ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ცდიან თუ არა covid-19-ის ვაქცინას პირდაპირ ადამიანებზე?

17 სექტემბერი, 2020

2020 წლის 7 სექტემბერს ტელეკომპანია “ობიექტივი”-ს გადაცემის “ღამის სტუდიის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა კოვიდ-19-ის ვაქცინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოველთა დამცველების პროტესტის გამო  ცხოველებზე ტესტირების ეტაპს ვაქცინა არ გაივლის. მისი თქმით, ცხოველთა დამცველების ინიციატივას ენტონი ფაუჩიც დაეთანხმა. ნინო რატიშვილი ინფორმაციის წყაროდ თინა თოფურიას ასახელებს. იდენტური ინფორმაცია 10 სექტემბერს ონლაინ გამოცემა “საერთო გაზეთი”-ს ფეისბუკ გვერდმაც გაავრცელა, ამ შემთხვევაშიც რესპოდენტი თინა თოფურიაა. 

ნინო რატიშვილი, ობიექტივი: „მან [თინა თოფურიამ] თქვა, რომ აი ეს ვაქცინა, რომლიც მზადდება ხომ... ერთ-ერთი ეტაპი არის ცხოველებზე ამისი გამოცდა, რა მოხდა? ცხოველთა მესვეურებმა, ცხოველთა დამცველებმა, ატეხეს ერთი ამბავი და ფაუჩი დათანხმდა, რომ ე.ი. წარმოდგინეთ ცხოველებზე ეს ვაქცინა აღარ გამოიცდება, იმიტომ რომ ცხოველთა ასე ვთქვათ დამცველთა ასოციაციებმა ერთი ამბავი ატეხეს და ე.ი. ცხოველები დაინდეს, გესმით და პირდაპირ ადამიანებზე, ანუ ამოგლეჯილი ეს მერამდენე მეოთხე თუ მესამე ნაწილი პირდაპირ უნდა გამოსცადონ ადამიანებზე. ეხლა საქართველოში რა ხდება, სულ ვაქცინა, ვაქცინა, გვესმის ამ ბოლო დროს...ახლა უკვე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თქვენ ყველანი ხართ იდიოტები და ჩვენ რასაც გვინდა თქვენ თავს მოგახვევთ.“

ნინო რატიშვილის მტკიცება, თითქოს ცხოველთა დამცველების პროტესტის გამო კოვიდ-19-ის ვაქცინა ცხოველებზე ტესტირების ეტაპს არ გაივლის, რასაც ენტონი ფაუჩიც დაეთანხმა, მანიპულაციაა ცხოველთა დამცველების ნაწილმა  ვაქცინის ტესტირებაში ცხოველების მონაწილეობა გააპროტესტა, თუმცა ამ პროტესტის შედეგად ტესტირება არ შეწყვეტილა: 1. ენტონი ფაუჩის განცხადებით, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და FDA-ის პროტოკოლებით, ცხოველებზე ტესტირება ვაქცინის დასამტკიცებლად ერთ-ერთ ეტაპად არის განსაზღვრული. 2. კორონავირუსის ვაქცინების ნაწილმა ცხოველებზე ტესტირების ეტაპი უკვე გაიარა. 

1. ცხოველთა დამცველების ნაწილმა  ვაქცინის ტესტირებაში ცხოველების მონაწილეობა გააპროტესტა

ცხოველთა დამცველების ნაწილი ვაქცინის ცხოველებზე ჩატარების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. საერთაშორისო ცხოველთა დამვცელთა ორგანიზაციამ (ADI) ლაბორატორიის ცხოველების მსოფლიო დღეს, 24 აპრილს შექმნა პეტიცია, რომელიც  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და სახელმწიფო აქტორებს ცხოველებზე ტესტირების შეწყვეტისა და ვაქცინის  შესაქმნელად  უფრო თანამედროვე მეთოდების გამოყენებისაკენ მოუწოდებს. 16 სექტემბრის მდგომარეობით  პეტიციას 132,093 ხელმომწერი ჰყავს და ჯერ დახურული  არ არის. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია “ხალხი ცხოველების ეთიკური მოპყრობისათვის” (PETA) ცხოველთა გამოყენებას კორონავირუსის ტესტირებაში აპროტესტებს და 9 პროექტს ასახელებს, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცნაზე მუშაობის პროცესში ცხოველების ტესტირების მეთოდს არ იყენებს. ასევე, ცხოველების უფლებების დამცველები აპროტესტებდენ კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობის პროცესში კუდმახვილას (კიბორჩხალის ერთ-ერთი სახეობა) სისხლის გამოყენებას

2. ენტონი ფაუჩი ცხოველებზე ტესტირებას ვაქცინის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად აუცილებელ ეტაპად მიიჩნევს.  მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) პროტოკოლების მიხედვით ცხოველებზე ტესტირება ვაქცინის დასამტკიცებლად საჭირო ერთ-ერთი ეტაპია. 

ენტონი ფაუჩიმ თეთრ სახლში პრესკონფერენციისას 2020 წლის მარტში განაცხადა, რომ  ვაქცინის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად საუკეთესო გზა ცხოველებზე ტესტირებაა. მისი თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება მხოლოდ ვაქცინის გვერდითი მოვლენების არარსებობას არ გულისხმობს და საჭიროა გამოიცადოს კონკრეტული ვაქცინა ინფექციას ხომ არ აძლიერებს, რაც კარგად ჩანს ცხოველებში ტესტირებისას.

გარდა ამისა, ვაქცინის დასამტკიცებლად კლინიკამდელი ტესტები, რომლებიც ცხოველებში ვაქცინის გამოცდას გულისხმობს, ვაქცინის დასამტკიცებლად საჭირო ერთ-ერთი ეტაპია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA)-ის პროტოკოლების მიხედვით. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვაქცინის მიღების პროტოკოლის თანახმად ნებისმიერმა ვაქცინამ უნდა გაიაროს კლინიკამდელი ტესტირება, რაც გულისხმობს ვაქცინის ლაბორატორიულ კვლევას და მის გამოყენებას ცხოველებში. წარმატებული შედეგის შემდეგი ფაზა გულისხმობს მოზრდილი ადამიანების მცირე ჯგუფში (დაახლოებით 20 ადამიანი) ვაქცინის გამოყენებას და შედეგებზე დაკვირვებას. ამის შემდგომ ვაქცინის გამოყენება ხდება შედარებით დიდი რაოდენობის ჯგუფებზე, კვლავ დაკვირვების ქვეშ. თუ ვაქცნია  ქმედითუნარიანი აღმოჩნდება და  გვერდით ეფექტს არ გამოავლენს, ის საბოლოო ეტაპზე გადადის, რომელზეც ვაქცინის ფართო მასებზე გამოყენების საკითხი წყდება. შესაბამისად, არცერთი ევროპული და ამერიკული კომპანია და სახელმწიფო უწყება, არ გამოტოვებს ცხოველებზე ტესტირების ეტაპს, რადგან ეს დაარღვევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული სტანდარტებს.

ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) კოვიდ-19-ის ვაქცინის შემუშავებისა და ლიცენზირების სახელმძღვანელოს მიხედვით, ცხოველებზე ტესტირება კლინიკამდელი კვლევის შემადგენელ ნაწილად არის მოაზრებული.

3. კორონავირუსის ვაქცინების ნაწილმა ცხოველებზე ტესტირების ეტაპი უკვე გაიარა. 

16 სექტემბრის მდგომარეობით, მეცნიერების მიერ 40 ვაქცინის შემოწმება კლინიკურ ეტაპზე მიმდინარეობს, ხოლო სულ მცირე 92 ვაქცინა კი კლინიკამდელ პერიოდს გადის. 

ჯერჯერობით არცერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული სრული მოხმარებისთვის. ჩინური და რუსული 5 ვაქცინის  ტესტირება მიმდინაროებს ადამიანთა მცირე ჯგუფზე, ხოლო 9 ვაქცინა მესამე ფაზაზეა. აღსანიშნავია, რომ რუსული და ჩინური ვაქცინის უსაფრთოხებისა და ეფექტიანობის შესახებ ბევრი კითხვებია. კორონავირუსის ერთ-ერთ ვაქცინაზე კომპანია Moderna ამერიკის ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტთან ერთად მუშაობს. ამ კომპანიას აშშ-ის ხელისუფლებამ $1.5 მლრდ გადაუხადა 100 მლნ. დოზა ვაქცინისათვის, რომელსაც, კვლევების ეფექტიანობის შემთხვევაში, საკუთარი მოსახლეობისათვის გამოიყენებენ. Moderna-ს ვაქცინის კლინიკამდელი ეტაპის ტესტირება მაიმუნებზე ჩატარდა. ასევე, იმედს ამყარებენ გერმანული კომპანია Biontech-ის, ამერიკული Pfizer-ისა და ჩინური Fosun Pharma-ს თანამშრომლობით შემუშავებულ ვაქცინაზე, რომელსაც აშშ-მა $1.9 მლრდ. გადაუხადა 100 მლნ. დოზისათვის. აღნიშნული ვაქცინის შემუშავებისთვის ცხოველებზე ტესტირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. კიდევ ერთი ვაქცინა, რომელთანაც 400 მლნ. დოზის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირმა გააფორმა  ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-და და ოქსფორდის უნივესიტეტის თანამშრომლობით შემუშავებული ვაქცინაა.  მაისში, კლინიკური კვლევების დაწყებამდე ეს ვაქცინა მაიმუნებზე დაიტესტა.

წყაროს შესახებ

მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. პარტიის ოფისი და ტელეკომპანია ერთიდაიგივე შენობაშია განთავსებული. „ობიექტივის“ მაუწყებლობა სატელევიზიო სიხშირის გარდა, რადიო სიხშირით და ინტერნეტით ხორციელდება. ტელეკომპანია თურქოფობიულ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. 

თინა თოფურია კოვიდ 19-ისა და ვაქცინაციის შესახებ ყალბ ამბებს ადრეც ავრცელებდა, როგორც საკუთარი ფეისბუქ გვერდის, ისე ტელევიზიის საშუალებით. ის ტვ “ობიექტივის” ეთერში რამდენჯერმე იყო მიწვეული, სადაც ამტკიცებდა, თითქოს საქართველოს საცდელი ვაქცინების პოლიგონად გამოიყენებდნენ.


მოამზადა ირაკლი ხუჭუამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია