ევროკავშირი

TB24-ის დეზინფორმაცია: პოლონეთმა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე უარი უთხრა

20 ნოემბერი, 2017

2017 წლის 8 ნოემბერს ონლაინ გამოცემა Tb24.ge-მ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “ევროკავშირი დასუსტდა, ეს დასასრულის დასაწყისია”, სადაც საუბარია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვედრაზე. Tb24.ge-ს მტკიცებით, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ერთობლივ პრესკოფერენციაზე საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე უარი განუცხადა.

Tb24.ge: “პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ცივი წყალი გადაასხა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ირიბად უარი განუცხადა.”

აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციაა და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საპირისპირო განცხადება გააკეთა, როცა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს.

2017 წლის 8 ნოემბერს საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხაზი გაუსვა ევროკავშირში ახალი წევრების მიღების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ევროკავშირმა ახალი წევრებისთვის კარი ღია უნდა დატოვოს.

ანდჟეი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი: “დღეს, ეს არის პოლონეთის ინტერესში და არამხოლოდ პოლონეთის, მე მჯერა, რომ მთელი ევროპის, განსაკუთრებით ევროკავშირის, რომ ევროკავშირის კარი ღია იყოს. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს რომ მომავალში იგი მზადაა ახალი წევრების მიიღოს, რომელთაც განაცხადეს სურვილი შემოურთდნენ კავშირს ასოცირების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდგომ.”

აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

პროფილები: