სხვადასხვა

“სტალინის” 2 ტყუილი უკრაინის და კონსტანტინოპოლის ეკლესიების შესახებ

18 ოქტომბერი, 2019

2018 წლის 14 ოქტომბერს Facebook გვერდმა “სტალინი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეეხებოდა. პოსტის თანახმად, უძველესმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ბართოლომეუსის “შეჭრას” უკრაინაში მხარი არ დაუჭირეს და იმ პირთა განკვეთა და ანათემაზე გადაცემა გადაწყვიტეს, რომლებიც უკრაინის კრიზისის ინიციატორები იყვნენ. “სტალინმა” ინფორმაციის წყაროდ რუსული “სტრატეგიული კულტურის ფონდი” fondsk.ru მიუთითა. 

"

სტალინი: “უძველესი ეკლესიების წინამძღოლებმა უკრაინაში ბართოლომეოსის შეჭრას მხარი არ დაუჭირეს. ყველა მართლმადიდებელმა აღიარა იმ პირთა განკვეთა და ანათემაზე გადაცემა, რომლებიც უკრაინის კრიზისის ინიციატორები იყვნენ...კვიპროსის ეკლესია ამჟამინდელი რანგით კი არის მსოფლიოს საპატრიარქოს ტოლი, მაგრამ, როგორც ანტიოქიის ეკლესიის ეპარქია, გაცილებით ადრე შეიქმნა.”

ტყუილი N1: უძველესი ეკლესიების წინამძღოლებმა უკრაინაში ბართოლომეოსის შეჭრას მხარი არ დაუჭირეს

რელური ფაქტი N1: ეკლესიებმა ნეიტრალობა დაიცვეს და სხვა ეკლესიებთან მედიაციაზე შეთანხმდნენ

2019 წლის 18 აპრილს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ახლო აღმოსავლეთის ეკლესიების ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე II, ანტიოქიის პატრიარქი იოანე X, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III და კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II. უძველესი ეკლესიების ლიდერებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, უკრაინის ეკლესიის გამოწვევებსაც შეეხნენ.

"

შეხვედრის დროს და არც დღემდე ამ კონკრეტულ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალია ჯერჯერობით არ უღიარებიათ, თუმცა არ მომხდარა არც უარყოფა და როგორც “სტალინი” აღნიშნავს ვინმეს ანათემაზე გადაცემა. ახლო აღმოსავლეთის საპატრიარქოები ჯერჯერობით თავს იკავებენ კონკრეტული ნაბიჯებისგან. 18 აპრილის შეხვედრა და შემდგომ მეორე მსგავსი შეკრება ამის ნათელი მაგალითებია. 

18 აპრილის შეკრების შემდეგ ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ სპეციალური კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელიც შეხვედრის სხვადასხვა დეტალებს გვაცნობს. ტექსტის მიხედვით, კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა შეხვედრის სხვა მონაწილეებს უკრაინის საკითხზე სხვა ეკლესიებთან მედიაცია შესთავაზა, რათა არ დარღვეულიყო ეკლესიების ერთობა და ისინი არ მისულიყვნენ ახალ სქიზმამდე. შეკრებაზე მყოფმა სხვა პატრიარქებმა ეს ინიციატივა მოიწონეს და დაეთანხმნენ. ქრიზოსტომოს II-მ ასევე მოუწოდა ლიდერებს, ემუშავათ ნებისმიერი აგრესიის საწინააღმდეგოდ, არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ საიდან მოდიოდა და რა მიზეზით.

18 აპრილის შეხვედრის შემდგომ კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა უკრაინის საკითხზე სერბეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ეკლესიებთან შეხვედრა გადაწყვიტა, რათა მედიაციის პროცესი უფრო აქტიური გამხდარიყო. ქრიზოსტომოს II-მ შეხვედრები წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ზოგიერთი ეკლესია კონსტანტინოპოლს დაუჭერდა მხარს, ნაწილი კი - მოსკოვს, ეს სქიზმას გამოიწვევდა, ამიტომ საჭირო იყო ნეიტრალობის დაცვა და კონსულტაციები სხვადასხვა საპატრიარქოსთან.

ახლო აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის ალექსანდრიის პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც კონკრეტული განცხადება გააკეთა უკრაინის საკითხზე და თქვა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უკრაინის ეკლესიის აღიარების უფლება ჰქონდა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რაც შესაძლოა გახდეს წინაპირობა, რომ სხვა ეკლესიებმაც აღიარონ უკრაინის ავტოკეფალია. 

ტყული N 2: კვიპროსის ეკლესია ამჟამინდელი რანგით  მსოფლიოს საპატრიარქოს ტოლია

რეალური ფაქტი N2: თანასწორთა შორის პირველის ტიტულს (primus inter pares) კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ატარებს. 

“სტალინი” ამ ტყუილის გავრცელებით ცდილობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დააკნინოს და უკრაინის ეკლესიის აღიარებას მნიშვნელობა დაუკარგოს.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ისტორიის განმავლობაში მუდმივად უპირატესად ითვლებოდა სხვა საპატრიარქოებთან შედარებით. ეს არა ისტორიული შემთხვევითობა, არამედ საეკლესიო კრების კანონით აღიარებული ნორმაა. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების კანონებში ვკითხულობთ: 

კანონი 28: “ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება.”

ამასთანავე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მართლმადიდებელ სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. სწორედ მას ექვემდებარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე ათონის მონასტერი. ასევე, საპატრიარქოს მსოფლიოს გარშემო მრავალ სამრევლოს ფლობს, რომელთა წევრთა რაოდენობაც რამდენიმე მილიონს აღწევს.

კვიპროსის ეკლესიას დაარსებიდან საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის პირველ საუკუნეში დაარსდა და ანტიოქიას ექვემდებარებოდა. შემდგომში მხოლოდ 431 წელს ეფესოს კრებაზე მიენიჭა კვიპროსის ეკლესიას ავტოკეფალია. ამის შემდგომ არაბთა ექსპანსიის გამო ის პოლიტიკურად კონსტანტინოპოლს დაექვემდებარა. ის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეკლესია იყოს, თუმცა თანასწორთა შორის პირველის ტიტულს (primus inter pares) ისტორიულად მხოლოდ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ატარებს. 

Facebook გვერდი სტალინს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ წარსულში სხვა მრავალი დეზინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული.
უკრაინის ეკლესიის შესახებ გავრცელებულ ადრინდელ მითებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია.


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

პროფილები: