სხვადასხვა

“ტროლების ქარხანა” ამერიკისთვის ალასკის გადაცემის ხელშეკრულების გაუქმებით იმუქრება

5 ნოემბერი, 2018

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ФАН-მა, რომელიც პეტერბურგის ტროლების ქარხნის ერთ-ერთ პროექტია, რუსი პუბლიცისტის, ნიკოლაი სტარიკოვის განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა, აშშ-სთვის ალასკის გადაცემის შესახებ შეთანხმება შეწყვიტოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს იქნება საპასუხო ნაბიჯი ვაშინგტონისთვის, რომელიც საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან (INF) გასვლას აპირებს, იმ არგუმენტით, რომ ამ შეთანხმებას რუსეთი არღვევს.

რუსი პუბლიცისტის თქმით,  რუსეთი, როგორც სსრკ-ს მემკვიდრე, მზადაა დაუბრუნოს შეერთებულ შტატებს 7 მილიონ 200 ათასი დოლარი და ამ ხერხით დაიბრუნოს ალასკის მიწა საკუთარ იურისდიქციაში, რადგან რუსეთს ამის  სამართლებრივი საფუძველი აქვს.

ნიკოლაი სტარიკოვი: ,,იმ ენაზე უნდა ველაპარაკოთ ამერიკელ ავტორიტეტებს, რა ენაზეც თავად გველაპარაკებიან. რუსეთს მწვავე პასუხი ექნება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდებაზე, რომ რუსეთი არღვევს საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ ხელშეკრულებას (INF) და ამიტომ ამბობს უარს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თეთრ სახლს უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა ალასკის შესახებ  გაფორმებულ შეთანხმებაზე.”


"

სტარიკოვის მტკიცებით:

  • ალასკის შესახებ გაფორმებული კონტრაქტი უკვე მოძველებულია, რადგან ის სულ სხვა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იქნა ხელმოწერილი.
  • რუსეთი ამ ხელშეკრულებას დაარღვევს თავისი ქვეყნის სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, რადგან მოსკოვისთვის ასე უფრო მოსახერხებელი იქნება აზიასთან სავაჭრო ურთიერთობების წარმოება.
  • 1867 წლის დოკუმენტში არსად არის მითითებული, რომ ეს მუდმივი შეთანხმება იქნებოდა, შესაბამისად რუსეთი მზადაა ამერიკას დაუბრუნოს გადახდილი 7.2 მლნ დოლარი და გააუქმოს ხელშეკრულება.

ალასკის გაყიდვის შესახებ რუსეთში არის ვერსია, თითქოს რუსეთმა ალასკა კი არ გაყიდა, არამედ აშშ-ს 99-წლიანი იჯარით გადასცა, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ სსრკ-მა ის უკან აღარ დაიბრუნა. რეალურად, ალასკის გაყიდვა რუსეთმა აშშ-ის 1859 წელს თავად შესთავაზა. ამით რუსეთს მისი მთავარი მეტოქის, დიდი ბრიტანეთის დასუსტება სურდა და აშშ-ისთვის ალასკის მიყიდვით, ფიქრობდა, რომ აშშ ბრიტანეთს დააბალანსებდა. აშშ-ის სამოქალაქო ომმა გაყიდვის პროცესი გადაავადა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ, 1867 წლის 30 მარტს რუსეთი და აშშ გაყიდვის პირობებზე შეთანხმდნენ. ალასკის სანაცვლოდ რუსეთმა $7.2 მილიონი მიიღო. ფორმალურად ალასკა აშშ-ის ტერიტორიის შემადგენლობაში 1867 წლის 18 ოქტომბრიდან ითვლება.

"
$7.2 მილიონიანი ჩეკი, რომელიც რუსეთმა ალასკის სანაცვლოდ მიიღო

"
რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ ალასკის გაყიდვის შეთანხმების რატიფიცირება


ნიკოლაი სტარიკოვის შესახებ

სტარიკოვი ორჯერ იყო დეზინფორმაციის წყარო "მითების დეტექტორის” მასალებში. პირველად 2016 წელს, როცა "საქართველო და მსოფლიო”- ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა მისი წიგნის,  "კრიზი$ი: როგორ კეთდება?” თარგმანის ნაწყვეტი. მასალაში ნათქვამი იყო, რომ ავღანეთში ამერიკელების შესვლის შემდეგ ნარკოტიკების წარმოება იქ 40-ჯერ გაიზარდა. ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, რაც გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დადასტურდა.

სტარიკოვი "მითების დეტექტორის” მასალებში 2017 წელსაც გამოჩნდა, როცა  მან გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს სსრკ-ს კატინში პოლონელი ოფიცრების მასობრივი დახვრეტის გამო პასუხისმგებლობა მოეხსნა.

ნიკოლაი სტარიკოვი მოძრაობა „ ანტიმაიდანის " ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „ დიდებული მამულის " დამფუძნებელია რომლის დევიზია: „რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო". სტარიკოვი აქტიურად აწარმოებს  ბლოგს, და პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს, რომლებშიც კრემლის ნარატივებს იმეორებს და იზიარებს პუტინის იდეებს.


ФАН-ის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო ФАН-ი რუსული ტროლების ქარხნის ერთ-ერთ პროექტად არის მიჩნეული. 2017 წლის აპრილში რუსულმა გამოცემა  «РБК» -მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „რუსული ტროლების ქარხნის“ აქტივობებმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი 16 მედიასაშუალებაც მოიცვა. მედიები ჰოლდინგ Федерального агентства новостей (ФАН)-ის შემადგენლობაში შედიან და ერთმანეთის მასალებს სისტემატიურად ავრცელებენ. ვრცლად ФАН-ის შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის ადრინდელი პუბლიკაცია.