ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

თამარ გაბუნიას აუცრელი მოქალაქეების სამსახურებიდან დათხოვნაზე არ უსაუბრია

8 აპრილი, 2021

8 აპრილს ფეისბუკის მომხმარებელმა Tinatin Chikadze-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლშიც ავტორი ვაქცინაციის შესაძლო სავალდებულო ხასიათის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მოძალადეს უწოდებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, თამარ გაბუნიამ 6 აპრილს ტელეკომპანია  “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ თუ მოქალაქეები ნებაყოფლობით არ აიცრებიან, დამსაქმებლები მათ ვაქცინაციას იძულებით, სამსახურის დაკარგვის მუქარით უზრუნველყოფენ: “მათ დამსაქმებლებს დავავალებთ და იძულების წესით ავცრითო, თუ არა და სამსახურებს დააკარგვინებენ”, - წერს ავტორი. 

პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო ნებისმიერ სფეროში დამსაქმებლებს თანამშრომლების იძულებით ვაქცინაციას სთხოვს. 

;
თამარ გაბუნიას კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არასრული სახით ვრცელდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს  დამსაქმებლები დასაქმებულთა იძულებით ვაქცინაცის შეეცდებიან,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადამიანები სამსახურებს დაკარგავენ. სინამდვილეში, “დღის კურიერის” უწყვეტ კომენტარში გაბუნია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინაციას სავალდებულო ხასიათი არც ერთ სფეროში არ აქვს, ხოლო  ჯანდაცვის სფეროში  არსებული რისკებიდან გამომდინარე, მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ საუბარი დაიწყოს დამსაქმებლების მიერ ვაქცინაციის შესახებ გარკვეული მოთხოვნების წამოყენებაზე.

6 აპრილს “დღის კურიერის” ეთერში “რუსთავის 2”-ის შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია პასუხობდა. ჟურნალისტის თქმით, იტალიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის სავალდებულო გახადა და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მედიცინის მუშაკებს შორის ვაქცინაციის მსურველთა მაღალი რაოდენობა არ ფიქსირდება, საინტერესოა, რას ფიქრობენ ჯანდაცვის სექტორში მსგავსი გამოცდილების გაზიარებაზე. ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის სავალდებულო ვაქცინაცია, გაბუნია პასუხობს, რომ ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რის გამოც შესაძლოა სამომავლოდ, მეტი სტიმულისა და მოტივაციის შესაქმნელად, დამსაქმებლის მხრიდან გაჩნდეს გარკვეული მოთხოვნები ვაქცინაციის შესახებ. გაბუნია კომენტარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაცია ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის ნებაყოფლობითია.

თამარ გაბუნია: “ჯერჯერობით ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ვაქცინა იქნება ნებაყოფლობითი და იქნება ეს ჯანდაცვის სფეროს მუშაკი თუ ნებისმიერი სხვა პირი, მას გაიკეთებს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე. სამომავლოდ განიხილავს ამას კიდევ დამატებით ვაქცინაციის საბჭო. იმდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, რომ შესაძლოა, გარკვეულად მეტი  სტიმული, შესაძლოა ეს იყოს დადებითი მოტივაცია ან გარკვეულწილად დამსაქმებლის მიერ გარკვეული მოთხოვნების დაყენება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხიც განვიხილოთ, მაგრამ დღეს ყველაფერი ეს ხდება კეთილი ნების და პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.”

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კომენტარში არ არის მითითებული, რომ ჟურნალისტის კითხვა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მოიაზრებდა და, შესაბამისად, სფეროს სპეციფიკისა და ჯანდაცვის სექტორში არსებული რისკებიდან გამომდინარე გაბუნიამ სწორედ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის საკითხზე ისაუბრა. 


მოამზადა ანი ქისტაურმა


არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.