მედია

სპუტნიკის მანიპულაცია BBC-ს სატელევიზიო ლიცენზიაზე

5 თებერვალი, 2020

1 თებერვალს sputnik-ossetia.ru-მ გამოაქვეყნა ვიქტორ მარახოვსკის ანალიტიკური სტატია, სათაურით “რუსული პროპაგანდის ხელშემწყობნი ციხეებიდან მილიარდობით რუბლით გამოვლენ” (Пособники российской пропаганды выйдут из тюрем с миллиардами рублей). სტატიაში მარახოვსკი ტელერადიოკომპანია BBC-ზე საუბრობს და მიუთითებს, რომ BBC-ს შენახვისთვის თავის არიდების გამო ბრიტანეთის მოქალაქეებს ასამართლებენ და ციხეშიც კი სვამენ. 

sputnik-ossetia: “ბი-ბი-სის გადასახადის გადამხდელთა ფული ინახავს....ყოველწლიურად ბი-ბი-სის შენახვისათვის თავის არიდების გამო გაერთიანებული სამეფოს დაახლოებით 130 000 მცხოვრებს ასამართლებენ. ზოგიერთს კი რეალურად ციხეში სვამენ. არა, ეს ჩვენი ცრუ კრემლისტური პროპაგანდა არ არის. ეს სიმართლეა. ყოველწლიურად ათობით ბრიტანელს ციხეში სვამენ იმიტომ, რომ ისინი არ იხდიან ბი-ბი-სის შესანახად გათვალისწინებულ სატელევიზიო მოსაკრებელს.”

სპუტნიკი ფაქტებს მანიპულაციურად აშუქებს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ბრიტანეთის მოქალაქეებს BBC-ს შენახვაზე უარის გამო ასამართლებენ. სინამდვილეში, ბრიტანეთის კანონმდებლობით დადგენილი სატელევიზიო ლიცენზია გადასახადია, რომლის არგადახდა, გადასახადისათვის თავის არიდებად ითვლება და მაქსიმალური სასჯელის სახით 1000 ფუნტამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს  შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც კანონდამრღვევი მასზე დაკისრებულ ჯარიმას არ იხდის. 

რა არის სატელევიზიო ლიცენზია?

გაერთიანებული სამეფოს ყველა ოჯახი და კომპანია, რომელიც იყენებს ტელევიზიას (საანტენო კავშირი, სატელიტური, საკაბელო, ინტერნეტი) ვალდებულია, შეიძინოს სატელევიზიო ლიცენზია. იგივე ვალდებულება ვრცელდება მომხმარებელზე, რომელიც უყურებს BBC-ს გადაცემებს iPlayer-ის მეშვეობით. ლიცენზიის წლიური ღირებულება 154.50 ფუნტია. 

გათვალისწინებული შეღავათებიც:

  • უფასო სატელევიზიო ლიცენზია გადაეცემათ 75 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს
  • სატელევიზიო ლიცენზიას ფასდაკლებით იღებს პირი, რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს

რა მოჰყვება ტელვიზიის ლიცენზიის გარეშე მოხმარებას?

2006 წლიდან სატელევიზიო ლიცენზიის გადასახადი სახელმწიფო მოსაკრებლად ითვლება, ხოლო მისი გადაუხდელობა - გადასახადისათვის თავი არიდებად. 

მომხმარებელი, რომელიც ტელევიზიას ლიცენზიის გარეშე უყურებს, შესაძლოა  1000 ფუნტამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდეს. პატიმრობა როგორც სასჯელი გათვალისწინებული არ არის, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირი შესაძლოა დააპატიმრონ. როგორც BBC-ს TV Licensing ოფიციალური წარმოადგენელი განმარტავს, კომპანია სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს, როდესაც ყველა სხვა საშუალება უკვე ამოწურულია და ახალბედა კანონდამრღვევების საქმე სასამართლომდეც არ მიდის თუ თანხას დროულად გადაიხდიან. 

უნდა იყოს თუ არა სატელივიზიო ლიცენზიის გადაუხდელობა დასჯადი და რა მოდელით უნდა ფინანსდებოდეს BBC, ამ საკითხებზე გაერთიანებულ სამეფოში დისკუსიები არ წყდება. 2019 წლის დეკემბერში პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობას სატელევიზიო ლიცენზიის გადაუხდელობის დეკრიმინალიზაციის საკითხის განხილვა დაავალა