სხვადასხვა

სპუტნიკისა და საქინფორმის დეზინფორმაცია თითქოს ტომოსი არალეგიტიმურია

15 იანვარი, 2019

9 იანვარს რუსეთის სახელმწიფო მედიის “სპუტნიკ-საქართველოს” რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო-კომენტარი, სათაურით : “პოროშენკომ ფილარეტს უკრაინის გმირის ტიტული მიანიჭა - მიმომხილველის მოსაზრება”. არმენ გასპარიანი ვიდეო მიმიხილვაში ავითარებს მოსაზრებას,  თითქოს უკრაინიის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების დოკუმენტი - ტომოსი არალეგიტიმურია, რადგან მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის წევრთა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. იდენტურ მოსაზრებას 9 იანვარს ღიად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ქართული საინფორმაციო სააგენტო “ საქინფორმიც ” აქვეყნებს, რომელიც ტომოსს რეალური ძალის არმქონე “ფარატინა ქაღალდად” წარმოაჩენს.

არმენ გასპარიანი, სპუტნიკის მიმომხილველი: „მე არ გიამბობთ მრავალ ჭირნახული ტომოსის ბედზე, რომელსაც კონსტანტინოპოლის სინოდის წევრთა დიდმა უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა და თავად ტექსტში უცნაური შეცდომაა, რადგანაც, მოციქულთა მე-17 წესის ნაცვლად, რატომღაც ჩაწერეს მე-16... ღირს კი, რომ გავიკვირვოთ, რომ შეცდომებიანი ტომოსი ისევ კონსტანტინოპოლშია. ანუ ფორმალურად თუ შევხედავთ, ის არ არის.“

საქინფორმი: "7 იანვარს ტომოსი... გაქრა! უკრაინის კულტურის სამინისტროს რელიგიებისა და ეროვნებების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი იურაშმა განაცხადა, რომ ტომოსი სტამბოლში დააბრუნეს... ხელმოწერების შესაგროვებლად, „რადგან მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის ყველა წევრს არ მოუწერია ხელი და ამჟამად მასზე მხოლოდ მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის ხელმოწერაა“! ანუ ტომოსი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ფარატინა ქაღალდი, რომელიც პარაშენკოს ფოჩიანი კამფეტივით დააჭერინეს ხელში ერთი დღით!"

სპუტნიკის და საქინფორმის მტკიცება, თითქოს უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს ძალა არ აქვს, რადგან მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრს მასზე ხელი არ მოაწერა, დეზინფორმაზიაა. რეაულურად ტომოსს ხელი 5 იანვარს მსოფლიო პატრაიარქმა ბართლომეოსმა, ხოლო 9 იანვარს -  წმინდა სინოდის ყველა წევრმა მოაწერეს, რაც წინასწარ განსაზღვრული პროცედურული გეგმის შესაბამისად განხორციელდა. 10 იანვარს სინოდის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კი უკრაინაში დაბრუნდა.

9 იანვარს კონსტანტინოპოლის-მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრმა  ტომოსს ხელი მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ტომოსს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც 7 იანვრისათვის ტომოსი კიევში წაიღეს და უკრაინელ მრევლს შობის დღესასწაულზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის  ავტოკეფალიის მინიჭების აღნიშნვის შესაძლებლობა მიეცა. 9 იანვარს ტომოსი ისევ სტამბოლში დაბრუნდა და მას მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მოაწერა ხელი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 10 იანვრით დათარიღებულ  ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ იმ დროისათვის ტომოსზე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრს ჰქონდა ხელი მოწერილი.

"
წმინდა სინოდის მიერ ტომოსის ხელმოწერა, 9 იავარი 2019 წ.
წყარო: TSN.UA

სინოდის ყველა წევრის მიერ ტომოსის ხელმოწერის შემდეგ 10 იანვარს ტომოსი უკრაინაში დაბრუნდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდივანი მანამდეც აცხადებდა, რომ ტომოსმა უკრაინა მხოლოდ ერთი დღით დატოვა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს , რომ ტომოსის გარშემო განვითარებული მოვლენები წინასწარ იყო პროტოკოლით განსაზრვრული და რაიმე სახის გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია.

უკრაინის მართლმადიდებული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მსოფლიო საპატრიარქოში დიდი ხნის მანძლზე მიმდინარეობდა მსჯელობა, რაშიც სინოდის წევრებიც მონაწილეობდნენ. უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების  შესახებ უმნიშვნელოვანესი იყო სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც მან 2018 წლის 27-29 ნოემბრის კრებაზე მიიღო. აღნიშნულ კრებაზე სინოდმა ტომოსის ტექსტიც შეიმუშავა. ამ ფაქტის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს ვებ-გვერდზე ოფილიაურად გამოქვეყნებულ კომუნიკეშია აღნიშნული.

სპუტნიკის შესახებ

მედია Meter-ის მიხედვით, სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს. გამოცემა  რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა.

საქინფორმის შესახებ

მედია Meter-ის მიხედვით, საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” 100%-იანი წილის მფლობელი გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. საქინფორმი ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ წყაროებზე (REGNUM RT warfiles.ru Накануне.RU Российская газета  და სხვები) დაყრდნობით ინფორმაციის ფაბრიკაციას ახდენს. გამოცემა ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსითაც გამოირჩევა.


მოამზადა ანა ჩიტალაძემ

პროფილები: