პოლიტიკა

Sputnik-Abkhazia-ის დეზინფორმაცია, თითქოს პორტონ დაუნის ლაბორატორია სკრიპალების მოწამვლაში რუსულ კვალს უარყოფს

11 თებერვალი, 2019

2019 წლის 7 თებერვალს Sputnik-Abkhazia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “სკოტლანდ იარდი: სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვიმატანილის შესახებ - გამოძიება გრძელდება”. Sputnik-Abkhazia-ს თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ტყულში გამოიჭირა, რადგან პორტონ დაუნის ლაბორატორიამ უარყო, რომ ნერვული აგენტი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, რუსეთშია დამზადებული.

Sputnik-Abkhazia: “რუსეთმა რამდენჯერმე გააკეთა შეთავაზება ერთობლივი გამოძიების ჩატარების შესახებ, თუმცა ლონდონმა უგულებელყო მისი ინიციატივა და უარი განუცხადა სკრიპალებთან დაკავშირებაზე. [რუსეთის] საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიმ ტერერზე მეი ტყულში გამოიჭირა, რადგან ის ამტკიცებდა, რომ საწამლავი დამზადებული იყო რუსეთში, თუმცა პორტონ დაუნის ლაბორატორიამ ეს ფაქტი უარყო”.

Sputnik-Abkhazia-ს მტკიცება, თითქოს პორტონ-დაუნის ლაბორატორიამ “ნოვიჩოკის” რუსეთში დამზადების ფაქტი უარყო, ტყუილია, რადგან პორტონ დაუნის ლაბორატორიას მსგავსი განცხდება არ გაუკეთებია და მხოლოდ ის განმარტა, რომ მსგავსი საკითხების განსაზღვრა სახელმწიფოს კონმპეტენციაში შედის.

პორტონ-დაუნის ლაბორატორიას არასოდეს განუცხადებია, რომ ნერვული აგენტი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, რუსეთში არ არის დამზადებული.

2018 წლის 4 აპრილს  პორტონ დაუნის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გარი ეიტკენჰედმა Sky News-თან ინტერვიუში  განაცხადა, რომ „ჩვენ შევძელით საწამლავის როგორც „ნოვიჩოკის“ იდენტიფიცირება, რომ ის  სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებაა. ჩვენ არ დაგვიდგენია ზუსტი წყარო, მაგრამ სამეცნიერო მონაცემები მივაწოდეთ მთავრობას, რომელიც საკუთარ დასკვნამდე  მთელი რიგი სხვა წყაროების გამოყენებით მივიდა“. მისი თქმით, ნოვიჩოკი სამხედრო დანიშნულების ნერვული-აგენტია, რომლის დამხადებაც კარგად განვითარებული შესაძლებლობები სჭირდება, რასაც სავარაოდოდ მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება ფლობდეს.

საწამლავის წარმომავლობის შესახებ დასკვნის გაკეთება პორტონ დაუნის ლაბორატორიის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებს სცილდება, რადგან ის მხოლოდ სამეცნიერი კვლევებს ატარებს, აღნიშნული საკითხის დადგენა  კი დაზვერვის საქმიანობას წარმოადგენს.

ტერეზა მეის განცხადებით, “პორტონ დაუნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მთლიანი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია”. ნოვიჩოკის რუსული წარმომავლობის შესახებ დასკვნა დაზვერვისა და სხვა წყაროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდა.

2018 წლის 4 მარტს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ქალაქ სოლსბერიში ე.წ. ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. ბრიტანეთის გამოძიების თანახმად სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილია რუსეთის დაზვერვის 2 თანამშრომელი. ქიმიური იარაღის გამოყენების გამო აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა.