ევროინტეგრაცია

სპუტნიკის და Geworld-ის 4 მითი აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ

29 ივნისი, 2020

2020 წლის 19 ივნისს სპუტნიკ-საქართველომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „აღმოსავლეთ პარტნიორობა: ინტეგრაციის იმიტაცია“. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის მთავარი მიზანი ბრიუსელის გავლენის გაზრდა და რუსეთისთვის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებაა. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირი პარტნიორობის წევრი ქვეყნების ეკონომიკას მასზე დამოკიდებულს ხდის და ქვეყნების მიერ ევროპული პროექტების განხორციელების მიუხედავად, არ აძლევს მათ უფლებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთონ.

24 ივნისს მსგავსი შინაარსის სტატია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებსა და გეგმებს “ამხელს”, ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომაც” გამოაქვეყნა. სტატიაში ჟურნალისტი ჯაბა ჟვანია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტერესს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. სტატიაში ასევე განხილულია „სპუტნიკში“ გაჟღერებული მოსაზრებებიც. მაგალითად, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დასავლეთის მიერ შემოთავაზებული ყველა ნაბიჯი (ახალი პოლიტიკური კლასის აღზრდა, მესამე სექტორის განვითარება) მიმართულია “საქართველო–რუსეთის პოტენციური დაახლოების ყველანაირი შესაძლებლობის აღმოფხვრისკენ.“ ასევე, ლორთქიფანიძის ინტერვიუში იკვეთება შემდეგი გზავნილები:

  • ევროკავშირი საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებით ცდილობს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას;
  • მისი მიზანია „იუვენალური იუსტიციის“ დაკანონება;
  • ასოცირების ხელშეკრულება შეიცავს 120 საიდუმლო მუხლს მიგრაციისა და სოციალური ექსპერიმენტების შესახებ.

 “მითების დეტექტორი” გთავაზობთ “სპუტნიკ-საქართველოს” და “საქართველო და მსოფლიოს” ზემოაღნიშნულ სტატიებში გაჟღერებული 4 მითის და რეალური ფაქტების მიმოხილვას.

მითი N1: ასოცირების ხელშეკრულებაში დაახლოებით 120 საიდუმლო პუნქტია

ეს გზავნილი კონსპირაციაა და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ასოცირების შესახებ შეთანხმება საჯარო დოკუმენტია, რომელსაც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გაეცნოს

მითი N2: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების რუსეთთან ინტეგრაციის შესაჩერებლად შეიქმნა.

 „აღმოსავლეთ პარტნიორობა“  შეიქმნა ევროკავშირსა და მის 6 აღმოსავლურ პარტნიორ ქვეყნებს შორის კავშირებისა და ურთიერთობის გასამყარებლად. მისი მიზანი ამ ქვეყნებში 4 ძირითადადი პრიორიტეტისგან შედგება: უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო მტკიცე კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება. “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობა, ისევე როგორც რუსეთთან საგარეო ურთიერთობების განვითარება, თითოული ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანია. მეტიც, ევროკავშირი 1994 წლიდან მოყოლებული ცდილობდა თავად რუსეთთან მშვიდობიან თანამშრომლობას. ასევე, 2014 წლამდე ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალ შეთანხმებაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ ის შეჩერდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. ამის მიუხედავად, ევროკავშირი კვლავ ცდილობს რუსულ საზოგადოებასთან და რუსეთის მოქალაქე ახალგაზრდებთან კავშირის შენარჩუნებას თუნდაც „ერასმუს+“-ის პროგრამით, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს უკეთესი განათლების მიღების საშუალებას.

მითი N3:  „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით წევრი სახელმწიფოებისთვის სარგებელი არ მოაქვს.

როგორც უკვე აღინიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფოების ეკონომიკურად გაძლიერება და მათი განვითარების ხელშეწყობაა. 2009 წლიდან მოყოლებული პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის 1.5 მილიარდი ევრო გამოიყო. შედეგად შეიქმნა 10 000 მდე სამუშაო ადგილი, 20 000 ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი და საწარმოებისთვის გაიცა 100 000ზე მეტი სესხი. გარდა ამისა, ევროკავშირი 140 მილიონი ევროთი დაეხმარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კორონავირუსთან უშუალო ბრძოლაში, ხოლო 700 მილიონი გამოყო ვირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზიანის მარტივად დასაძლევად. ამას გარდა, ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს ეხმარება აგროკულტურის განვითარებაში და ამ ეტაპისთვის მათი დახმარებით 250 000ზე მეტმა ფერმერმა გაიარა ტრენინგი. ამასთან, სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 360 ადგილობრივი განვითარების პროგრამა დაფინანსდა საქართველოს სოფლებში. 

2019 წლის იანვარ-სექტემრის პერიოდში საქართველოდან ევროკავშირში შემდეგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა:

  • ღვინო - ძირითადი საექსპორტო ბაზრები: პოლონეთი (43%), ლატვია (18%), გერმანია (11%), ესტონეთი (8%), ლიეტუვა (8%);
  • ახალი შეყინული ბოსტნეული - ძირითადი საექსპორტო ბაზრები: რუმინეთი (56%), ლატვია (26%), საბერძნეთი (11%), ბულგარეთი (6%);
  • მცენარეები სამკურნალო და პარფიუმერული დანიშნულებით - ძირითადი საექსპორტო ბაზრები: გერმანია (74%), პოლონეთი (20%); 

მითი N4: აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის მიზანია საქართველოში ერთნაირქესიანთა ქორწინების დაკანონება.

აღნიშნული მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც, ზოგადად, ერთნაირქესიანთა ქორწინება არ წარმოადგენს ევროკავშირის არც აღმოსავლეთ პატნიორობის და არც ზოგადად გაერთიანების წევრობის კრიტერიუმს. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ საერთოდ არ ეხება მსგავს საკითხებს. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ამ პროგრამისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მთავარი ფოკუსი სტაბილურობა, ეკონომიკური გაძლიერება და მმართველობის ფორმების გაუმჯობესებაა. 

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობები დამოუკიდებლად წყვეტენ ქორწინებასა და საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ, ევროკავშირს არასდროს განუხილავს წევრ სახელმწიფოებში ან წევრობის კანდიდატ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინების აღიარების საჭიროება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივი რეგულაცია მოქმედებს.

ევროპის ქვეყნების განსხვავებული დამოკიდებულება ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) იურისპრუდენციაზეც აისახა. 2014 წელს ფინეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეში სასამართლომ განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინება არ განეკუთვნებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების კატეგორიას. სასამართლოს დაკვირვებით, ევროპაში არ არსებობდა კონსენსუსი ერთსქესიანი ქორწინების აღიარებაზე და ამდენად, ამ საკითხის რეგულირება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს საკუთარი შეხედულებით შეუძლიათ.

მითი, თითქოს საქართველოს ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს, კრემლის მრავალწლიანი პროპაგანდის გზავნილია.  

"


თურქეთის საკითხით მანიპულაცია

აღნიშნული მითების გარდა,  „სპუტნიკ-საქართველოს“ სტატიაში ავტორის მხრიდან თურქეთის მაგალითი მანიპულაციურად არის მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ნახევარი საუკუნეც არაა საკმარისი. რეალურად, ევროკავშირში გაწევრიანება არა დროზე, არამედ სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული, დემოკრატიული და პროგრესული ნაბიჯების გატარებაზეა დამოკიდებული. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2016 წლის შემდეგ შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი გამოწვეული იყო თურქეთში დემოკრატიული პროცესების შეფერხებით. ევროპარლამენტი ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის თავისუფლების, კორუფციისა და კანონის უზენაესობის საკითხში აკრიტიკებდა, რამაც გამოიწვია მოლაპარაკებების შეჩერება. ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა თურქეთში 2017 წლის 16 აპრილს ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომელიც ეუთომ ევროპული ნორმებისთვის შეუსაბამოდ ჩათვალა. ამასთან, ვერც 2018 წლის სამიტით ვერ შედგა კომპრომისი ევროკავშირსა თუ თურქეთს შორის. უფრო ვრცლად ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობების ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.  აქედან გამომდინარე, თურქეთის სიტუაციის განზოგადება მანიპულაციურია, რაც თესავს ნიჰილიზმს ევროკავშირში წევრობის მიმართ, თითქოს დაპირების მიუხედავად გაერთიანება თავის რიგებში ახალი წევრების მიღებას არ აპირებს.


მოამზადა თამთა თავართქილაძემ,
მითების დეტექტორის ლაბორატორია