრცელეს, თითქოს თურქეთის მოქალაქეებმა ბათუმში მართლმადიდებელი სასულიერო პირი სცემეს. სტატიები,  სათაურებით „რა ჩაიდინა თურქებმა ბათუმში ეს უკვე მეტისმეტია, მათმა მღვდელი სცემეს“ (Timenews.ge)  და “ამის პატიება არ შეიძლება!!! თურქმა მოქალაქეებმა სასულიერო პირს ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს” (Timesnews.ge) ამტკიცებს, რომ ინციდენტს რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ქუჩაზე ჰქონდა ადგილი და  შემთხვევის ადგილზე პატრულიც კი მივიდა.

Timenews.ge, Timesnews.ge: „რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მღვდელი არ გაატარეს. თურქმა მოქალაქეებმა სასულიერო პირს ფიზიკური შეურაწყოფაც კი მიაყენეს (სახეში ხელი გაარტყეს). საბედნიეროდ ეს ფაქტი შეამჩნია იქვე მყოფმა ქართველმა ვაჟკაცებმა და საკადრისი პასუხი გასცეს უცხოელ "ინვესტორებს". ძნელია მოითმინო ასეთი შემთხვევა საკუთარ ქალაქში, კარგადაც გალახეს, სულ დაასისხლიანეს და ადგილზე მისული პატრულის თანამშრომლებიც ჩვეულებრივად შეხვდნენ აღნიშნულ ფაქტს.”

თურქების მიერ მღვდლის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, რომელსაც მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირებული ფარული საიტები და ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდი ადასტურებენ. შსს ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მღვდლის ცემის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებას არ ადასტურებს, მსგავსი დეზინფორმაცია კი სოციალურ ქსელებში 2012 და 2016 წლებშიც გავრცელდა.

1.ინფორმაციის ერთადერთი წყარო ერთმანეთთან დაკავშირებული ფარული საიტები და ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდია. Timenews.ge-ს ინფორმაციის ერთადერთი წყარო Timesnews.ge-ია, ხოლო, თავის მხრივ, Timesnews.ge ინფორმაციის წყაროდ ულტრანაციონალისტული ფეისბუკ გვერდ “წინააღმდეგობა/Resistance”-ს იშველიებს. აღნიშნული ვებ-გვერდების შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთულია, რაც წყაროს სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

Timenews.ge-ის ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ არის, ამდენად რედაქციასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაკავშირება ვერ შევძელით. Timesnews.ge - ის მითითებულ ქალაქის ნომერზე გვიპასუხეს, რომ სხვაგან მოვხვდით, ხოლო მითითებულ მობილურ ნომერზე ინფორმაცია ვერც ინფორმაციის ავტორის და ვერც ნაცემი მღვდლის შესახებ მოგვაწოდეს.

"

2.ნაცემი მღვდლის ვინაობა უცნობია, თვითმხილველის კომენტარი, ვინც დაადასტურებდა მომხდარს, ინფორმაციაში წარმოდგენილი არ არის. მასალაში, არც ნაცემი მღვდელის ვინაობაა მითითებული, არც ის, თუ რომელ ეკლესიაში მსახურობს ის. ინფორმაციაში არც თვითმხილველის კომენტარია წარმოდგენილი, რომელიც ინციდენტს დამაჯერებელს გახდიდა.

3. მღვდლის ცემის ფაქტს შსს არ ადასტურებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების ადგილზე პატრული მივიდა.  “მითების დეტექტორი” მღვდლის ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს  ინფორმაციით, 10-15 აგვისტოს პერიოდში ქუთაისის ქუჩიდან არც საპატრულო და არც კრიმინალურ პოლიციაში არც ერთი შეტყობინება შესულა.

4. ბათუმში მართლმადიდებელ სასულიერო პირზე თურქების მიერ ძალადობის შესახებ იდენტურ ფაბულას ცალკეული აქტორები 2012 და 2016 წლებშიც ავრცელებდნენ.  2012 წელს მედია საშუალებები აქვეყნებდნენ სტატიებს სათაურით: „ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე თურქები მღვდლებს არ ატარებენ“ ( for.ge; ახალი თაობა ), იგულისმხებოდა ქუთაისის ქუჩაზე მღვდლის არ შეშვება, რაც  2018 წლის 15 აგვისტოს  timenews.ge-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შინაარსის იდენტურია. 2012 წელს გავრცელებული ინფორმაციის წყარო ჟურნალისტი ლალი მოროშკინა იყო. 2016 წელს GEWORLD.GE-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მეუფე მელქისედეკი (ელიზბარ დიაკონიძე), ასევე, აცხადებდა, რომ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, მღვდელი არ გააატარეს.

Timenews.ge-ს და  timesnews.ge-ს მიერ გამოქვეყნებული იდენტური ინფორმაცია თურქოფობიული განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. სტატიებში აღნიშნულია:  

„აი, რა დონემდე მივიდა უკვე საქმე, საკუთარი უბანი აქვთ [თურქეთის მოქალაქეებს], სადაც გავლა თურმე მათ უნდა კითხო. მხოლოდ ''ტოლერანტი'' თუ მოითმენდა ასეთ ამბავს საკუთარ ქალაქში. ვინც ხმა აიმაღლა მათ წინააღმდეგ ყველას ქსენოფობები ეძახა ქართულმა მედია სივრცემ. ბათუმში ჩატარებული დიდგორობის ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია“

დეზინფორმაციის წყაროები: ფარული ვებ-გვერდები და ულტრანაციონალისტური პლატფორმები

სიძულვილს ხშირად სპეციალურად შექმნილი საიტები და ფეისბუკ გვერდები აღვივებენ, რომლებიც ულტრა-ნაციონალისტური იდეოლოგიით გამოირჩევიან. ძირითადად გამოჰყოფენ ორი ტიპის ონლაინ პლაფტორმებს - ღიად სიძულვილის გამღვივებელ ვებ და ფეისბუკ გვერდებს  და ფარულ საიტებს (cloaked websites). ჯ. დენიელსის განმარტებით, ასეთ საიტებს ქმნიან ინდივიდები ან ჯგუფები, რომლებიც საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებენ და პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ.

ფეისბუკ გვერდ წინააღმდეგობა / Resistance -ის შესახებ

წინააღმდეგობა / Resistance ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდია, რომელიც ძირითადად ქსენოფობიური, განსაკუთრებით კი თურქოფობიური მოწოდებების ტირაჟირებას ახდენს. აღნიშნული გვერდი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი მედიუმია და ამ მოძრაობის მიერ დაგეგმილი ღონისძებების გარშემო აუდიტორიის მობილიზებას ცდილობს. გვერდზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქართული მარშის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ, მაგალითად 12 აგვისტოს “დიდგორობის” აღნიშვნა ბათუმში, 5 მარტს ანტი-საიმიგრაციო მსვლელობა აღმაშენებელზე, ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ქართული მარშის მიერ ორგანიზებული შეკრებები და ა.შ. წინააღმდეგობა / Resistance-ის აუდიტორია 10 ათასს აჭარბებს (16 გვისტოს მონაცემებიტ გვერდს 10 701 გამომწერი ჰყავს). 10 აგვისტოს ფუნქციონირება დაიწყო "წინააღმდეგობის" ბათუმის რეგიონალურმა გვერდმა ბათუმი / Resistance Batumi-მა.  ეს გვერდი საკუთარ მისიად ბათუმში ეროვნული მემარჯვენე ძალის განვითარებას ასახელებს. მღვდლის ცემის შესახებ ინფორმაცია წინააღმდეგობა ბათუმი / Resistance Batumi-მა ერთი დღით ადრე, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა.

"


Timenews.ge-ის შესახებ

Timenews.ge-ის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გამოცემის  სარედაქციო შემადგენლობის შესახებ მითითებული არ არის. სექცია “კონტაქტი” არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, რედაქციასთან დაკავშირება შეუძლებელია. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციის შესახებ ხელმისწავდომია, ვებ-გვერდის რეგისტრაციის თარიღია. Timenews.ge-ის ვებ-გვერდი RegNest-ზე 2017 წლის 7 ივნისსაა რეგისტრირებული. პირველი გამოქვეყნებული სტატია ვებ-გვერდზე გასული წლის 30 ივნისით თარიღდება.

Timesnews.ge-ის შესახებ

ინფორმაცია სარედაქციო შემადგენლობის შესახებ არც Timesnews.ge - ის აქვს მითითებული, თუმცა Timenews.ge-ისგან განსხვავებით, აღნიშნულ ვებზე ორგანიზაციის მისამართი (ქ.თბილისი, კოსტავას 75) და ტელეფონის ნომერი (032 2 19 09 09; +995 558 45 65 47) არის ხელმისაწვდომი. მითითებულ ქალაქის ნომერზე გვიპასუხეს, რომ სხვაგან მოვხვდით და იქ Timesnews.ge - ის რედაქცია განთავსებული არ ყოფილა, ხოლო მობილურ ნომერზე ინფორმაცია ვერც ინფორმაციის ავტორის და ვერც ნაცემი მღვდლის ვინაობის შესახებ მოგვაწოდეს.

Timesnews.ge-ის იურიდიული დასახელება შპს დაბლიუ-ოუ-ემ-ია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ორგანიზაცია კობა ვასაძემ 2015 წლის 7 აპრილს დაარსა. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, კობა ვასაძე ორგანიზაციაში 90%-იან წილს, ხოლო ირაკლი თინაშვილი - 10 % -იან წილს ფლობდა, 2016 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კობა ვასაძემ საკუთარი წილის 40% გიორგი მელიქიძეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.

"

Timesnews.ge-ის ვებ-გვერდი CaucasusOnline-ზე 2015 წლის 11 თებერვალსაა რეგისტრირებული.